სანაპირო მოდის ევოლუცია

                                                                                         ივანე ქეშიკაშვილის ბლოგი

ზაფხული ყველასთვის საყვარელი წელიწადის დროა. მასთან ასოცირდება სითბო, მზე, ზღვა, დასვენება, აუზი და, რაც მთავარია, რუჯი.
ზაფხულის დადგომისთანავე ყველა განსაკუთრებით ემზადება, რომ განაახლოს გარდერობი, შეიძინოს ახალი საცურაო კოსტიუმი, ჩანთა, სათვალე და სხვა აქსესუარები.
იდეა, რომ ზღვა არა მარტო მეზღვაურების სამყოფელი, არამედ სასიამოვნო და სასარგებლო დასასვენებელი ადგილი შეიძლებოდა ყოფილიყო, მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა. თავდაპირველად ტანსაცმელს საბანაო ეტლში იცვლიდნენ, შემდეგ ეტლს ზღვაში ჩააგორებდნენ და მალულად ჩადიოდნენ წყალში. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ საცურაო კოსტიუმით სანაპიროზე გამოჩენა სირცხვილად ითვლებოდა. დღესდღეობით მრავალი სილუეტის საცურაო კოსტიუმს
შეხვდებით, მაგრამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში ბიკინის ჩაცმა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. საცურაო კოსტიუმების განსხვავებული სტილის ჩამოყალიბება განაპირობა სხვადასხვა ქვეყნის რელიგიურმა, სოციალურმა და კულტურულმა მდგომარეობამ. ანტიკურ პერიოდში არსებობდა სამი ტიპის აუზები: ქალთა, მამაკაცთა და შერეული. ადამიანები თავიანთი სურვილისამებრ ირჩევდნენ, სად გაგრილებულიყვნენ და, როგორც წესი, ცურვისას სხეულს არ იფარავდნენ, მაგრამ რამდენიმე რომაულ ფრესკაში შემორჩენილია პირველი ბიკინის ნიმუშები.

მოგვიანებით, შუა საუკუნეებიდან დაწყებული, ვიქტორიანული ეპოქით დამთავრებული, განსაკუთრებულად შეფუთულები ცურავდნენ. ქალები რამდენიმე ფენა უხეში ტილოს კაბებით იმოსებოდნენ, რომ სხეულის რომელიმე ნაწილი არ გამოსჩენოდათ, ან სველი სამოსი ტანზე არ მიკვროდათ. ჩაცმულები ცურავდნენ მამაკაცებიც.


მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, საცურაო კოსტიუმი უფრო შიშველი და გაბედული ხდება. პირველი ბიკინი ძველი რომაელების შემდეგ 1946 წელს გამოჩნდა. მისი დიზაინერი ფრანგი ინჟინერი ლუის რეარი იყო, ხოლო პირველი მანდილოსანი, რომელმაც გაბედული ნაბიჯი გადადგა იმ პერიოდში და ბიკინით იპოზიორა, ფრანგი მოცეკვავე მიშელინ ბერნარდინი გახლდათ. სამწუხაროდ, იმ ეპოქის ყველა მოდელმა უარი განაცხადა ახალი საცურაო კოსტიუმით პოზირებაზე. ამ ფოტოს გამოჩენიდან კი სულ რამდენიმე დღეში, პარიზი სკანდალებმა მოიცვა. პრესა შოკირებული წერდა: „ნახეთ ადამიანის სამოსი, სადაც ჭიპი ჩანს“. ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რამაც სხეულის გამოჩენას ზღვასა და საცურაო აუზებზე შეუწყო ხელი, რუჯის ტენდენცია გახლდათ. რუჯის ისტორია ძველი ეგვიპტიდან იწყება. მათ კიდევ ერთხელ გაუსწრეს დროს, როდესაც სხეულის ნარინჯისფრად და ყვითლად გაფერადება დაიწყეს, რაც თანამედროვე გარუჯვის წინამორბედი აღმოჩნდა. ისტორიაში არ არსებობს ფაქტი, რომ ადრეულ პერიოდში გარუჯვა ტენდენციური ყოფილიყო. ხშირ შემთხვევაში მზემოკიდებული მეომრები თუ მოგზაურები დიდ აღფრთოვანებას იწვევდნენ ხალხში, მაგრამ არავის უფიქრია მათთვის მიებაძა და სხეული მზისთვის მიეფიცხებინა. გარუჯული კანი მონასთან ან უბრალო მუშასთან ასოცირდებოდა, რომელსაც მზისგულზე ხანგრძლივი მუშაობა უწევდა და შესაბამისად, მოდურადაც არ ითვლებოდა. გასული საუკუნის დასაწყისში ყველაფერი შეიცვალა.

მეოცე საუკუნე ახალი შესაძლებლობების ჯაჭვია. მოდისა თუ თავის მოვლის კულტურის განვითარებაც, სწორედ მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში დაიწყო. რუჯი 1920 წლამდე დაბალ სოციუმთან ასოცირდებოდა, ვიდრე ფრანგი დიზაინერი კოკო შანელი ყველაფერს თავდაყირა არ დააყენებდა. კოკო შანელი 1920 წელს ფრანგული რივიერადან მზისგან დამწვარი დაბრუნდა და ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, გახდა მაღალი საზოგადოებისთვის მიზეზი, რომ დაეწყოთ მზეზე საათობით გარუჯვა. თითქმის ასი წლის შემდეგაც, კოკო შანელის მიერ შემთხვევით წამოწყებული ტენდენცია აქტიურად გრძელდება. ცნება გარუჯვა ბიზნესადაც იქცა. არ დააყოვნა გასარუჯი საშუალებების გამოჩენამაც. ავტორუჯის გამოყენება პირველად 1950 წლიდან დაიწყეს. რუჯის ეფექტის მისაღები საშუალებები ძირითადად ინს შეიცავდა, რომლის სისტემატური მოხმარებისგან კანი ნარინჯისფერი ხდებოდა და სპეციფიკურ სუნსაც გამოყოფდა. მეოცე საუკუნის მიწურულს მსოფლიოში სოლარიუმების ბუმი დაიწყო და მოდის მიმდევრების საყვარელი გასარუჯი საშუალება გახდა. ულტრაიისფერი ნათურების ქვეშ, მოკლე დროში, კარგ ეფექტს იღებდნენ. დღესდღეობით დაგროვდა საკმარისი ინფორმაცია მავნებელი გამოსხივების შესახებ. მსოფლიო ინდუსტრიამაც არ დააყოვნა და სპეციალური გასარუჯი სპრეი შემოიღო. დღეს რუჯი საკმაოდ ტენდენციურია და ყველა, როგორც ქალბატონი, ასევე მამაკაცი, მიმართავს სხვადასხვა გასარუჯ საშუალებას.


აქვე მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე სასარგებლო საზაფხულო რჩევა აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. შესაძლოა, თამამად ირუჯებოდეთ და არ უჩიოდეთ მზისგან დამწვრობას, მაგრამ პირველ დღეებში ნებისმიერი სახის კანისთვის კარგია მზისგან დამცავი, თუნდაც დაბალპროცენტიანი კრემის გამოყენება. წლის მანძილზე, ზაფხულიდან ზაფხულამდე, კანი ხდება დაუცველი და დიდი რაოდენობით მზის სხივების მიღება ხშირ შემთხვევაში დამწვრობას ან გაუხეშებას იწვევს.


არასოდეს გაჩერდეთ სანაპიროზე ან აუზზე ე.წ. პიკ პერიოდში (11 საათიდან 4 საათამდე). დროის ამ მონაკვეთში, მზე რადიაციულ სხივებს გამოყოფს, რაც პირდაპირ ებრძვის არა მარტო კანს, არამედ კანქვეშა ორგანოებსაც. შუადღით მზეზე წოლა უტოლდება სოლარიუმში 2 საათის გატარებას.

ეცადეთ, აირჩიოთ დასასვენებელი ადგილი ან ზაფხულის ის მონაკვეთი ზღვაზე ან აუზზე წასასვლელად, როცა ტემბერატურა 32-34 გრადუსს არ აღემატება.
ხშირ შემთხვევაში, საცურაო აუზი ან სანაპირო წითელ ხალიჩად ან პოდიუმად გადაიქცევა ხოლმე. თუ ატარებთ საცურაო კოსტიუმის ზემოდან შემოსაცმელ კიმონოს ან კაბა-ხალათს, გაქვთ ნაჭრის ჩანთა და ფერადი მინის სათვალე, შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ლუქი მთელი სანაპიროს ან საცურაო აუზის აღფრთოვანების საგანია.


ჯანსაღი კვება ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ განსაკუთრებით სასარგებლოა სხეულისთვის, თუ ჯანსაღ საკვებს, როგორიცაა ბოსტნეული, ხილი, ნატურალური წვენები, უპირატესობას მიანიჭებთ ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც დღის დიდ ნაწილს ატარებთ მზის ქვეშ. არასოდეს მიირთვათ ნაყინი და რძის პროდუქტები მზეზე.
სვით ბევრი წყალი! ზაფხულში სხეული ხშირ შემთხვევაში დეჰიდრატაციას განიცდის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მზეზე ვატარებთ დიდ დროს. ამ პერიოდში, აუცილებელია მივიღოთ დღეში 8-9 ჭიქა წყალი, მინერალური სასმელი ან უშაქრო ნატურალური წვენი, ჩვენი ჯანმრთელობისა და სხეულის სასურველი ფორმის შესანარჩუნებლად.


აუცილებლად წამოიწყეთ ახალი ჰობი. ზაფხული საუკეთესო წელიწადის დროა ახლის წამოსაწყებად. წლის მანძილზე უმეტესად არ გვრჩება დრო საკუთარი ინტერესებისთვის, ზაფხული კი გვაძლევს ამის საშუალებას. ზღვაზე და საცურაო აუზზეც კარგი იქნება თუ დაკავდებით აქვააერობიკით, იოგით, წაიკითხავთ წიგნს ან თუნდაც დაწერთ რაიმე ჩანახატს. ერთი სიტყვით, არცთუ ისე სასარგებლო რუჯის მიღების დროსაც კი, შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენთვის სასარგებლო აქტივობები.
გადაღება შედგა სასტუმრო ღადისსონ Bლუე Iვერია-ს ღია საცურაო აუზზე. აქ, ქალაქის ცენტრში, თქვენ გელოდებათ მშვიდი და კომფორტული გარემო გულისხმიერი პერსონალითა და არაჩვეულებრივი ხედებით. საცურაო კოსტიუმებითა და აქსესუარებით უზრუნველგვყო ბრენდმა ღენეწ, რომელიც ქართველ მომხმარებელს სთავაზობს ტენდენციურ და ხარისხიან საცურაო კოსტიუმებსა და აქსესუარებს.

ტექსტი: ივანე ქეშიკაშვილი
ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი
მოდელები: ელენე კოპალეიშვილი და ნესტან ხახუბია
ლოკაცია: სასტუმრო Radisson Blue Iveria
სამოსი და აქსესუარები: Renew

წყარო:https://www.beaumonde.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები