უძლიერეს კაცთა და მთიელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი: „ერთმანეთი თუ არ დავიცავით, ეს ვირუსი არსად გაქრება, ყველა უნდა ავიცრათ“

„ერთმანეთი თუ არ დავიცავით, ეს ვირუსი არსად გაქრება. ამიტომ უნდა ყველა ავიცრათ“, – საქართველოს უძლიერეს კაცთა და მთიელთა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, ავთო ახვლედიანი აცხადებს, რომ ვაქცინა საშიში არ არის, პირიქით ის გვიცავს.

როგორც „სთრონგმენი” ამბობს, ვაქცინაციის რელიგიასთან დაკავშირება არასწორია, რადგან ის არ ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას.

„პანდემიის გამო, სპორტი, როგორც ყველა სხვა სფერო, ძალიან დაზარალდა. განსაკუთრებით მაშინ, სანამ ვაქცინაცია დაიწყებოდა და „ლოკდაუნი“ იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ- ბევრ სხვა ქვეყანაშიც. გადაიდო შეჯიბრებები, ისე აქტიურად ვეღარ ვვარჯიშობდით, როგორც საჭიროა და ამან საკმაოდ უკან დაგვხია. მას შემდეგ, რაც იმუნიზაციის პროცესი დაიწყო, ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. მით უფრო, როცა პროფესიონალ სპორტსმენებს ხშირად გვიწევს საზღვარგარეთ წასვლა, აღარც პრობლემა გვექმნება ამის გამო და ძირითადად უმრავლესობა აცრილი ვართ. თუმცა არიან აუცრელებიც, ამიტომ ვაპირებთ დარბაზში ექიმების მოწვევას და ყველას ერთად აცრას, რა თქმა უნდა, სათანადო რეკომენდაციებისა და რეგულაციების დაცვით.

რაც შეეხება უშუალოდ ვაქცინაციას, მე თვითონაც ვაქცინირებული ვარ. პირველ რიგში ავიცერი, რათა დაცული ვიყო მეც და ჩემ ირგვლივ მყოფი ადამიანებიც, რათა აღარ გავრცელდეს ვირუსი ასე მასშტაბურად. მეორე – ის, რომ ჩვენ, სპორტსმენები, ჯანსაღ ცხოვრებას მივდევთ, ერთგვარი პროპაგანდისტებიც ვართ და ყველა თუ ავიცრებით, იმედი მაქვს, მაგალითი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეშინია. ვაქცინა არ არის საშიში, პირიქით – გვიცავს.

ერთმანეთი თუ არ დავიცავით, ეს ვირუსი არსად გაქრება. ამიტომ ყველა უნდა ავიცრათ. ჩვენთანაც 50% ვაქცინირებული ვართ და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია – არც ჯანმრთელობის და არც სხვა მხრივ. მით უმეტეს, როცა ამას რელიგიას უკავშირებენ. ჩვენ თვითონაც ძალიან მორწმუნეები ვართ, ზოგი შავ ბერებთანაც ვცხოვრობთ და რელიგიას არანაირად არ ეწინააღმდეგება ვაქცინაცია”, – ამბობს ავთო ახვლედიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები