“რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა ერთი-ორი თვით აქაურობის მიტოვება, ეს მწერალთა აკადემიის გუშინდელი მიმართვაა”-მარინა თექთუმანიძე

მწერალთა აკადემიის წევრი, მარინა თექთუმანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც აღნიშნული სოციალური ქსელის გაუქმება გადაწყვიტა:

“ადამიანებო, ფეისმეგობრებო(მეგობრებს ისედაც გნახავთ), გარკვეული დროით უნდა დაგტოვოთ. შევეცდები მიზეზები პუნქტებად ჩამოვაყალიბო:
1. ყოველგვარი ლანძღვა-გინება საშინლად მთრგუნავს და სიცოცხლის ხალისს მიკარგავს. მსაყვედურობენ ხოლმე პასიურობის გამო. მინდა გითხრათ, რომ არანაირი პოლიტდაჯგუფება არცერთი მეგობრის დაკარგვის ფასად არ მიღირს. მით უმეტეს, რომ ვერასოდეს ვერცერთი პოლიტიკური ძალის სიმართლე ბოლომდე ვერ ვირწმუნე.
2. მიკვირს ჩემთვის საპატივცემულო ადამიანებისა, გააფთრებული რომ ესხმიან თავს სხვა მოსაზრების გამო მეორე ადამიანს. ეს არასწორი საქციელია, ასეთი ადამიანის არც ლექსი მინდა და არც მოთხრობა.
3. სამშობლოს სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, მეორე ადამიანის სიყვარულია და როცა შეგიძლია წყევლო, ლანძღო, სარმა გამოსდო, ცისქვეშეთში მისი ადგილი დაიკავო, მისი ნიჭი არ დააფასო, ვერ ხარ პატრიოტი და შენი ქვეყნის მოყვარული.
4. ერთგულება ნიჭია, ღალატი-ამაზრზენი საქციელი. ცხოვრება ბუმერანგის პრინციპია და ყველას მოგვეზღვება ჩვენი იქით მიზღვის შესაბამისად.
5. ხშირად მეუბნებიან, რომ გულუბრყვილოდ დავრჩი და უკეთური ადამიანები ჩემს გულუბრყვილობას სათავისოდ იყენებენ. არა, ბატონებო, ეს ასე არ არის. უბრალოდ, ზიზღს, წყენას, ღალატს საკუთარ თავში ადგილს ვერ და არ დავუთმობ, სანამ ცოცხალი ვარ, ასე ვიქნები.
6. გმადლობთ, ვინც მიღალატეთ და დღესაც არ მინდობთ. ამით თქვენი რეალური სახე დამანახეთ!
7. დაბოლოს, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა ერთი-ორი თვით აქაურობის მიტოვება, ეს მწერალთა აკადემიის გუშინდელი მიმართვაა. იმ აკადემიისა, რომლის წევრი მეც ვარ და მიკვირს, რატომ არ მოვხვდი იმ “ხელმომწერთა” რიგში.
რა თქმა უნდა, წერილის პათოსს ვემიჯნები და ისეთ საქართველოზე, ისეთ მწერლობაზე ვოცნებობ, როცა შევძლებთ ერთად დაჯდომას და იმ ცუდ წერილში მოყვანილი ფაქტების გარშემო მსჯელობას ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე.
გმადლობთ, ვინც შესძელით და წაიკითხეთ.”- წერს მარინა თექთუმანიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები