შშმ პირი “ხელოვნური სუნთქვის” სცენარისტს მიმართავს

თქვენი პატარ-პატარა მესიჯებით გაყინული ყინული დაიძრება და ყველა შშმ პირს ცხოვრებას ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებს“,- ამ სიტყვებით მიმართავს „ხელოვნური სუნთქვის“ ერთგული მაყურებელი მაკა ნათელაური, რომელიც შშმ პირია, სერიალის შემოქმედებით გუნდს.
მაკა ნათელაური სერიალის ერთ-ერთ სიუჟეტს საკუთარ პრობლემასთან აიგივებს და სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მინდა გითხრათ, რომ მე დაავადებული ვარ თქვენით! ვუყურებ ,,ხელოვნურ სუნთქვას” და მის პერსონაჟებთან ერთად მეც ხელოვნურად ვსუნთქავ, მათი სიხარული მიხარია, მათი ტკივილი მტკივა, მოკლედ, მეტნაკლებად მათი ცხოვრებით ვცხოვრობ. სერიალის დაწყებისთანავე შემიყვარდა, ყოველი გმირი და თქვენი ეთერში გასვლის დრო ჩემთვის დღესასწაულად იქცა. თუმცა მას შემდეგ, რაც იკო ავარიაში მოხვდა და მისი სახით სერიალში ეგრეთწოდებული შშმ პირი გამოჩნდა, ჩემი სერიალსადმი ინტერესი არათუ გაიზარდა არამედ მან სხვა ფორმა მიიღო. მეოცე სერიის დასულების შემდეგ გულში იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა და მანამდე თუ მხოლოდ განტვირთვისთვის გიყურებდით, ამიერიდან იმედის თვალით დაგიწყეთ ყურება.

მგონია, რომ საზოგადოებაზე გარკვეული ზეგავლენა გაქვთ და თქვენ შეგიძლიათ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლა ამა თუ იმ საკითხისადმი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ იკო შშმ პირების თემაზე გაამახვილებს პუბლიკის ყურადღებას და ვინც თქვენი მაყურებელია და უნებლიედ იკოს ცხოვრებასაც ადევნებს თვალყურს, შშმ პირისადმი მისი დამოკიდებულება, მისი წარმოდგენა სასიკეთოდ შეიცვლება.
უკანასკნელ სერიაში, სადაც ირაკლი სულ ორიოდე წუთით გამოჩნდა, ყურადღებიანი მაყურებლისთვის გახდებოდა ცნობილი, ირაკლი როგორც შშმ პირი, რამდენ პრობლემას წააწყდებოდა თუ ის წიგნის პრეზენტაციაზე წავიდოდა. ვიცი, თქვენ სასწაულს ვერ მოახდენთ და ყველა მაყურებლამდე ვერ მიიტანთ ირაკლის სათქმელს, ვინაიდან ყველა ვერ გაუგებს მას თუმცა იმედი მაქვს თქვენი სერიებით, თქვენი პატარ-პატარა მესიჯებით გაყინული ყინული დაიძრება და ცხოვრებას ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებს ყველა შშმ პირს, ანუ ყოველი მეათე ჩვენგანს.
პ. ს. ირაკლის ჩემგან ,,გადაეცით” თავი არ მოიკლა, შენ ქართველ მაყურებელს წყალივით სჭირდები-თქო. ასევე გადაეცით ისიც, რომ ინტერნეტში შემოვიდეს და ჭადრაკი ინტერნეტით ითამაშოს, თამაში ასე უფრო გაუადვილდება. დიდი სიყვარულით თქვენი ერთგული მაყურებელი“,-წერს მაკა ნათელაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები