ვოლსკი: სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მე პირადად მომწონს

“ქართული ოცნების” ერთერთი ლიდერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ პირადად მას სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მოსწონს. ასე მან “ფორმულას” ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, იგულისხმა თუ არა მისივე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჩცდ, როცა თქვა, რომ “ბილწსიტყვაობა სერიალებით დაიწყო”.

“სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები” მე პირადად მომწონს, მომწონდა  – ყოველ შემთხვევაში, რამდენჯერაც თვალი მოვკარი, კარგი იუმორით იყო. გინება და ბილწსიტყვაობა კინოფილმებში ერთია და პოლიტიკურ გადაცემების წამყვანების ცალკეულ გამოსვლებში – მეორე.

ბილწსიტყვაობა, ზოგადად, დამკვიდრდა და არა მხოლოდ ფილმებში, არამედ გადაცემებში, პროგრამებში და არაერთხელ მოგვისმენია კონკრეტულ ტელევიზიებში. თქვენგან არა, მაგრამ არის ტელევიზიები, სადაც ჩვეულებრივი ამბავია დედის შეგინება. “ტვ პირველიც” იმით განსხვავდება “მთავარი არხისგან”, რომ აქ არ იგინებიან, თქვენც არ იგინებით”, – უთხრა ვოლსკის “ფორმულას” ჟურნალისტს.

გუშინ, 16 თებერვალს ირაკლი კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა, რომ ბილწსიტყვაობა სერიალებით დაიწყო “პარტიულ ტელევიზიებში და ოპოზიცია აჩვევს ყურს ქართული ენის შეურაცხყოფას”:

“ბილწსიტყვაობა არაა ადამიანის სიავის გამოვლინება, ესაა მიზანმიმართული პოლიტიკა. თუ დააკვირდებით, პოლიტიკური ბილწსიტყვაობით არ დაწყებულა ეს პროცესი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ პარტიულ ტელევიზიებში. თავიდან დაიწყო სერიალებით, იქ ხდებოდა ყურის შეჩვევა ბილწსიტყვაობით. აქაც ჩანს, რომ კონკრეტული ელემენტი ჩვენი ეროვნული იდენტობისა არ მოსწონს, არ სიამოვნებს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ისინი მიზანმიმართულად, სხვადასხვა ფორმით, ბილწსიტყვაობით აჩვევენ ყურს იმას, რომ შეიძლება, საკუთარი ენა, ქართული ენა შეურაცხყო”, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები