„როგორ ვერ გიშველე, როგორ არ ვიყავი შენს გვერდით იმ საშინელ წუთებში“ – მომღერალ ლაშა ღლონტს მამა გარდაეცვალა

აჭარაში, ჭოროხისა და ზღვის შესართავთან ნაპოვნი გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის მამაკაცი მომღერალ ლაშა ღლონტის მამა აღმოჩნდა. რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ახლობლებმა უკვე ამოიცნეს. ადგილზე, სადაც ცხედარი იპოვეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომღერალი მისი მამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად წერდა.
„მამის ძმაკაცი. უმძიმესი წუთები მიდგას, ტრაგიკულად გარდაცვლილ მამას, რომლის ცხედარიც 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ, ღამეს ვუთევ. მახსენდება მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი. უცებ, თითქოს არაფერ შუაში გონებაში ამოტივტივდა ერთი ისტორია: შეყვარებული ვიყავი და ჩემს მომავალ მეუღლესთან – თეასთან ერთად ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდი. ერთ-ერთ კაფეში მამაჩემის ძმაკაცი, ნუგზარ ჯაფარიძე შემხვდა. რომ დამინახა გოგოსთან ერთად, ფეხზე წამოდგა, თეას ხელზე ეამბორა, ერთი წუთითო, გვითხრა და სადღაც გაუჩინარდა. 5 წუთში იგი თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგულით მოგვევლინა. ამ ამბის მერე, იგი მალე გარდაიცვალა. უკვე ძალიან გვიანია, დილის 4 საათი. ვდგავარ მამის კუბოსთან მარტოდმარტო და მიხარია, რომ არ გამწირა უფალმა და ცხედარი მაინც ვიპოვე. უცებ კარზე მორიდებული კაკუნის ხმა შემომესმა, მივედი და კარს უკან ბატონი ნუგზარის შვილი, ზალიკო იდგა. ,,უკაცრავად, ლაშა, შეიძლება მამათქვენს ფსალმუნი წავუკითხოო”.
იგი დილამდე იდგა მამაჩემის კუბოსთან და ჩუმად, თვალცრემლიანი ფსალმუნს კითხულობდა“, – წერს ლაშა ღლონტი.
“რამდენჯერ მინდოდა, მოგფერებოდი. როგორ ვერ გიშველე, როგორ არ ვიყავი შენს გვერდით იმ საშინელ წუთებში. ალბათ, როგორ გინდოდა შველა, როგორ გციოდა, როგორ გეშინოდა და არავინ იყო ირგვლივ! ჩემო ყველაზე კეთილო, ყველაზე სათნო, ყველაზე წესიერო, ყველაზე პატიოსანო, ყველაზე ღვთისნიერო, ყველაზე უანგარო, მთელი ქალაქის სათაყვანებელო ადამიანო. ჩემო მშობელო მამავ!“- აღნიშნავს ფეისბუქის გვერდზე ლაშა ღლონტი.

12714453_1133149283396581_1764734924_n 12746102_1133149240063252_1105068616_n

კომენტარები

სხვა სიახლეები