“​აშკარად ვიღაც მფარველობს, მთელი ოჯახი გაგვანადგურა ამ გოგომ” – აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედა შეურაცხადად ცნეს

აღაიანში საკუთარი 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გოგონას სამედიცინო ექსპერტიზამ შეზღუდული შეურაცხადობა დაუდგინა. როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილი ბავშვის მამიდამ, ნონა დვალიშვილმა განუცხადა, გოგონას ფსიქიკური პრობლემების არაფერი ეტყობოდა, ვიღაც მფარველობს და ეს დასკვნა სასჯელის შემსუბუქებას ემსახურება.

“ახლა გახდა ეს ინფორმაცია საჯარო, თორემ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოზე იყო წარმოდგენილი. შოკში ვართ მთელი ოჯახი, ჯერ იმით რომ სასჯელის მინიმუმი მიუსაჯეს და ახლა ნაწილობრივ შეურაცხადად გამოიყვანეს. მაგას სიგიჟის და შეურაცხადობის არაფერი ეტყობოდა. ჩვენი რძალი იყო და ამდენი ხნის მანძილზე შევატყობდი რამე ფსიქიკური პრობლემა რომ ჰქონოდა. ერთი დასკვნა გამოგვაქვს, ყველაფერი ეს ემსახურება იმას რომ ან სასჯელი კიდევ უფრო შეუმსუბუქონ ან საერთოდ გამოუშვან. აშკარად ვიღაც მფარველობს. მთელი ოჯახი გაგვანადგურა ამ გოგომ და კიდევ რამე გამამართლებელს უძებნიან?”, – განაცხადა ნონა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახით, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

კომენტარები

სხვა სიახლეები