ტვინი უნდა დაგვეტანებინა, ჩვენი შეცდომაა – დიღმელაშვილი მაკო გომურის სტატუსზე განმარტებას აკეთებს

მოძრაობა ,,სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი სოციალურ ქსელში მაკო გომურის საშვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, თუ რატომ იყო მის სახელზე საშვი და რატომ აღმოჩნდა, რომ გომური პარლამენტთან საერთოდ არ იმყოფებოდა.

,,მაკოს საშვის შესახებ: მოკლედ, 4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია, მაგრამ ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი, რაღა თქმა უნდა, გამართლდა – ვინც არიან, იმათ არ უშვებენ.

გუშინ გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა “სისტემამ გაჭედა”, კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს – შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს,”- წერს დიღმელაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები