სოფო ხეთაგაშვილი: „როგორც კი ვაქცინა შემოვიდა, იმედი გამიჩნდა, რადგან კაცობრიობის ხსნა ყოველი პანდემიის დროს ვაქცინაციაა”

„კაცობრიობის ხსნა ყოველი პანდემიის დროს ვაქცინაციაა, ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს გზები ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს და სწორედ, წითელაც, ქუნთრუშაც, ყვავილიც და სხვა დაავადებებიც ვაქცინებით დამარცხდა“,- აცხადებს ჟურნალისტი სოფო ხეთაგაშვილი და აცრის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც ის ამბობს, თავად აიცრა, რომ გაუფრთხილდეს საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც.
„ ერთი ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ვარ ჩემი ქვეყნისა, ადამიანი, რომელსაც სტკივა ის,
რაც დღეს ხდება პანდემიის ირგვლივ, ის, რომ ადამიანები დაიყვნენ…
ნუ დავიყოფით, პირიქით – გავერთიანდეთ და დავამარცხოთ სიკვდილი, დავამარცხოთ პანდემია!
ნებისმიერ დაავადებას რომ დროული მკურნალობა სჭირდება, ეს არც აქსიომაა და არც აქილევსის ქუსლი ისევე, როგორც ჭორი, მაშინათვე თავშივე დროულად რომ უნდა ჩავახრჩოთ.
დიახ , დროული მკურნალობით დავიწყე…
ეს იმიტომ, რომ მე პირადად გამოვცადე. 50 წელზე მეტია ვებრძვი ქრონიკულ ბრონქიალურ ასთმას, რომელმაც ბევრი სხვა დაავადება შემძინა, მაგრამ მართვა შევძელი..
და დღეს, აქამდე მოვედი….
სიმართლე რომ გითხრათ, პანდემია რომ დაიწყო, ვიფიქრე, ვაიმე, რომ შემხვდეს, ბოლოს მომიღებს-მეთქი, ძალიან ვფრთხილობდი (სასუნთქ გზებზე ხომ ურტყამს)… დამოკიდებული ვარ სასუნთქ პრეპარატ სერეტიდზე…
როგორც კი ვაქცინა შემოვიდა, იმედი გამიჩნდა, რადგან კაცობრიობის ხსნა ყოველი პანდემიის დროს ვაქცინაციაა. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ეს გზები ჩვენმა წინაპრებმა გაიარეს და სწორედ, წითელაც, ქუნთრუშაც, ყვავილიც და სხვა დაავადებებიც ვაქცინებით დამარცხდა. ეს უახლოესი წარსულია…
ძალიან ალერგიული ვარ (განსაკუთრებით – რამდენიმე პრეპარატზე). უამრავ თანხლებ დაავადებასთან ერთად, თავიდან, ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ცოტა არ იყოს, ვფიქრობდი, რომ ავიცრა, ალერგია არ მომცეს-მეთქი, მაგრამ ხსნაც რომ არ ჩანდა? და დავჯავშნე აცრა „ფაიზერზე“… თუმცა წნევები მქონდა და გადაიდო. მერე კი ავიცერი (ორივეჯერ „სინოფარდით“) და თქვენ წარმოიდგინეთ – არაფერი!
მშვენივრად ვგრძნობ თავს. ახლა სეზონური გრიპის აცრაც ჩავიტარე..
პირველ რიგში, ავიცერი იმიტომ, რომ დავიცვა ჩემი თავი, იმიტომ, რომ მსურს სიცოცხლე, იმიტომ, რომ გავუფრთხილდე სხვებსაც, იმიტომ, რომ მიყვარს ადამიანები, ადამიანები, რომლებიც იღიმებიან და ეს ღიმილი რომ შევუნარჩუნოთ – უნდა ავიცრათ! დიახ, ავიცრათ და დავიცვათ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფნი.
მე არავის არაფერს მოვუწოდებ, მაგრამ არ მესმის ის, რაც ხდება? თუ ახლა ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად 1000 ლარს დააწესებენ, მაშინ გადავდგამთ ნაბიჯს?!
…გაივლის დრო და ჩვენ, ისედაც მცირე ერი, უფრო ცოტანი რომ ვიქნებით, მომავალი თაობა რას იტყვის? რას ვეტყვით ჩვენ და რას იტყვიან ისინი?! ამაზე დაფიქრებულხართ? ერთი ქართული ფილმი გამახსენდა, „შავი ჭირის“ გამო ტყეში რომ გარბიან… მაგრამ ჭირმა იქაც მიაგნო სასულიერო პირებსაც და უბრალო მოკვდავებსაც… ასეა, ბატონო, ავიცრათ და წერტილი”,- ამბობს სოფო ხეთაგაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები