ქეთი გაბისიანი: „გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – ვაქცინაცია!“

 

„ამ ვითარებაში გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, და ეს არის ვაქცინაცია“, – ამის შესახებ კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი აცხადებს.
კომპოზიტორი კულტურის სფეროში პანდემიის მიერ მიყენებულ ზარალზე საუბრობს და ამბობს, რომ ვაქცინაცია კოვიდპანდემიის დაძლევის ერთადერთი გამოსავალია.
„თავად დიდი ხანია, რა თქმა უნდა, აცრილი ვარ, იმიტომ რომ, ჩემი აზრით, ამ სიტუაციაში გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – ვაქცინაცია. მე არავის ვმოძღვრავ, თუმცა კარგი იქნება, რომ ადამიანები გვერდით მდგომი მოქალაქეების აზრსაც გაითვალისწინებენ. ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა.
ამ პანდემიამ ყველა სფერო დააზარალა. მაგალითად, კულტურის სფეროში რთული ვითარებაა, რასაც ჩემი კოლეგები ძალიან განიცდიან. მოგეხსენებათ, მუსიკოსები, მეტწილად, საქართველოში კაფე-ბარებსა და კლუბებში მღერიან. ამიტომ ამ მხრივ ძალიან სავალალო ვითარებაა. თითქოს რაღაც გამონათებები იყო, კულტურის სამინისტროს მხრიდან ჩართულობებსა და აქტივობებს ვგულისხმობ, მაგრამ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ მასობრივი სახე არ ჰქონია.

ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ვერ დაინახო ადამიანმა, ნამდვილად არ მინდა, თითის ქნევა დავიწყო, რადგან ადამიანი მაინც გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს, მაგრამ ეს რთული სიტუაცია იმდენად თვალსაჩინოა, რომ თუ ვაქცინაცია არა, მაშინ რა?! ძალიან მაინტერესებს ამაზე პასუხი. უბრალოდ, ვაქცინაციის გარდა სხვა გამოსავალი არ არსებობს “,- ამბობს ქეთი გაბისიანი.

კომენტარები

სხვა სიახლეები