საშინელი ექსპერიმენტი, რომელიც მამამ საკუთარ შვილზე ჩაატარა – ჩვილს მაიმუნთან ერთად ზრდიდნენ და აკვირდებოდნენ…

ისტორიაში ბევრი მაგალითია, როდესაც ბავშვები ცხოველების გვერდით გაიზარდნენ. შედეგად ბავშვები თავისი ქცევის მოდელით ცხოველებს დაემსგავსნენ. მათ ადამიანთა საზოგადოებაში დაბრუნებამაც ვეღარ უშველა. სამაგიეროდ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანის გვერდით გაზრდილ ცხოველს შეეძინა ადამიანის თვისებები. თუმცა მცდელობა ნამდვილად იყო.
1931 წელს ფსიქოლოგმა უინთროპ კელოგმა შვილზე ჩაატარა ექსპერიმენტი – ის ჩვილობიდანვე საკუთარ შვილს შიმპანზეს ნაშიერთან ერთად ზრდიდა და მათ ქცევებს აკვირდებოდა.
კელოგი დაინტერესებული იყო, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ცხოველს ადამიანივით გაზრდიდა. ისწავლიდა ის ადამიანურ ქცევას?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, კელოგმა 1931 წელს შვიდი თვის მდედრი შიმპანზე, სახელად გუა სახლში მიიყვანა. მან და მისმა მეუღლემ მაიმუნის აღზრდა დაიწყეს, თითქოს ის ადამიანი ყოფილიყოს – ისევე ეპყრობოდნენ მას, როგორც ეპყრობოდნენ თავიანთ ათი თვის ვაჟს დონალდს.
დონალდი და გუა ერთად თამაშობდნენ, ერთად იკვებებოდნენ. უინთროპი და მისი მეუღლე მათ რეგულარულ ტესტებს უტარებდნენ, რათა მათი განვითარება ეკონტროლებინათ. ერთ-ერთი ასეთი ტესტი ძაფზე ჩამოკიდებულ ფუნთუშას ეხებოდა. კელოგები ამოწმებდნენ, რა დრო დასჭირდებოდათ მათ აღსაზრდელებს ოთახის შუაში ძაფზე დაკიდებული ფუნთუშის ხელში ჩასაგდებად.
გუა ამ ამოცანებს ყოველთვის უკეთესად ასრულებდა, ვიდრე დონალდი, ფიზიკური განვითარებითაც უსწრებდა ბიჭს. სამაგიეროდ, მაიმუნის ნაშიერმა ენის ათვისების თვალსაზრისით გამოავლინა სრული უუნარობა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, გუას მეტყველების უნარი ადგილიდანაც არ დაძრულა. ექსპერიმენტის სავალალო მარცხი იმაში მდგომარეობდა, რომ თავად დონალდმაც მაიმუნის მიბაძვა დაიწყო და ექსპერიმენტიდან ცხრა თვის შემდეგ, ბიჭუნას მეტყველება მაიმუნისაზე ოდნავ უკეთესი იყო.

ექსპერიმენტის დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ კელოგმა იმედგაცრუება იწვნია. მას არც ჰქონია იმედი, რომ გუა ადამიანივით ლაპარაკს შეძლებდა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ მის მიერ წარმოთქმული ხმები უფრო ახლოს იქნებოდა ჩვენს მეტყველებასთან. ყველაფერი კი პირიქით მოხდა – დონალდმა, რომელიც მაიმუნთან თითქმის აკვანიდან იყო მჭიდრო კავშირში, მოულოდნელად ცხოველის მიბაძვა დაიწყო.
როგორც კი ბავშვის სახის გამომეტყველება და მოძრაობები მაიმუნისას დაემსგავსა და არა ადამიანისას, მშობლებმა ექსპერიმენტი შეწყვიტეს და გუა ანთროპოიდების სადგურში დააბრუნეს.
მიუხედავად იმისა, რომ კელოგმა კვლევა ვერ დაასრულა, მისი ნამუშევარი მაინც გარღვევად ითვლება თანდაყოლილ ინსტინქტებზე გარემოს ზემოქმედების მექანიზმების შესწავლაში. ზოგიერთი მეცნიერი გმობდა დონალდის საცდელ სუბიექტად გამოყენებას, სხვები უარყოფითად რეაგირებდნენ იმაზე, რომ გუა ბავშვობაში დაშორდა დედას და ოჯახს. მაიმუნს დიდხანს არ უცოცხლია. კელოგის სახლიდან წასვლის შემდეგ ერთ წელიწადში გუა პნევმონიით გარდაიცვალა.
დაზუსტებით არ არის ცნობილი, როგორ წარიმართა დონალდის ცხოვრება. ერთ-ერთი ვერსიით, მშობლების გარდაცვალებიდან მალევე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები