“ყველა ბნელებს რატომ ეძახით ერთმანეთს?”-ნინო გუგეშაშვილი

მწერალი, ნინო გუგეშაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“საწყალი ბიჭი, ახლა უფრო შემეცოდა – აქამდე ვინ იცოდა მისი არსებობა, ახლა იწყება მისი ახალი სიცოცხლე, როცა ყველა თავის მხარეს გაწეწავს, არავინ დაინდობს, ცალკეული კეთილშობილი ადამიანების გარდა, რომლებიც ნამდვილ უმცირესობაში არიან.
ვინ დაფიქრდება, ვინ დასვამს ნამდვილ კითხვებს, ვის სჭირდება სიმართლის ცოდნა – რა მოხდა, ვისი ორგანიზებული იყო ის ბანდები, რატომ გაილახნენ სულ უცნობი გოგო-ბიჭები და სად იყვნენ ის ჟურნალისტური ღლავები, ჟურნალიზმის ცნობილი მამაშები და პაპაშები, რომლებსაც თმის ღერი არ ჩამოვარდნიათ, რომლებიც მხოლოდ დღეს და გუშინ გამოცვივდნენ აქციებზე და ცნობილი ამრევების მარადი ოცნება, პარლამენტში შეჭრა და არეულობა ახალი ძალით გააცოცხლეს.
რაც თავი მახსოვს, კამერით დავდივარ მიტინგებზე, ვიღებ – კაციშვილი ვერ მცნობდა, არც არაფერს ვამბობდი, არც პოზიციას გამოვხატავდი, უბრალოდ ვიღებდი – “აქეთ მოდი, აქედან გადაიღე” – ხელის შეწყობის მეტი არაფერი მინახავს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან. მინახავს აგრესიაც ჟურნალისტის მიმართ, როგორ არა, მაგრამ ეს იყო სიტყვიერი და ყოველთვის დაკავშირებული იყო ისეთი ცნობილი სახის გამოჩენასთან, რომლისგანაც მართლა შეურაცხყოფილი იყო ხალხი დეზინფორმაციის თუ სიძულვილის მუდმივი თესვა-გავრცელებით. იმ ჟურნალისტებსაც ისევ მომიტინგეები იცავდნენ სიტყვიერი შეურაცხყოფისგან, ისევ ჩვენ ვიცავდით.
რა მოხდა ახლა? ვინ მოაწყო ეს ჟურნალისტების მასობრივი ცემის აქცია, სადაც მხოლოდ უცნობი და სრულიად უდანაშაულო გოგო-ბიჭები მოყვნენ. და ვინც ხალხს მართლა აღიზიანებს, ვინც ამ სისხლიან ცემა-ტყეპაზე ოცნებობდა და წლების მანძილზე აღვივებდა ეკრანიდან, იმათ ნაკაწრიც არ აქვთ (არც არავის უდა ჰქონდეს ნაკაწრი, ყველა დაცული უნდა იყოს ძალადობისგან, უბრალოდ, ლოგიკური შეკითხვა ჩნდება).
გამოძიებას კი არ ვითხოვ, უუუღრმეს გამოძიებას ვითხოვ, საფუძვლიანს, სად მიდის ფესვები, რა ხდება – პასუხი თითქმის ვიცი, ვინ ოცნებობდა ჟურნალისტების, გოგოების და ორსული ქალების მსხვერპლზე, ისიც ვიცი. მაგრამ მინდა ერთხელ ქმედითი გამოძიება ვნახო, გაეცეს პასუხი – არა მხოლოდ იმას, ვინ ვის დაარტყა, არამედ იმას, ვინ არის ეს საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალა და ვინ არის ის, ვინც ვერ, ან არ აღკვეთა ეს ბოროტება ქვეყნის შიგნით.
პოლარიზებული საზოგადოება პოლარიზებულ დაკვეთებს იძლევა – არავის მოსწონს ისეთი შეკითხვები და პასუხები, რაც მის პოლიტიკურ ან ფინანსურ ინტერესებში არ ჯდება.
ადამიანებო, ვინც ვიღაცის ფასიან ჯამაგირში დგას, იმათი ანგარების და გამყიდველობის კიდევ მესმის. მაგრამ დანარჩენებს რა გჭირთ? ყველა ყველას ბნელებს რატომ ეძახით? ჟურნალისტები, მწერლები, სამღვდელოება, ლექტორ-პედაგოგები, პოლიტიკოსები – ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა, ერთნაირად ბნელ-ნათელი, ყველა ბნელებს რატომ ეძახით ერთმანეთს? ასე როდის მივალთ დემოკრატიამდე, განსხვავებული აზრის ატანამდე?
კიდევ ბევრი სათქმელი დამიგროვდა, ისევე, როგორც თითოეულ თქვენგანს, რომელთაგან ზოგს გყოფნით მოთმინება თუ რაღაც სხვა, რომ ჩუმად იყოთ. მე ხან მყოფნის, ხან – არა.
ერთი აუცილებლად მინდა ვუთხრა ახალგაზრდა, გულანთებულ გოგო-ბიჭებს – როცა ხედავთ, რომ გამოცდილი ვირიშვილები თქვენით ვაჭრობას იწყებენ, გამოეცალეთ იქაურობას – თქვენ დაკარგავთ თავს, რომელიმე ორგანოს ან სიცოცხლეს და ის გამოცდილი ვირიშვილები კიდევ უფრო სარფიანად ივაჭრებენ თქვენით.
არა ძალადობას, ყველანაირს, ფიზიკურს, ფსიქოლოგიურს, ფინანსურს, პოლიტიკურს, ვირიშვილურს!
მინდა მთავრობა, რომელიც მთელ ამ დაფინანსებულ ვირიშვილობაზე დასაქმებულ დამშეულ ხალხს რეალურ საქმეზე, საქართველოს გატყევებული ველ-მინდვრების მოვლაზე და ნიჭის და სიკეთის ხელშეწყობაზე დაასაქმებდა.”-წერს მწერალი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები