“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა წყალი, ეს არის მცდარი ინფორმაცია” – ნინო თანდილაშვილი

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა წყალი. ეს არის მცდარი ინფორმაცია. ამის საპასუხოდ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონაცემები, სადაც ცალსახად და თვალნათლივ, მონაცემების ანალიზის საფუძველზე, იკითხება, რომ მსგავს შეგუბებას წინსწრებით, სტიქიამდე ადგილი არ ჰქონია”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

თანდილაშვილი საზოგადოებას არაზუსტი ინფორმაციების გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ძალიან ბევრი დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებაში. როდესაც ვხედავთ, რომ ასეთი მაღალია ემოციური ფონი და უმძიმესი ვითარებაა სტიქიის ზონაში, სადაც ჯერ კიდევ გარდაცვლილ ადამიანებს ვეძებთ, ყველას მოვუწოდებ, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან შევიკავოთ თავი. ამ დროს ჩვენ უნდა მოვუსმინოთ სპეციალისტებს, ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ მონაცემებს უკეთებენ ანალიზს და კონკრეტულ პასუხებს ამზადებენ კონკრეტულ შეკითხვებთან დაკავშირებით.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ხეობაში მოხდა წყლის დაგუბება და შეგუბებული წყალი რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდებოდა. ეს არის ასევე მცდარი ინფორმაცია. ამის საპასუხოდ ჩვენ გვაქვს კონკრეტული მონაცემები დონემზომი სადგურის, რომელიც მდინარე ჭანჭახზეა განთავსებული, სადაც ცალსახად და თვალნათლივ, მონაცემების ანალიზის საფუძველზე, იკითხება, რომ მსგავს შეგუბებას წინსწრებით სტიქიამდე ადგილი არ ჰქონია. ჩემი თხოვნა იქნება ყველასთან, ვინც ამ საკითხის ანალიზითაა დაკავებული, რომ აუცილებლად მოუსმინონ სპეციალისტებს და საზოგადოებას მივაწოდოთ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია, რადგან ყველა ელოდება ამას. არის ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი, მაღალი ემოციური ფონი და ჩვენ არ უნდა შევიყვანოთ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ დავამძიმოთ ისედაც მძიმე ემოციური სიტუაცია“,- აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები