„ჩემი დიდი ქართული ქორწილი“-ბათუმში 100-მდე უცხოელი წყვილი დაქორწინდება

14-17 სექტემბერს, პირველად საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება ფესტივალი – „ჩემი დიდი ქართული ქორწილი“. ფესტივალში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე წყვილი მიიღებს მონაწილეობას, ის, ვისაც სურვილი ექნება საქართველოში გადაიხადოს ქორწილი.
„ჩემი დიდი ქორწილის“ ორგანიზატორია MICE და EVENT კომპანია GEO STUMARI. ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი სამდღიანი იქნება, მონაწილეები კი ქართულ კულტურასაც გაეცნობიან.
„ქორწინების რეგისტრაცია და ფოტოსესია მოეწყობა ბოტანიკურ ბაღში და სხვა ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებში. გრანდიოზული წვეულება კი გაიმართება ქართველი მუსიკოსებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალი არის არა მხოლოდ მასობრივი ცერემონია, არამედ ღია სივრცე თავისუფალი ადამიანებისთვის. „და მათთვის, ვისაც სურს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი ქორწილი ჰქონდეს“.
ფესტივალის ძირითადი ლოკაცია Dreamland Oasis Hotel-ია. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალში მონაწილეობის ღირებულება 3 ათასი აშშ დოლარია. „წყვილებს საშუალება აქვთ, საქორწილო პროცესში თავიანთი მეჯვარეები ჩართონ“.
ორგანიზატორების აზრით, ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული ცნობადობის გაზრდას.

წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები