რა ღირს სიკვდილის ჯადო და ვინ არიან “ანტიჯადოს” წევრები – ჯადოქრობა 21-ე საუკუნეში

ინგუშეთში, ჯადოქრებზე მონადირეები გამოჩნდნენ. ბოლო პერიოდში, ქვეყანაში ხალხმა ჯადოების ირწმუნა და თანაც ისე, რომ მათი შემოქმედი “გრძნეულების” წინააღმდეგ იარაღით ბრძოლა დაიწყეს. თუმცა, საინტერესოა, რატომ დაიწყეს ინგუშებმა ერთმანეთისთვის ჯინების გაგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას “ბიბისი” გამოეხმაურა და მიზეზის დადგენაც სცადა.
“ბიბისის” ცნობით, ინგუშეთში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რომ ხალხმა ერთმანეთისთვის ჯადოს გაკეთება დაიწყო. ამას რამდენიმე დაზარალებულის მიერ “ბიბისისთვის” მოყოლილი რეალური ისტორიებიც ადასტურებს.
ამ ისტორიების გავრცელების შემდეგ, ქვეყანაში ჯადოქრებზე მონადირეები გამოჩნდნენ.
24 წლის ინგუშმა ახალგაზრდამ, თავის თანამოაზრეებთან ერთად, “ანტიჯადო” ჯგუფი დააარსა. ამავე სახელწოდებით, მათ “ინსტაგრამზე” ანონიმური “ექაუნთიც” შექმნეს. ჯგუფს სოცქსელში ათასობით გამომწერი ჰყავს, რომელთაც ჯადოქრების დასჯის სურვილი აერთიანებს. თუმცა, როგორც “ბიბისი” წერს, “ანტიჯადოს” დაჯგუფების წევრების მთავარ მიზანს არა ჯადოქრების სიკვდილით დასჯა, არამედ – მათი სწორ გზაზე დაყენება წარმოადგენს.
გამოცემის ინფორმაციით, ამჟამად, “ანტიჯადო”-ს ჯადოქრების 15-კაციანი სია აქვს შედგენილი, რომელთაგან 4 უკვე მოინახულეს. ერთ-ერთი ჩეჩენი ქალი იყო, რომლის სახლშიც დაჯგუფების წევრებს უამრავი ადამიანის ფოტოსურათი, ჯადოს გასაკეთებელი სხვადასხვა ნივთი, მისი მომსახურებების ჩამონათვალი (მაგ: სიკვდილის ჯადო – 5000 რუბლი) და დიდი ოდენობით ფული იპოვეს. მჩხიბავი ქალი, თავდაპირველად, სპეციალურად მოწყობილ ადგილზე წაიყვანეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი ინგუშეთი-ჩეჩნეთის საზღვარზე მიიყვანეს სადაც, ჩეჩნურ დაჯგუფება “ანტილირიკის” წევრებს გადასცეს. ეს უკანასკნელი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ იბრძვის. “ბიბისისთვის” მიცემულ ინტერვიუში, “ანტიჯადოს” ლიდერი ამბობს, რომ არ იცის “ანტილირიკისთვი” გადაცემის შემდეგ, ქალს რა ბედი ეწია.
“ანტიჯადოს” წევრები ჯადოქრების სახლებზე რეიდებს ახორციელებენ და ამის ამსახველ ვიდეომასალასაც იღებენ; თუმცა, ეს ვიდეოები მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდება, თუკი მჩხიბავები თავიანთ საქმიანობას განაახლებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები