“შეუძლებელია, ამ ყველაფერში მოხვდე და მენტალურად ჯანმრთელი დარჩე” – თეონა ცხომელიძე კარანტინიდან

ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე საკარანტინე ზონაში რჩება, ის კოვიდ–დადებითია და მეთორმეტე დღეა, კორონავირუსს მკურნალობს.

ცხომელიძე სასტუმროდან სტატუსს წერს:

“აღარ მინდოდა წერა ჩემს ამბებზე, მაგრამ თურმე იმდენი ადამიანი ელოდება და მკითხულობს, სად დაიკარგე, რატომ არ წერო… ამიტომ, მოგიყვებით, რა ხდება კორონას მეორე, არანაკლებ მძიმე ეტაპზე.

#კოვიდინფიცირებული დღე 12

დღეს რომ გავიღვიძე და ისევ ამ კედლებში ვიყავი, ყვირილი მომინდა. კოვიდინფიცირებულების კარანტინში ვრჩები და ვცდილობ, ძალიან ვცდილობ, ნერვებს არ ავყვე, მაგრამ რთულია. არანაირი სიმპტომი აღარ მაქვს და ოთახიდან ვერ გავდივარ. ვგრძნობ, როგორ ვსუსტდები ამ უმოძრაობისგან. თავს ვგრძნობ რადიაციულ ცხოველად. დღეში სამჯერ შეფუთული ადამიანი აკაკუნებს და საკვებს მაწვდის – ესაა მთელი ჩემი ურთიერთობა გარესამყაროსთან. ალბათ, ძალიან დიდი ხანი დამჭირდება ფსიქიკის მოსაწესრიგებლად, შეუძლებელია, ამ ყველაფერში მოხვდე და მენტალურად ჯანმრთელი დარჩე.

ამდენი დრო უსაქმურობისთვის არასოდეს მქონია. 3 წიგნი წავიკითხე, 15 ფილმს ვუყურე და თვალები მტკივა უკვე. აღმოვაჩინე აზერბაიჯანული არხი, სადაც ეთერში ქორწილის ჩანაწერებს უშვებენ და რუსული, სადაც ექსტრასენსი ზის პირდაპირ ეთერში და მაყურებლებს მკითხაობს, ჯადოს ხსნის-უკეთებს, მოკლედ, შელოცვამდე გავუძელი.

სასტუმრო სავსეა ჩემნაირებით, მაგრამ ისეთი სიჩუმეა, თითქოს, მარტო ვარ. მგონია, რომ
ჯეკ ნიკოლსონმა უნდა მომიკაკუნოს ნაჯახით, თუმცა, კაკუნი საჭირო არაა, აქ არცერთი კარი არ იკეტება. იმაზე, რომ სხვა ადიამებიც არიან, მხოლოდ კართან დატობებული ნაგვის პარკები მიანიშნებს.

სავარაუდოდ, ხვალ გამიკეთებენ ტესტს, ორჯერ უნდა მოვიდეს უარყოფითი პასუხი, რის შემდეგაც გამომიშვებენ. წარმოდგენა არ მაქვს, რა დრო დასჭირდება. დიმოს რომ ველაპარაკე გუშინ, მთხოვა, არ იტიროო, აქეთ მაწყნარებს თვითიზოლაციაში გამოკეტილი 10 წლის ბავშვი”, – წერს ცხომელიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები