“დავპირდი, რომ ცოცხალს ამოვიყვანდი და ამოვიყვანეო” – ბათუმის ტრაგედიის ემოციური ისტორია

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში არაერთი სტატუსი ეძღვნება.

სოცქსელის მომხმარებელი ემოციურ ისტორიაზე წერს, რომელიც ნანგრევებში გადარჩენილ ერთადერთ ადამიანს და მის გადარჩენაში შეტანილ წვლილს უკავშირდება.

“იმ საშინელ დღეს, როცა ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებდნენ, ერთი ახალგაზრდა კაცი ტრაგედიის ადგილს არ შორდებოდა. შორიდან ვუყურებდი, მივხვდი, რომ მაშველი არ იყო, როგორც ჩანს, მისივე უსაფრთხოებისთვის, არ ანებებდნენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას.
მერე ჩაფხუტიც მისცეს და ნიჩაბიც, ეტყობა, ვერ “მოიშორეს”, ვერ დაარწმუნეს, რომ გვერდით მდგარიყო.
პოლიციამ ეზოში გაჩერების უფლება არ მოგვცა ჟურნალისტებს, სადარბაზოებში შევცვივდით და მეზობლებმა შეგვიშვეს, მათი აივნებიდან, ზემოდან, უკეთესად ჩანდა, როგორი თავგანწირვით იბრძოდა ყველა იმ ადამიანების გადასარჩენად, ეს ბიჭი კი _ განსაკუთრებით. დაღლილი, გასავათებული მაშველები ერთმანეთს ცვლიდნენ, ის კი არ ჩერდებოდა.
რამდენიმე საათის შემდეგ გავიგეთ, რომ ერთ-ერთ დაზარალებულთან კომუნიკაცია შედგა. ეს ახალგაზრდა იმ ადგილს გააფთრებული წმენდდა, დროდადრო ნანგრევებში მოყოლილ ადამიანს ესაუბრებოდა, ამხნევებდა.
ის კაცი გადარჩა, სწორედ მისი ძალისხმევით გადარჩა
მეორე დღეს რომ მივედი, სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა.
შემთხვევით შევხვდი ეზოში, გავაჩერე, ვკითხე სახელი, ლუკა ჩორგოლაშვილი ვარო, მითხრა. ძალიან წუხდა, რომ სხვები ვერ გადაარჩინა. იმ ადამიანს დავპირდი, რომ ცოცხალს ამოვიყვანდი და ამოვიყვანეო. დაღლას ვერ ვგრძნობდი, ცრემლები თავისით მომდიოდა, არ მინდოდა დაჯერება, რომ ვერ ვუშველიდით, ვერ გადავარჩენდით სხვებსო.
“ბათუმის წყალში” ვმუშაობო, მითხრა. მეგობრებში არ მყავს და ასე საჯაროდ ვეტყვი, რომ ნამდვილი ადამიანია, ანუ ისეთია, როგორიც ყველა ადამიანი უნდა იყოს. ჩემი პირადი პატივისცემა და მადლობა მას”, – წერს სოციალურ ქსელში ნაზიბროლა რეხვიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები