კახა ხუნწარია: „საფრთხეში მაშინ ხარ, როდესაც დაუცველი ხარ, ვაქცინა კი გვიცავს“

საერთაშორისო დონის მწვრთნელი ტანვარჯიშში კახა ხუნწარია მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ გადარჩენის ერთადერთ საშუალებაზე უარის თქმა, მხოლოდ და მხოლოდ ტოტალური გაუნათლებლობის მიზეზით აიხსნება.

როგორც ის აღნიშნავს, ადამიანებმა უნდა გაიგონ, რომ აცრა არ არის საფრთხე, რადგან, მისი განმარტებით, საფრთხეში მაშინ არის ადამიანი, როდესაც დაუცველია, ვაქცინა კი გვიცავს.

„პანდემიამ ტანვარჯიშს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოში. ერთი ვარჯიშის გაცდენაც კი ძალიან დიდ უკან გადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს ჩვენს სფეროში და, მით უმეტეს, როდესაც ამდენი ხანს ვერ ვარჯიშობ, შეჯიბრებებზეც ვერ გამოდიხარ სპორტსმენი, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულ ზიანს გაყენებს, როგორც პროფესიონალს. ალბათ ყველა სპორტისთვის ასეა, მაგრამ განსაკუთრებით ტანვარჯიშისთვის ძალიან დამღუპველია ყოველი ჩავარდნა, გაცდენა. მერე ახლიდან იწყება – მომზადება, პროგრამამდე მიღწევა, დახვეწა, ამასობაში გადის დრო და საერთაშორისო კონკურსები უჩვენოდ ტარდება ან საერთოდ არ ტარდება. ეს ძალიან ცუდი შედეგების მომტანია ნებისმიერი სპორტსმენისთვის.

უნდა დავასრულოთ პანდემია და ყველა უნდა ავიცრათ. ეს ყველა – ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია თუ რაც არის, განპირობებულია ტოტალური გაუნათლებლობით. უნდა გაიგონ ადამიანებმა, რომ აცრა არ არის საფრთხე. საფრთხეში მაშინ ხარ, როდესაც დაუცველი ხარ, ვაქცინა კი გვიცავს. აქამდეც ხომ ბევრი აცრა იყო, ისინი ხომ კარგებია, ასეთივე აცრაა ესეც. არ ვიცი, ამას ვინმე შეგნებულად აკეთებს თუ მართლა ასეთი ბნელები ვართ, რომ გადარჩენის ერთადერთ საშუალებაზე უარს ვამბობთ, არ ვიცი.

მოვუწოდებ ყველას, სათითაოდ, აიცერით, თუ გინდათ, რომ საქართველო მალე დადგეს ფეხზე”, – განაცხადა კახა ხუნწარიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები