პოლიციის “ოფიცერ” ძაღლს მაჩვზღარბამ 200 ეკალი ჩაარჭო (ფოტო)

ამერიკული დანაყოფის – К-9 -ის “ოფიცერი”, სახელად „ოდინი“, ძალიან „ეკლიან“ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომლის შედეგადაც ის ნამდვილ “ნემსების ბალიშს” დაემსგავსა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.
როგორც ძაღლის მეწყვილემ მედიას უამბო, ისინი დამნაშავეს მისდევდნენ, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან გაიქცა. დადევნების დროს, ძაღლი მაჩვზღარბას დაეჯახა. უცნობია, მის დაკავებას ცდილობდა თუ რა მოხდა, მაგრამ მასთან შეხვედრის შემდეგ ოდინს სახეზე 200-ზე მეტი ეკალი ჰქონდა შერჭობილი. აქედან ორი პირში მოხვდა, რამდენიმეც – თვალთან.
ნამდვილი დამნაშავის გულის გასახარებლად, პოლიციელს დევნის ოპერაციის შეწყვეტა მოუწია. ძაღლი სასწრაფოდ ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. მას ნემსი გაუკეთეს, რომ ცოტა დაწყნარებულიყო, რის შემდეგაც, ორი საათი განმავლობაში, ექიმები ეკლებს იღებდნენ.
პოლიციის თანამშრომლებმა მადლობა გადაუხადეს ვეტერინარებს და განაცხადეს, რომ დამნაშავე ჯერ კიდევ თავისუფალია და მისი ძებნის ღონისძიებები გრძელდება. ეკლიან და ბრაზიან მაჩვზღარბას კი ოლქის შერიფმა ჩადენილი დანაშაული უკვე აპატია.

კომენტარები

სხვა სიახლეები