როდის დაბრუნდება მაკა ძაგანია “ჩემი ცოლის დაქალებში” – “ეს გმირი ჩემთვის ძვირფასია”

   სერიალ”ჩემი ცოლის დაქალების” მიმდინარე სეზონს თინა, იგივე მაკა ძაგანია, გამოეთიშა. მიზეზი საპატიოა – მაკა გათხოვდა და შვილი გააჩინა. მისი მეუღლე მსახიობი გიგა ცერცვაძეა, რომელთანაც 16 ნოემბერს პატარა გიორგი შეეძინა. მაკას ასევე ჰყავს 15 წლის შვილი ნუცი. ოჯახზე, შვილებსა და სერიალში დაბრუნებაზე მაკას ვესაუბრეთ.

– რამდენს ითვლის შენი და გიგას ურთიერთობა?
– მას დაახლოებით 8 წელია ვიცნობ, ყოველთვის ნორმალური და კარგი ურთიერთობა გვქონდა, უფრო განსაკუთრებულს დავარქმევდი, იმიტომ, რომ ყოველთვის გამორჩეულად მიყვარდა, ოღონდ არა როგორც კაცი. გადამკვდარი მეგობრები არ ვყოფილვართ, ერთმანეთის გარემოცვაში თავს კარგად ვგრძნობდით, თუმცა ამას არასდროს ვარქმევდით სიყვარულს. მერე უცებ რაღაც გადატრიალდა და ერთმანეთი შეგვიყვარდა. რადგან ეს ყველაფერი სპონტანურად მოხდა, გადავწყვიტეთ, არ გაგვეხმაურებინა. ჩვენი სიყვარული გადაიზარდა ფარულ პაემნებში, შეხვედრებში, მეგობრებმაც კი არაფერი იცოდნენ, სულ ვფიქრობდით, ხომ არ მოვუყვეთ, ხომ არ ვუთხრათ ირგვლივ მყოფებს-მეთქი, მაგრამ მაინც ჩუმად ვიყავით. იმდენად ზღაპრული სამყარო შევიქმენით ამ დამალვით, რომ მართლა ძალიან კარგი იყო, არავინ არაფერს მეკითხებოდა, არავინ ერეოდა, უამრავ სიგიჟეს ჩავდიოდით, დღემდე მართლა სასიამოვნოდ მახსენდება.
– როგორი იყო მეგობრების, ოჯახის წევრების რეაქცია, როცა ეს ამბავი გაუმხილეთ?
– როგორ სპონტანურადაც დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ისევე სპონტანურად დავიწერეთ ჯვარი. გამოვაცხადე, ვთხოვდები-მეთქი, რაც ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო, ჩემმა შვილმაც კი არაფერი იცოდა. სიმართლე გითხრა, ცოტა ნუცის გამო მეშინოდა, მაინც ისეთი ასაკი აქვს, მეგონა, ჭირვეულობას დაიწყებდა, მაგრამ როგორც დიდი ქალი, ისე მოეკიდა ამ ყველაფერს და რომ ვუთხარი, მიყვარს და მინდა, ოჯახი შევქმნა-მეთქი, ჩემთვის გასაკვირი პასუხი გამცა: შენ თუ ბედნიერი იქნები, როგორც გინდა, ისე მოიქეციო. სხვა მხრივ არანაირი დაბრკოლება არ მქონია, აღარ ვარ პატარა გოგო, ვიღაცას რომ თითი დაექნია, ამიტომ წავედით და ძალიან ვიწრო წრეში ჯვარი დავიწერეთ, ფანტასტიკური იყო.
– რაც შეეხება მეორე შვილს, ამბობ, რომ დაუგეგმავი იყო.
– ჯერ არ გვქონდა დაგეგმილი შვილის ყოლა, მოკლედ, ჩვენს ურთიერთობაში ყველაფერი სპონტანურად მოხდა.
– ამან დააჩქარა თქვენი ქორწინება?
– გარკვეულწილად კი. შეიძლება, მეტად გაგვეწელა, დავლოდებოდით ბინას და სხვა ყოფით საკითხებს. ჯერ ამ ყველაფრისთვის მზად არ ვიყავით, მერე დავიწყეთ ფიქრი და ზრუნვა, თუმცა, ჯერაც არ გადავსულვართ ცალკე, ხან გიგას მშობლების სახლში ვართ, ხან – ჩემთან. ჯერ ვერ მოვაბით თავი, რომ ცალკე, თუნდაც ქირით, ან გირით გვქონდეს სახლი.
– ახლა პატარა გიორგიზე ვისაუბროთ.
– ნუცისა და გიორგის შორის თითქმის 15 წელია სხვაობა, გიორგი 18 ნოემბერს დაიბადა. ბავშვი არ იყო მობრუნებული, 23-ში ვაპირებდი საკეისროს გაკეთებას და სახელიც, შესაბამისად, გიორგი მქონდა შერჩეული, მაგრამ ბავშვმა ყველაფერს დაასწრო, მობრუნდა კიდეც და თავისითაც გაჩნდა.
– როგორია, ახლიდან განიცადო შვილის დაბადების სიხარული?
– 15 წლის წინაც ძალიან დიდი ბედნიერება იყო შვილის გაჩენა. 19 წლის ვიყავი, ნუცი რომ შემეძინა და მერე გავხდი 20-ის. სტუდენტი გახლდით და ცოტა სხვა ინტერესები მქონდა, იმ დროს სახლთან მიჯაჭვა ჩემთვის რთული იყო და მიჭირდა კიდეც. ახლა ბევრი რამ საერთოდ დავიწყებული მაქვს, ხანდახან არც მახსოვს, ბავშვს როგორ ვუვლიდი, თუმცა ყველაფერს ვართმევ თავს. გამახსენდა უძილო ღამეები, სირთულეები, შეგრძნება, როცა გაბრუებულ-გადაღლილი ხარ და უკვე მეტი აღარ შეგიძლია. მაგრამ შვილი იმხელა ბედნიერებაა, რომ შემომხედავს, ეგ ღირს ყველაფრად. დიდი ფუფუნებაა, როცა შენი ორგანიზმის ნაწილი უნდა გახდეს კაცი ან ქალი.
– სამსახურში გახვედი უკვე?
– კი, ლექციებსაც ვატარებ და თეატრშიც ვთამაშობ. სამსახურში როცა მივდივარ, ბავშვს გიგა იტოვებს და უვლის. სამწუხაროდ, გიორგი ბუნებრივ კვებაზე არ მყავს და ამ მხრივ დატოვების პრობლემა დიდად არ მექმნება.
– ნუცი გიორგიზე ხომ არ ეჭვიანობს?
– ნელ-ნელა ეჩვევა და ეგუება, ახლა დაიწყო ჭმევა, ხელშიც უჭირავს, სხვა ოთახში თუ გავდივარ, ვუტოვებ. ჯერჯერობით ვერ ვბედავ, სახლიდან გასვლისას რომ დავუტოვო, ჯერ გიორგიც პატარაა, ჭყინტია, ერთი თვის რამდენიმე დღის წინ გახდა. ცოტა ხანში ესეც მომაგრდება, ნუციც უფრო მეტად შეეჩვევა და მერე უფრო ვანდობ. რაც შეეხება ეჭვიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ნუცი პატარა აღარაა, ყველაფერს ჯერ მაინც ვერ იაზრებს, მეკითხება ხოლმე, დედა, ყველაზე მეტად ვინ გიყვარს? და უნდა ვუპასუხო, შენ, რომ დაწყნარდეს. თან, უმამოდ გაიზარდა და ყველანაირი ყურადღება ჰქონდა დედისა და ბებიისგან, იყო საოცრად გატუტუცებულ მდგომარეობაში და არის კიდეც (იღიმის).
– გათხოვებამდე ოჯახში სულ მანდილოსნები ცხოვრობდით, ახლა მამაკაცთან შეგუება ხომ არ გიჭირთ?
– ეს ზღვარი ნუცის უფრო აქვს დაკარგული და ხანდახან შენიშვნებს ვაძლევ. ნუცი, გასწორდი, ნუცი ასე ქენი და ა.შ. მე შეგუების მომენტი არ მქონია, გიგას გვერდით ყოფნა ჩემთვის იმხელა კომფორტია, აქამდე როგორ ვიყავი, ის მიკვირს. ნუცი გიგას ძალიან კარგად შეეგუა, მისთვის მამა ვერასდროს გახდება, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.
– მაკა, ორსულობაში რამდენი კილო მოიმატე?
– სულ ბოლოს აღარ ავწონილვარ, მაგრამ მანამდე 15 კილო მქონდა მომატებული, ნუციზე – 21. ახლაც ვებრძვი ჭარბ კილოგრამებს. ალბათ, დიდი ხანი დამჭირდება, რადგან დიეტას არ ვარ მიჩვეული, ვცდილობ, ღამით არ ვჭამო.
– გიორგის გაჩენის შემდეგ ალბათ შენ და გიგას ერთმანეთისთვის იმდენი დრო აღარ გრჩებათ, მეუღლე ხანდახან ხომ არ წუწუნებს?
– იცი, რომელი კაცები წუწუნებენ მაგაზე? რომლებიც ჩართული არ არიან შვილის გაზრდაში, 10 წუთით აჰყავთ ბავშვი ხელში და მერე დედამ უნდა მიხედოს, ღამე დედამ უნდა გაათენოს, დედამ უნდა აჭამოს და ზოგადად, ყველაფერი დედამ გააკეთოს.
– მაკა, რაც შეეხება სერიალს, შიგადაშიგ ვხედავთ შენს პერსონაჟს, რომელიც ხან”სკაიპით” და ხან ტელეფონით ერთვება, მაგრამ სრულად დაბრუნების საკითხი როგორ დგას?
– სანამ გიორგის გავაჩენდი,”სკაიპის” სცენები მანამდე უნდა ჩაწერილიყო, რადგან 23-ში უნდა მემშობიარა, დრო მქონდა გადაღებისთვის, მაგრამ როგორც უკვე გითხარი, 18-ში დამეწყო მშობიარობა და ვეღარ გადავიღე. მერე ისე გამოვიდა, რომ ერთი კვირის მყავდა გიორგი, როცა გადაღებაზე მივედი. დაბრუნების საკითხი ჩემზე არაა დამოკიდებული, თუმცა მე ძალიან მინდა, ეს გმირი ჩემთვის ძვირფასია. როცა ამ თემაზე ვილაპარაკეთ, იდეის დონეზე ითქვა, თებერვლიდან რომ განახლდება სერიალი, თინა ისევ იქნებაო, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
– ამბობდნენ, სერიალის ავ­ტორები გაგიბრაზდნენ, ფეხმძ­ი­მ­ობა რომ დამალე.
– ჩემთვის არავის უსაყვედურია. ჩემს ორსულობას სეზონის ბოლომდე ხელი არავისთვის შეუშლია, ბოლოს ცოტა კი მეტყობოდა მუცელი, მაგრამ ისე ვიცვამდი, ვინც არ იცოდა, ვერ ხვდებოდა, ამბობდნენ, თინამ ცოტა მოიმატაო. შეიძლება, მეექვსე სეზონში სხვა რაღაც ჰქონდათ დაგეგმილი და სხვაგვარად უნდოდათ მოვლენების განვითარება, მაგრამ ჩემთვის პრეტენზია არავის წამოუყენებია, გაბრაზებაც არ მიგრძნია, გადაღებაზეც ვიყავი მისული და მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. შეიძლება, ეს აზრი სადღაც დაფიქსირდა, მაგრამ მე კარგად შემხვდნენ და ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს სერიალზე მომუშავე ადამიანებთან.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები