ამირან გიგუაშვილი: „8 დღე ვიწექი კლინიკაში და რეანიმაციაში აცრილი ადამიანი არ მინახავს“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ამირან გიგუაშვილი საკუთარ
გამოცდილებას გვიზიარებს, როგორ დავამარცხოთ კოვიდი მარტივად და ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებს.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„არ ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ვფიქრობ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჯერ არ გაუვლია ეს განსაცდელი ან ახლა გადის და ნერვიულობს, მნიშვნელოვანია ჩემი კოვიდგამოცდილების გაზიარება.
პირველი, თუ მაღალი სიცხეები სამ დღეს ან მეტხანს გაგრძელდა და სატურაცია იკლებს, არ დაიწყოთ ექსპერიმენტები და საკუთარი თავის გამოცდა. ეგრევე გადადით კლინიკაში. შეუძლებელია იმ ჩაღრმავებული მკურნალობის და კვლევების სახლის პირობებში ჩატარება, რასაც კლინიკაში მიიღებთ.
გარდა ამისა, არ დაკარგოთ იმედი და არ გადაწყვიტოთ, რომ უნდა მოკვდეთ. ეგ არის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იარაღი თქვენს არსენალში. დღეს უკვე იმდენი გამოცდილება დაგროვდა კოვიდის მკურნალობის მიმართულებით, რომ თუ დროულად მიმართავთ ექიმს, აუცილებლად გამოჯანმრთელდებით.
ყველა ექიმი, ექთანი და სანიტარი ჩვეულებრივი გმირია. შეუძლებელია იმ შრომის და თავდადების სიტყვებით გადმოცემა, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ ყოველდღიურად.
მე ვნახე სტუდენტები, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად გიდგამენ სისტემას. გითენებენ ღამეეებს და ცდილობენ, გაგახალისონ. შენთან ერთად უხარიათ სატურაციის აწევა და შენთან ერთად ითვლიან პულსს. ვნახე ექიმები, დაღლილობისგან ფეხზე რომ ძლივს დგანან. მინიმუმ ორჯერ აქვთ მოხდილი კოვიდი, მაგრამ მზად არიან, ყოველ საათში ერთხელ დეტალურად აგიხსნან, რომელ პროცედურას რა დანიშნულება აქვს და რომელ გადასხმას რა შედეგი უნდა მოჰყვეს. რვა დღე ვიწექი კლინიკაში და არც ვიცი, როგორ უძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ასეთ დატვირთვას.
და კიდევ, მე რეანიმაციაში აცრილი პაციენტი არ მინახავს. დარწმუნებული ვარ, ჩემმა აცრამ დამიცვა უფრო მეტი გართულებისგან, ამიტომ არავითარი კითხვა არ არსებობს აცრის აუცილებლობასთან და „ბუსტერდოზასთან“ დაკავშირებით.
სიტყვებით არ შემიძლია გადმოვცე ის მადლიერება, რასაც თითოეული ზარის და სმს შეტყობინებისას ვგრძნობდი. არსებობს ენერგეტიკა, რომელსაც იქ, პალატაში, აუცილებლად გრძნობთ და გაძლიერებთ, თუნდაც ტელეფონზე პასუხის თავი არ გქონდეთ. ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა და გვერდით დგომისთვის.
და ბოლოს, უღრმესი მადლობა ჩემს მკურნალ ექიმს, ახალგაზრდა ნიჭიერ და გაბედულ კაცს, ირაკლი გოროზიას. რომ არა მისი რისკიანი გადაწყვეტილებები და თავდაჯერებულობა, არც ვიცი, რა და როგორ იქნებოდა. მადლობა თბილისის მედიცინის ინსტიტუტს , პროფესიონალიზმისთვის.
დიდი მადლობა ჩემს ძვირფას – ექიმს მაკა ლორთქიფანიძეს და, რა თქმა უნდა, სამედიცინო ცენტრ „ციტოს“, რომელიც პირველივე დღიდან ზრუნავდა ჩემზე.
მოკლედ, ძალიან გრძელი პოსტი გამომივიდა, მაგრამ ემოციაც ბევრი დაგროვდა ამ რთულ დღეებში.
ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ.
აიცერით აუცილებლად!” – წერს გიგუაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები