ვინ არის კახა ბენდუქიძის მემკვიდრე?

ვინ არის კახა ბენდუქიძის მემკვიდრე, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, საზოგადოებისთვის ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ ცნობილი გახდა მისი ქალიშვილის არსებობის შესახებ. „ანასტასია გონჩაროვა, როგორც მედიაში აღნიშნავენ, დედის გვარს ატარებს. ანასტასიაზე ბევრი არაფერია ცნობილი, მისი „facebook“-ის გვერდის მიხედვით, ბენდუქიძის ქალიშვილმა სასწავლებელი „King’s College“ ლონდონში გასულ წელს დაამთავრა. ანასტასიას საცხოვრებელ ადგილად ნიუ-იორკი აქვს მითითებული. ამჟამად ანასტასია თბილისში იმყოფება. ის ლონდონიდან კახა ბენდუქიძის გადმოსვენების შემდეგ ჩამოვიდა და, სავარაუდოდ, ექსპერტიზის დასკვნაც ლონდონიდან სწორედ მისმა ქალიშვილმა ჩამოიტანა“, – წერს გამოცემა. იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობით, შვილი პირველი რიგის კანონმემკვიდრეა. ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ანასტასიას გვარს, მთავარია, კახა ბენდუქიძე მის მამად იყოს რეგისტრირებული დაბადების მოწმობაში. „მნიშვნელოვანია, რომელი სახელმწიფოს იურისდიქციაშია ქონება, ანუ რომელი ქვეყნის იურისდიქციით უნდა წარიმართოს პროცედურები. სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა მემკვიდრეთა სხვადასხვა წესს განსაზღვრავს. თუ ვიმსჯელებთ საქართველოში არსებულ აქტივებზე, ამ შემთხვევაში კანონმდებლობა ხუთი რიგის მემკვიდრეებს განსაზღვრავს, მაგრამ იქვე უთითებს, რომ ადამიანს გარდაცვალებამდე აქვს უფლება, დაწეროს ანდერძი, რომელიც მისი გარდაცვალების შემდგომ განსაზღვრავს მისი ქონების განაწილებას. ამ შემთხვევაში ადამიანს უფლება აქვს, საკუთარი ქონება უანდერძოს აბსოლუტურად სხვა პირს, ან სახელმწიფოს აჩუქოს, ან რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას. მიუხედავად, ამისა, ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ანდერძის მიღმა თუკი ვინმე არის დარჩენილი მემკვიდრის სახით, მათ მაინც ეკუთვნით თავიანთი წილი. ოდენობა ასეთ შემთხვევაში არ უნდა იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ეს კონკრეტული მემკვიდრე ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მიიღებდა. შვილთან მიმართებაში შესაძლოა, გვარი არ იყოს საერთო, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ კახა ბენდუქიძე მამად იყოს დაფიქსირებული სააქტო ჩანაწერში. თუ ასეა, მაშინ უპირობოდ ჩაითვლება ანასტასია პირდაპირ მემკვიდრედ. თუ კახა ბენდუქიძე არ არის მამად რეგისტრირებული, მაშინ შვილს მოუწევს პროცედურის გავლა, რათა დადგინდეს მამობა, ეს მარტივი პროცედურაა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს, მიიღოს ქონება. პირველი რიგის მემკვიდრეებში ქონება თანაბრად ნაწილდება. ანუ არის სამი ვარიანტი: თუ კახა ბენდუქიძეს ანდერძი არ აქვს დატოვებული, ამ შემთხვევაში მთელ ქონებას, რომელიც საქართველოშია, მიიღებს შვილი, და ვერაფერს მიიღებს ბენდუქიძის და. მეორე ვარიანტი, თუ კახა ბენდუქიძემ ანდერძი დატოვა, რომლის მიხედვითაც ის მთელ ქონებას დას უტოვებს, ამ შემთხვევაში ქონების ნახევარს მიიღებს და, ხოლო მეორე ნახევარს – შვილი, რომლის მამადაც რეგისტრირებულია კახა ბენდუქიძე. შვილი ყველა შემთხვევაში დაცულია და ქონებას მიიღებს. მესამე ვარიანტი – თანაბრად, პროპორციულად ნაწილდება ქონება“, – განმარტავს ალაფიშვილი.

ზაზა გიგაური

კომენტარები

სხვა სიახლეები