თაკო დოლაბერიძე: „აიცერით! – მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, ერთმანეთიც უნდა გადავარჩინოთ“

„არასდროს ვყოფილვარ აცრების მოყვარული, თუმცა  ახლა არის ის შემთხვევა, რომ ამის გარდა ვერაფერი გადაგვარჩენს“, – ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, covid-19-ის გამო, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა, რაც ჩვენნაირი პატარა ერისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია. როგორც თაკო დოლაბერიძე აღნიშნავს, ყველა უნდა ავიცრათ, რათა გადავარჩინოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე ირგვლივ მყოფი ადამიანებიც.

„როდესაც შემოვიდა ვაქცინები, რომლებიც ჩემი ასაკობრივი ჯგუფისთვის იყო განკუთვნილი, გავიკეთე „სინოფარმის” ვაქცინა. ორი დოზით ვარ აცრილი და ერთ თვეში ვაპირებ „ბუსტერდოზის“ დამატებას. ორი თვის წინ გადავიტანე კორონავირუსი, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ, და ვფიქრობ, ამაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა იმან, რომ აცრილი ვიყავი. ეს არ იყო ჩვეულებრივი გაციება, რომელიც ხშირად გვემართება ყველას. მსგავსი რამ პირველად დამემართა და ძალიან არასასიამოვნო შეგრძნება იყო, მით უმეტეს, როცა მთელი 20 დღე გამოკეტილი ვიჯექი სახლში და თავი პატიმარი მეგონა. აღარ მინდა, რომ მეორედ გამოვცადო ასეთი რამ.

რაც შეეხება, ზოგადად, აცრებს, არასდროს ვყოფილვარ მათი მოყვარული, ბავშვობის მერე არცერთი აცრა გამიკეთებია. თუმცა ახლა არის ის შემთხვევა, რომ ამის გარდა ვერაფერი გადაგვარჩენს. ყველამ გაიკეთა აცრა ჩემ ირგვლივ – ჩემმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა. ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია და პირბადე, რომელიც გვიცავს.

ისედაც უამრავი ადამიანი დაგვეღუპა ირგვლივ  ამ ვირუსის გამო – არა მარტო მეგობრები, ახლობლები, ნათესავები, ბებიები და ბაბუები. პატარა ერი ვართ. ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, მით უფრო, ამ ქალაქში [თბილისში] და საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიწირა კორონავირუსმა. ამიტომ, მხოლოდ საკუთარი თავი კი არა, ერთმანეთიც უნდა გადავარჩინოთ. ერთადერთი გზა არის, რომ ყველა აიცრას და იქნებ ასე მაინც გადავარჩინოთჩვენი თავი და ჩვენ ირგვლივ ადამიანებიც“, – თქვა თაკო დოლაბერიძემ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები