ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში 4 ივნისის სავსემთვარეობის გავლენის შესახებ წერს:
“4 ივნისს, თბილისის დროით 7:42 საათზე სავსემთვარეობა იქნება.
ეს კონკრეტული სავსემთვარეობა მიანიშნებს მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ექვსი თვის წინ დაწყებული პროცესების დამასრულებელ ფაზაში გადასვლას. ტყუპი-მშვილდოსანი – ეს ინფორმაციის და კომუნიკაციის ღერძია, აქედან გამომდინარე, ეს სწორედ რაღაცის სწავლას, ცოდნის მიღებას, საქმიანი თუ პირადი სახის ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემას, ასევე ურთიერთობებს დაუკავშირდება.
მოსალოდნელია ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ინფორმაციის ან ურთიერთობის კუთხით გარკვეული გადაფასებაც კი მოხდეს. მათ გარშემო არსებული სივრცე გათავისუფლდეს ძველისგან და მოვიდეს ახალი. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, აბსოლუტურ ცვლილებას, მაგრამ ეს იქნება ბევრი რამის გადალაგება და შეცვლა.
ეს სავსემთვარეობა ასევე დაუკავშირდება საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას, უცხოეთის თემატიკას (იგივე უცხოელებთან ურთიერთობებს), უმაღლეს განათლებას, ტრენინგებს, სემინარებს და ასევ მოგზაურობას (თუმცა კონკრეტულად 4 ივნისი არასასურველი დღეა მოგზაურობის დასაწყებად).
ეს სავსემთვარეობის პერიოდი (და საერთოდ, ივნისის პირველი კვირა) ასევე დაუკავშირდება ახალი ინიციატივების გამოვლენას, ახალი ინტერესების გაჩენას და ახალი იდეების მოფიქრებას. არ არის გამორიცხული, რომ ბევრმა ადამიანმა სწორედ ამ პერიოდში მიაგნოს მისთვის მნიშვნელოვანი და რთული საკითხის მოგვარების გზას. საერთოდ, ივნისის პირველ კვირაში (პიკი: 3-5 ივნისი) მოფიქრებული იდეების მომენტალური რეალიზება ნაკლებად რეკომენდებულია. სასურველია ისინი კარგად მოერგოს არსებულ სიტუაციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მათი რეალიზაცია.
ნეგატიური კუთხით, შესაძლოა ეს იყოს ურთიერთობების გართულება, ინფორმაციის „ჩაკეტვა“, რაიმე თემის „გაყინვა“, ამიტომ სასურველია ასეთი სიტუაციისთვის არსებობდეს გეგმა B, რომელიც ფორს-მაჟორულ სიტუაციაში განხორციელდება.
ამ სავსემთვარეობას (4 ივნისს), მზე და მთვარე – სატურნთან ერთად შექმნიან პლანეტების ნეგატიურ კონფიგურაციას, ე. წ. „ტაუ-კვადრატს“, რომელიც მიანიშნებს მელანქოლიურ, ასე ვთქვათ, „დეპრესიულ“ განწყობაზე. თუმცა 5 ივნისიდან უკვე ეს ნეგატიური განცდა უკან დაიხევს და 6 ივნისიდან ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა ერთიორად გაძლიერდება.
ყველას ჰარმონიულ სავსემთვარეობას გისურვებთ!”- წერს ასტროლოგი.