სპილო გრანდის ოპერაცია ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება

31 ოქტომბერს თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდს ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება. „ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს. ოპერაცია 10:00 საათზე დაიწყება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ოპერაციის, მოსალოდნელი რისკებისა და გაშუქების რეგულაციების შესახებ.
ოპერაციის შეუფერხებელი მსვლელობისა და ვეტექიმებისთვის მაქსიმალურად მშვიდი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის, ფოტო და ვიდეოგადაღებისას, მნიშვნელოვანია შემდეგი წესების დაცვა:
ოპერაციის გადაღება შესაძლებელია დაწყებიდან 15 წუთის და დასრულებამდე 15 წუთის განმავლობაში;
გადაღება დაშვებულია საოპერაციო ვოლიერის ბარიერის მეორე მხრიდან და არა უშუალოდ საოპერაციოში;
Live-ის ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ ვოლიერის გარედან;
აკრძალულია ფოტო და ვიდეოკამერების ფლეშგანათების გამოყენება;
აუცილებელია ფოტო და ვიდეოკამერებისა და ტელეფონების ხმის გათიშვა;
აკრძალულია ხმამაღალი საუბარი და ხმაური;
აკრძალულია სიარული და ხმაური ოპერატორებისა და სტატიკურად დამონტაჟებული კამერების წინ;
დაუშვებელია ვეტექიმების სამოძრაო არეალის შეზღუდვა, ცხოველთან და ინსტრუმენტებთან წვდომის შეფერხება.
აღნიშნული წესების დაცვა ოპერაციის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

კომენტარები

სხვა სიახლეები