როგორ იხსენებს ნათია დუმბაძე მეუღლის დაჭრის ამბავს

მცირე ხნის წინ მომღერალ ნათია დუმბაძის მეუღლე დაჭრეს. ამის შესახებ მომღერალმა ”ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. როგორც გაირკვა, დუმბაძის მეუღლე ჩხუბს შეესწრო, სადაც მან ერთ-ერთი მოჩხუბრის დამშვიდება სცადა, რის შემდეგაც ჩხუბის მონაწილემ მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
”კიდევ გამოუშვით ყ… ციხიდან, დანებითა და იარაღებით დადიან გარეთ. ქმარი დამიჭრეს, მოგ…თ მთავრობა!!!”, – წერდა ნათია. მომხდართან დაკავშირებით და სხვა თემებზეც მომღერალთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

– ნათია, როგორ გრძნობს თავს შენი მეუღლე?
– ამჟამად კარგადაა. უკვე სახლშია და ყველაფერი ცუდი უკან დარჩა.
– მსგავსი კრიმინალური შემთხვევა არასდროს გქონია?
– ჩემთვის არასდროს არაფერი მოუპარავთ და მომხდარით აღშფოთებული ვიყავი. მთავარია, რომ ბაჩო ახლა კარგადაა და აღარაფერი გვაქვს სანერვიულო.
– საკმაოდ ძლიერი ადამიანი ყოფილხარ.
– მართლა ძლიერი ვარ, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც სუსტი გახლავართ. მაგალითად, სუსტი ვარ საკითხებში, რაც ოჯახსა და ახლობელი ადამიანის სიცოცხლეს შეეხება. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ეს ამბავი მოხდა, მყარად და ფხიზლად ვიდექი, სამი დღის მერე მოვდუნდი და მივხვდი, რომ ძალიან დიდი რაღაც გადავიტანე. იმედი მაქვს, ჩემს და ჩემი მეუღლის ცხოვრებაში მსგავსი რამ არ განმეორდება.
– მეუღლე რას საქმიანობს?
– საკუთარი ბარი აქვს, მე კი წამოვედი ჩემი საყვარელი უნივერსიტეტიდან და ვარ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
– უნივერსიტეტში დიდხანს მუშაობდი, რატომ წამოხვედი?
– დაახლოებით ორი წელი ვიმუშავე, სტუდენტური ორგანიზაციების მენეჯერი ვიყავი. მინდოდა, სიახლე ყოფილიყო ჩემს საქმიანობაში და იანვრიდან დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში. ახლა ავტორებსა და ცნობილ კომპოზიტორებთან ურთიერთობა მევალება.
– მომღერლობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობას როგორ ათავსებ? მეუღლესაც ეხმარები ბარში.
– მართლა ძალიან დაკავებული ვარ და ხანდახან ძალიან ვიღლები. სულ გამოუძინებელი ვარ, მაგრამ მაინც ვახერხებ ყველგან მუშაობას. დღისით სამსახურში ვარ და საღამოს ბარში. ჩემი შვილი დუდუ განიცდის უდედობას და ეს მაწუხებს. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, შვილთან ვატარებ. სხვა გზა არ მაქვს. თუ არ იმუშავე, ვერ იცხოვრებ. ჯობია, დაკავებული იყო და გქონდეს შემოსავალი, ვიდრე ის, რომ თანხა არ გქონდეს.
– მას შემდეგ, რაც ბიზნესში ჩაერთე და ბიზნესვუმენი გახდი, რომელი საქმიანობა უფრო მოგწონს?
– მიმაჩნია, რომ სამივე საქმიანობას ნორმალურად ვართმევ თავს.
– რომელი უფრო მოგწონს?
– სიმღერა სულ მეყვარება და სულ ვიმღერებ, როცა ამის საშუალება მექნება.
– პროექტ ”ერთი ერთშის” შემდეგ, სადაც ძალიან კარგი პრიზი მიიღე, შემოქმედებითი ცხოვრება როგორ წარიმართა?
– ამ პროექტში მართლა ძალიან მაგარი მანქანა გადმომცეს.
– ახლა მოგებული მანქანით გადაადგილდები?
– არა, ის მანქანა აღარ მყავს.
– რაში დახარჯე მანქანის ფული?
– ამ ამბავს საიდუმლოდ დავტოვებ.
– პროექტში მონაწილეობის მერე შემოქმედებით ცხოვრებაში რა შეიცვალა?
– გაიზარდა ჩემი პოპულარობა. კონცერტებშიც უფრო ხშირად მიწვევენ. საახალწლოდ მქონდა ძალიან ბევრი კონცერტი. ასეთი პოპულარობა არც ერთ პროექტს არ მოუტანია და მეც, ფაქტობრივად, ჩემი თავი ახლიდან აღმოვაჩინე. მივხვდი, რომ ბევრი რამ შემძლებია.
– საახალწლოდ ბევრ მომღერალს თბილისის კონცერტზე უნდოდა სიმღერა.
– მე თბილისის კონცერტზე ვიმღერე. ესPპირველად მოხდა, არასდროს მიმღერია თბილისის საახალწლო კონცერტზე.
– როგორი შეგრძნება იყო?
– ძალიან მაგარი იყო. კარგი სიმღერა მქონდა, საახალწლო, კარგი განწყობა მქონდა და კონცერტიც ძალიან კარგი გამოვიდა.
– იმ დაპირისპირებაზე, რაც ამ კონცერტებს მოჰყვა, რას ფიქრობ?
– ვუყურე გადაცემას, სადაც მომღერლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ვფიქრობ, ყველას თავისი აზრი აქვს. მე არც არასდროს მქონია პრობლემა, კონცერტებზე რატომ არ მიწვევენ-მეთქი. არც მაშინ მექნება პრობლემა, თუ მომავალ წელს არ დამიძახეს. თუ დამიძახებენ, სიხარულით ვიმღერებ.
– რომ არ დაგიძახონ, გული არ გეტკინება?
– გული დამწყდება, მაგრამ საჯაროდ ჩხუბს და სხვა მომღერლის ლანძღვას არ დავიწყებ, რადგან ყველა ჩემი მეგობარია და ყველა ძალიან მიყვარს. არ ვარ კონფლიქტური ადამიანი. შეიძლება, გული დამწყდეს, მაგრამ ნაწყენი არავისზე არ ვიქნები.
– რადგან სცენაზე დგახარ, შენი მოვალეობაა, ფორმაში იყო. რას აკეთებ ამისთვის?
– გასუქების პრობლემა სულ მაქვს. ყველაფერი მერგება, რასაც ვჭამ და მგონი, ისიც მასუქებს, რასაც არ ვჭამ. სულ წონას ვაკონტროლებ. თვეში ერთხელ განტვირთვის კვირა აუცილებლად მაქვს. ცომეულის ამოღება რაციონიდან აუცილებლად მიწევს. ასე თუ არ მოვიქეცი, წონაში ძალიან ვიმატებ.
– რაზე გიწევს ყველაზე ხშირად უარის თქმა?
– ცომეულსა და ტკბილეულზე, რაც ძალიან მიყვარს.
– გრჩება დრო იმისთვის, რომ საჭმელები მოამზადო?
– ეს თემა სახლში მე არ მეხება. კერძების მომზადების დრო ნამდვილად აღარ მრჩება. ჩემი მეუღლის დედა არაჩვეულებრივად ამზადებს.
– რომ გქონდეს დრო, უპრობლმოდ მოამზადებდი?
– მარტო თუ ვრჩებით სახლში მე და ჩემი მეუღლე, რაღაცებს ვახერხებ, მშივრები არ ვრჩებით.
– შენი შვილი ჯერ პატარაა, მაგრამ არის საქმიანობა, რომელიც მოსწონს?
– დუდუს აქვს ძალიან კარგი სმენა და იცის გიტარაზე დაკვრა. ძალიან დაკავებულია, სკოლის მერე მასწავლებლებთან დადის. ახალ წელს გიტარა ვუყიდეთ, მართალია, თვითონ იცის, რომ თოვლის ბაბუამ გამოუგზავნა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით მისი სურვილი და შესაბამისად მოვიქეცით. ძალიან უყვარს სიმღერა. ”ერთი ერთში” რომ გამოვდიოდი, ყველა ჩემი სიმღერის ტექსტს ჩემზე კარგად იმახსოვრებდა. შეიძლება, მომღერალი გამოვიდეს, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვი.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ”რეიტინგი”

კომენტარები

სხვა სიახლეები