ფეისბუქმა ტელეფონის ნომრითა და ელექტრონული ფოსტით ძიების ფუნქცია გააუქმა

სოციალურ ქსელ Facebook-ში მომხმარებლებს ტელეფონის ნომრითა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ვეღარ მოძებნით. ფუნქციის გაუქმების შესახებ განცხადება კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა გააკეთა.
როგორც მაიკ შროფერი ამბობს, ფუნქცია დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მომხმარებლებს მეგობრების უფრო მარტივად პოვნაში ეხმარებოდა, თუმცა მას ბოროტი განზრახვისთვისაც იყენებდნენ:
“დღემდე, მომხმარებლებს შეეძლოთ, ადამიანი ტელეფონის ნომრით ან ელექტრონული ფოსტის მისამართით ფეიბუქ სერჩში სხვა მომხმარებლები მოეძებნათ. ეს განსაკუთრებით გამოსადეგი იყო ისეთი მეგობრების მოსაძებნად, რომლებსაც სახელი სხვა ენაზე ეწერათ და მათი სრული სახელის აკრეფა დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა. ბანდლადეშში, მაგალითად, ეს მეთოდი ძებნის 7% შემთხვევებში გამოიყენებოოდა.
თუმცა, ბოროტი განზრახვის მქონე პირებიც სარგებლობდნენ ამ ფუნქციით და მომხმარებლებზე ინფორმაციას იღებდნენ, ასევე მას Facebook ანგარიშის აღსადგენად იყენებდნენ ” – ამბობს შროფერი.
ამ ფუნქციის გაუქმების მოთხოვნით, Facebook-ს ადრეც მიმართავდნენ, თუმცა 2015 წლის აგვისტოში კომპანიაში აცხადებდნენ, რომ ის მომხმარებლების უსაფრთხოებას საფრთხეს არ უქმნიდა და მის ამოღებას არ განიხილავდნენ.
კომპანიის გადაწყვეტილების ცვლილებას სოციალური ქსელის გარშემო ბოლოდროინდელ სკანდალს უკავშირებენ. კერძოდ, Facebook-ის განცხადებით, Cambridge Analica-მ 87 მლნ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია მოიპოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს Facebook-ის ტექნოლოგიების ოფიცერმა მაიკ შროეპფერმა გაავრცელა. როგორც ის თავის ბლოგში წერს, მომხმარებელთა უმეტესობა აშშ-ში ცხოვრობს. BBC-ის ინფორმაციით, 87 მლნ-დან ერთი მილიონი დიდი ბრიტანეთის მცხოვრებლები არიან.
რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, Channel 4-მა და The New York Time-მა, ბრიტანეთში რეგისტრირებულ ანალიტიკურ კომპანიას, Cambridge Analytica-ს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზეგავლენაში დასდო ბრალი. მედიასაშუალებების მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიებებით ირკვევა, რომ არჩევნებზე ზემოქმედებისთვის, კომპანიამ ფეისბუკის მომხარებლების პერსონალური მონაცემები გამოიყენა. როგორც CNN წერს, ფეისბუკმა კემბრიჯის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ალექსანდრ კოგანს 2014 წელს უფლება მისცა, შეეგროვებინა სოციალური ქსელის იმ ასეულობით ათასი მომხმარებლის პერსონალური მონაცემი, რომლებიც კოგანის მიერ შექმნილ აპლიკაციას – “ეს არის შენი ციფრული ცხოვრება” – გამოიყენებდა. აღნიშნული აპლიკაცია მომხმარებელს სთავაზობდა ე.წ. პიროვნების ტესტს, სანაცვლოდ კი მომხმარებლები თანხმდებოდნენ, რომ აპლიკაცია შეაგროვებდა მონაცემებს მათი ადგილსამყოფელის, მეგობრებისა და ფეისბუკზე მათი “მოწონებების” შესახებ.
The New York Times-ის ინფორმაციით, კოგანმა აღნიშნულ ადამიანთა პერსონალური მონაცემები Cambridge Analytica-ს მიაწოდა. 2015-2016 წლებში Cambridge Analytica დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისთვის მუშაობდა, ხოლო მომხმარებლების მონაცემების შეგროვებით მათ საშუალება მიეცათ, შეექმნათ მოქმედების ისეთი სტრატეგია, რომელიც გარკვეულწილად არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას იქონიებდა.

წყარო:http://netgazeti.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები