ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო აღმოაჩინეს (ფოტო)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს.
ფრინველთა ეს სახეობა ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, სავარაუდოდ ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა. ფლამინგო პარკის რეინჯერმა გაგიკა მიკოსიანმა აღმოაჩინა და მას დახმარება გაუწია.
ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლამინგოს გამოჩენის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამ სახეობის წარმომადგენელი 2016 წელსაც შენიშნეს. ტბებით, უნიკალური ჭაობებით, სუბალპური და ალპური მდელოებით მდიდარი ჯავახეთის ეროვნული პარკი მადათაფის, სულდის, ხანჩალის,კარწახისა და ბუღდაშენის აღკვეთილებს აერთიანებს. იგი ჯავახეთის ზეგანზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს. აქ გადის ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დერეფანი, მათ განსაკუთრებით იზიდავს ხანჩალის ტბა – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თბილი და პატარა ტბა. მისი სიღრმე 80 სმ შეადგენს, ხოლო ანკარა წყალი ფრინველებს თევზების დაჭერაში უწყობს ხელს. ჯავახეთში წლის სხვა და სხვა დროს, 140 სახეობის მობუდარ და გადამფრენ ფრინველთა ნახვაა შესაძლებელი
ფლამინგოებს გრძელი წვრილი ფეხები და მოქნილი კისერი აქვთ. გავრცელებულნი არიან ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ცენტრალურსა და სამხრეთ ამერიკაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები