ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:
“ინგრესია:
* 23 აგვისტო > მზე ქალწულის ზოდიაქოში
* 27 აგვისტო > მარსი სასწორის ზოდიაქოში
რეტროგრადული პლანეტები:
* 23 აგვისტო < მერკურის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება (15 სექტემბრამდე)
* 29 აგვისტო < ურანის რეტროგრადულად მოძრაობის დაწყება (2024 წლის 27 იანვრამდე)
* აგვისტოში ასევე რეტროგრადულია: ვენერა, სატურნი, ნეპტუნი, პლუტონი.
* სავსემთვარეობა – 1 აგვისტოს (22:32 საათზე)
* ახალმთვარეობა – 16 აგვისტოს (13:38 საათზე).
* სავსემთვარეობა – 31 აგვისტოს (5:36 საათზე)
დაძაბული დღეები: 1, 3, 9, 15, 22, 23, 24, 27, 30
ჰარმონიული დღეები: 9, 18, 20, 21
აგვისტო – ასტროლოგიური თვალსაზრისით გამორჩეული იქნება იმით, რომ ორი სავსემთვარეობა იქნება (პირველ და 31 რიცხვში). გარდა ამისა, რეტროგრადულ მოძრაობას შეინარჩუნებს სიყვარულის მმართველი პლანეტა – ვენერა, რომელსაც 23 აგვისტოს – მერკური, 29 აგვისტოდან კი ურანიც შეუერთდება (ფაქტობრივად, აგვისტოში ექვსი პლანეტა იმოძრავებსრეტროგრადულად). აქედან გამომდინარე, აგვისტოს თავისუფლად შეგვიძლია, რომ კარმული თვე ვუწოდოთ.
ვენერას გავლენა მიანიშნებს, რომ აგვისტოში ბევრი პირადი, სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც აქამდეც მყიფე მდგომარეობაში იყო, დაშლის და გაწყვეტის საფრთხის წინაშე დადგება. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ პარტნიორებს გაწყვეტილი, დაშლილი ურთიერთობების რეაბილიტაციის სურვილი გაუჩნდეს.
იქიდან გამომდინარე, რომ ასტროლოგიაში ვენერა – მდედრული ენერგიის პლანეტად მოიაზრება, გართულდება ქალებთან ურთიერთობა. მამაკაცებისთვის ბუნებრივია, ეს პირველ რიგში იქნება სასიყვარულო პარტნიორთან განხეთქილების ალბათობა. გარდა ამისა, მოსალოდნელია გარკვეული წინაღობების შექმნა დედასთან, დასთან, შვილთან (გოგონასთან). აქედან გამომდინარე, ურთიერთობებში საჭირო იქნება კომპრომისზე წასვლა და დათმობა. ბევრი ადამიანი შეიცვლის ჩაცმულობისა და ვარცხნილობის სტილს. შესაძლოა ეს იყოს გარდერობის შევსებაც, ახალი სტილისტის მოძებნაც ან რაიმე მსგავსი სიახლის მოთხოვნილება. გარდა ამისა, ამ თვეში ბევრი ადამიანი გათავისუფლდება არასაჭირო ნივთებისგან, საგნებისგან და იმ მდგომარეობისგანაც კი, რომელიც მის დამუხრუჭებას და განვითარების შეფერხებას იწვევდა. ამიტომ ის ნივთები (მათ შორის სამოსი), რომლებიც წლებია არ იყენებენ, სასურველია მათი გაყიდვა, გაჩუქება ან სულაც გადაგდება. ძველის მოცილებით ხომ გზა ეხსნება ახალს.
მოსალოდნელია ნეგატიური ტენდენციის გააქტიურება საჯარო სამსახურებთან დაკავშირებით. მოსალოდნელია ვიხილოთ სამსახურებიდან გათავისუფლება, თანამდებობიდან წასვლა ან სულაც გადაყენება (ამ კუთხით გამორჩეული იქნება 5-10 აგვისტო).
7-20 აგვისტოს შუალედში მკვეთრად მოიმატებს ხანძრების ალბათობა (მათ შორის მასშტაბური), ამიტომ ყველას ამ მიმართულებით სიფრთხილე მართებს. შესაძლოა ამავე პერიოდში მოიმატოს ინფექციების გავრცელების ალბათობამაც, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებს, მოხუცებსა და ასევე შინაურ ცხოველებს. ჰიგიენა და კონტაქტების შეზღუდვა ერთგვარი პრევენციადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ.
მერკურისა და მარსის ქალწულის ნიშანში მოძრაობა მიანიშნებს ბევრი ყოფითი საკითხის მოგვარებასა და პრობლემის გადაჭრაზე. ბევრი ადამიანის აზროვნების პროცესი ორგანიზებული, ხოლო შრომა დისციპლინირებული გახდება. რაც ბუნებრივია, საერთო მდგომარეობას სასიკეთოდ წაადგება და შედეგების გაუმჯობესებას გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ბევრი ადამიანი დასვენებისთვის იყენებს, ამ წელს ეს თვე საინტერესო იქნება სწავლის დაწყებისთვის ან განახლებისთვის. შესაძლოა ეს იყოს ფორმალური ან თუნდაც არაფორმალური სწავლის დაწყება (რაიმე კურსი, ტრენინგი, სემინარი ან თუნდაც საინტერესო წიგნის წაკითხვა).
აგვისტოს პირველი და მეორე დეკადა სასიკეთო იქნება საოფისე ავეჯის ან ტექნიკის შეძენისთვის, ინტერიერის განახლებისთვის, ასევე საქმიანი მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებების მიღწევისთვის.
აგვისტოს პირველი ნახევარი გამორჩეული იქნება ზედმეტი ხარჯებით, ამიტომ, სასურველია, რომ გასავლები შეიზღუდოს. უფრო მეტიც, ამ პერიოდში ადამიანებს გაუჩნდებათ მიზნის იოლად მიღწევის განცდა და შესაძლოა საკუთარ თავზე გადამეტებული პასუხისმგებლობაც დაიკისრონ, რაც გამართლებული არ იქნება.
16 აგვისტოს ახალმთვარეობა შესაძლოა საკმაოდ რეზონანსული და შოკისმომგვრელი გამოდგეს. ეს შეეხება მსოფლიო მასშტაბის მოვლენებს და განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომს. მოსალოდნელია ამ კუთხით ახალი, მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდეს (+/-2 დღე) და ეს უკრაინის სასარგებლოდ გამოვლინდეს.
23 აგვისტოდან მერკური დაიწყებს რეტროგრადულად მოძრაობას, რაც ნეგატიურად იმოქმედებს ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემაზე, კომუნიკაციებზე, შეხვედრებსა და თუ მოლაპარაკებებზე. თუ აგვისტოს პირველ ნახევარშივე არ მოხდა რაიმე ტიპის შეთანხმებები, მოსალოდნელია აგვისტოს ბოლო კვირაში ის გაიწელოს ან სულაც გადაიდოს (დაკონსერვდეს). ამ პერიოდში გაძლიერდება ნერვული ფონი და შესაძლოა პოლიტიკაში ახალი დაპირისპირებები ვიხილოთ. მოიმატებს ავარიების ალბათობაც. ამიტომ გზებზე გადაადგილებისას ყველას სიფრთხილე მართებს.
23 აგვისტოდან მზე გადაინაცვლებს ქალწულში და დაუპირისპირდება სატურნს, რაც გააძლიერებს მელანქოლიურობას და პესიმიზმის განცდას. ბუნებრივია, ამას განსაკუთრებული ყურადღება იმ ადამიანებმა უნდა მიაქციონ, რომლებსაც ეს ისედაც ახასიათებთ. საჭირო იქნება ოპტიმიზმის და მომავლის რწმენის გაძლიერება.
აგვისტოს ბოლოდან ურანიც რეტროგრადული გახდება. ეს მიანიშნებს ახალ გლობალურ ცვლილებებს, ოღონდ მათი ხდომილების ალბათობა უფრო სექტემბერ-ოქტომბრიდან მოიმატებს. ფაქტობრივად, აგვისტოს ბოლოდან გაჩნდება შემოტრიალების განცდა. თითქოს დინამიკა რაღაც წერტილამდე განვითარდა და შეიცვალა ვექტორი. აქ შეცდომებისგან თავის დაღწევა რაციონალური მიდგომითა და საფუძვლიანი გააზრებით იქნება შესაძლებელი. ეკონომიკა და ფინანსური მდგომარეობა მერყევი იქნება და ეს უფრო მეტად გამოვლინდება შემოდგომით. არ არის გამორიცხული ბევრ ქვეყანაში ინფლაციის დონე კრიტიკულიც კი გახდეს.
მთლიანობაში, აგვისტო შესაძლოა აპრილიდან – ივლისამდე და შემდეგ უკვე სექტემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდების შუალედურ წერტილად მოვიაზროთ. ეს თვე აჯამებს 2023 წლის გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარს და აგეგმარებს 2023 წლის შემოდგომასა და 2024 წლის ზამთრის ჩათვლით პერიოდს. წარსულიდან სწორი დასკვნების გამოტანა კი მომავლის სწორად დანახვასა და მის დაგეგმარებას შეუწყობს ხელს.”-წერს გიგაური.
სხვა სიახლეები