“ჩემი შვილი ლესბოსელია და მე ის მიყვარს”

“ჩემი შვილი ლესბოსელია” – ამ სათაურით სოციალურ ქსელში ემოციური წერილი ვრცელდება.
“ჩემი შვილი ლესბოსელია”
ჩემი შვილი ლესბოსელია. აქვს მოკლე თმა, წითელი ტუჩები, პატარა მკერდი და გრძელი ფეხები.
ბავშვობისას ჩემს შვილს აბრეშუმის თმა ჰქონდა და ვარდისფერი კაბა ეცვა.
ახლა ჯინსი და კუბოკრული პერანგები უფრო უხდება.
ერთ დილას, მე რომ ჩაის ვსვამდი, პურზე კარაქს ვისვამდი და გაზეთებს ვათვალიერებდი, თავზე დამადგა და მშვიდი ხმით მითხრა:
– დე, მე ლესბოსელი ვარ.
გაზეთი დავხურე, ავხედე, გამხდარ თითებზე ვაკოცე, როგორც ბავშვობისას და ვუპასუხე:
– მერე რა, დე. ჩაი არ გინდა?
– ახლა არა, საღამოს იყოს – მიპასუხა, ჩემი კარაქიანი პური ჩაკბიჩა, თმა ამიჩეჩა და კარი გაიხურა.
მისი ნაკბეჩი კარაქიან პურზე ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩემი, შენი, იმისი.
ჩემი შვილი ლესბოსელია.
აქვს მოკლე თმა, წითელი ტუჩები, უხდება ჯინსები და ჭრელი კედები.
თვალებით მგავს მე, გამოხედვით – მამას, კარაქიან პურზე ნაკბეჩით კი  – მთელს კაცობრიობას…
ჩემი შვილი ლესბოსელია და მე ის მიყვარს”, – ვკითხულობთ წერილში.

კომენტარები

სხვა სიახლეები