ქალი შვილის გულზე დაწვენის შემდეგ 24-დღიანი კომიდან გამოვიდა

ეპილეფსიის შეტევის შემდეგ 28 წლის ბრაზილიელი ქალი საავადმყოფოში მოხვდა. ქალის მდგომარეობას ის ამძიმებდა, რომ ქალი ორსულობის 37-ე კვირაში იყო.
ამანდა დე სილვასა და მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ამიტომ მისთვის საკეისრო კვეთის გაკეთება გახდა საჭირო. იმისათვის, რომ ამანდას მდგომარეობა დასტაბილურებულიყო, ის ხელოვნურ კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. პატარა ვიქტორს კი, რომელიც ორ კილოგრამს იწონიდა, სუნთქვითი პრობლემები შეექმნა, იმ მედიკამენტების გამო, რომლებსაც მისი დედა ორსულობის დროს იღებდა. ამიტომ ბავშვი ნეონატალურ განყოფილებაში მოათავსეს. მშობიარობიდან ერთ კვირაში ექიმებმა ამანდას კომიდან გამოყვანა დაიწყეს, თუმცა ის საერთოდ არ რეაგირებდა ექიმების მცდელობაზე. ანალიზები აჩვენებდა, რომ მისი ნევროლოგიური რეაქციები წესრიგში იყო, მაგრამ პაციენტი არ მოძრაობდა, ტვინი კი არაფერზე რეაგირებდა. მაშინ, ერთ-ერთმა მედდამ გადაწყვიტა, მის გულზე ჩვილი დაეწვინა.
ექიმების და ახლობლების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მოულოდნელად, დედის თვალებიდან ცრემლები წამოვიდა, მისი გულისცემა გახშირდა და მისმა ორგანიზმმა რძის გამოყოფა დაიწყო. ნელ-ნელა ამანდა გონზეც მოვიდა და თვალებიც გაახილა. მართალია, არ ახსოვდა არც მშობიარობა და არც შემდეგი პერიოდი, მაგრამ მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

„პირველი რაც მახსოვს, ეს ჩემი შვილი იყო, რომელიც გულზე მეწვინა. მისი პატარა თავი დავინახე და მისი სურნელი ვიგრძენი. ქმარს ვკითხე, ეს ჩემი შვილი იყო თუ არა, შემდეგ კი მუცელზე ხელი დავიდე და მივხვდი რომ ორსულად აღარ ვიყავი”, – ამბობს ამანდა.

როგორც ირკვევა, ამანდა ქრონიკული ეპილეფსიით შვიდი წლიდან იტანჯება და ძლიერ მედიკამენტებს იღებს. მესამე ორსულობის დროს, ექიმებმა მას ერთ-ერთ წამალზე უარი თქმა ურჩიეს, რადგან ნაყოფს შესაძლოა ანომალიები ჰქონოდა. შედეგად ქალს შეტევები გაუხშირდა. საბედნიეროდ, ექიმებმა მოახერხეს მისი გადარჩენა. დედა-შვილი უკვე რამდენიმე დღეა სახლში იმყოფება.

კომენტარები

სხვა სიახლეები