ჩემი კაბის სიგრძე მუხლს უნდა ფარავდეს – რა შეზღუდვები აქვს დავით ნარმანიას ცოლს?

გაზეთი „პრაიმტაიმი“ თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეორე ნახევართან თინა თინიკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს და მათი – ლექტორისა და სტუდენტის სიყვარულის ისტორიაზე წერს. როგორც აღმოჩნდა, მერის ცოლს ახლა თავისი თავისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესება უწევს.
– ადრე თუ მაკიაჟის გარეშე გარეთ გასვლის უფლება მიმიცია თავისთვის, ახლა ამის უფლებას ვეღარ ვაძლევ. ფორმაში უნდა ვიყო. არის ეტიკეტის დაცვის აუცილებლობაც. მაგალითად, თუ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ჩემი კაბის სიგრძე მუხლს უნდა ფარავდეს, გამჭვირვალე კოლგოტი უნდა მეცვას… ზედმეტი სალაპარაკო რომ არ ჰქონდეთ, მეც ვცდილობ ეტიკეტი დავიცვა.
– თქვენი მისამართით კრიტიკა გსმენიათ?
– არ ვარ სოციალურ ქსელებში აქტიური, ამისთვის დროც არ მრჩება. არც გამიგია, რომ რაიმე კრიტიკა დაეწეროთ. ეტყობა მეტ-ნაკლებად ვაკმაყოფილებ მოთხოვნებს.
– სად იმოსებით?
– ვიკერავ. მყავს მკერავი, ვისაც ჩემს დიზაინს მივუტან და ყველაფერს მიკერავს
– ქვედაბოლო იქნება თუ კაბა. მე კმაყოფილი ვარ. ჩემს გარდერობში კაბები და პიჯაკები მომრავლდა.
– ბატონ დავითს ხომ არ ეხუმრებით, შენმა თანამდებობამ ჩემი კაბის სიგრძე დააგრძელაო?
– ჯერ არ მიწუწუნია. ცოტა რომ მომბეზერდება, შეიძლება დავიწყო.
– პოლიტიკოსის ცოლობას რა მინუსი აქვს?
– უნდა აკონტროლო გარეგნობა, ჩაცმა, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიწევს. მოწესრიგებული უნდა იყო. უნდა დაფიქრდე და მერე უნდა თქვა სათქმელი. ნერვიულობაც მიწევს, როცა დათოზე დაწერილ ნეგატიურ რაიმეს ვკითხულობ. ზოგს მოსწონს, ზოგს
– არა, ზოგი განსაკუთრებულად მძაფრად გამოხატავს სათქმელს. ამ ყველაფერს თავისუბურად განვიცდი. თუმცა ნელ-ნელა შევეგუე, მაგრამ მაინც. – ერთად შოპინგობთ?
– ეს დათოსთვის აუტანელი პროცედურაა და ამიტომ მე მიწევს მისთვის სამოსის ყიდვა. ყველაფერს მე ვურჩევ, ისიც მენდობა.
– შეეგუეთ მერის ცოლობას?
– მერის ცოლობა, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებლობაა, არაფერ განსაკუთრებულს არ გულისხმობს. განსაკუთრებული პრივილეგიით არ მისარგებლია.
– მერიაში მერ მეუღლესთან სტუმრად დადიხართ?
– რაც დათო მერი გახდა, მის კაბინეტში არ ვყოფილვარ. როცა მინისტრი იყო, სამინისტროში ვიყავი სტუმრად. მერიაში მისვლა ვერ მოვახერხე, ან რომ მივიდე, რა ვნახო? როგორც ვიცი, იქ დიდად სანახავი არაფერია. მერიიდან მეპატიჟებიან და მისვლის პატივი ჯერ ვერ დავდე. მისი კაბინეტი მხოლოდ ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე მაქვს ნანახი.
– რითი შეცვალა მერობამ?
– მერობას არ შეუცვლია. ძველებურია. როგორი დაკავებულიც იყო, ახლაც ასეთივე დაკავებულია. პასუხისმგებლობა მანამდეც ჰქონდა და ახლაც აქვს.

კომენტარები

სხვა სიახლეები