პაატა შამუგია : მანიაკი გოთებშიც გამოერევა, ქრისტიანებშიც და პასტაფარიანელებშიც… შეეშვით განზოგადებას

პოეტი პაატა შამუგია ფეისბუქის პირად გვერდზე 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობას ეხმაურება.
“ყველა, ვინც გოთი არაა, მკვლელია?
მოკლედ, სასტიკი მკვლელობის კვალდაკვალ, ახლა უკვე მთავრობას სთხოვენ, ალაგმოს გოთები, ემოები და პანკები. ახლა ვნახე, ერთ-ერთ გამოცემაში ასეთი პირდაპირი მოწოდება გაისმა ერთი უმწიკვლო მორალისტისგან (თავისი ცოლის დაბადების დღე სიყვარულის დღედ რომ გამოაცხადა, იმ კაცისგან). ბმულს არ ვაზიარებ სპეციალურად.

ძალიან ადვილი და კომფორტულია, ასეთ სწორხაზოვნად უარყოფით ამბავზე გატესტო შენი მორალი – წაუგებელი თამაშია თვითშეფასების ასამაღლებლად.

მაგრამ მივყვეთ ამ ბატონის და მისნაირების ლოგიკას: ვინაიდან სტატისტიკა არ გვაქვს, გადავთვალოთ გონებაში და შევაჯამოთ, რამდენი გოთი კლავს და რამდენი – არაგოთი. რა თქმა უნდა, არაგოთები დიდი უპირატესობით “მოიგებენ“, დაახლოებით ასი ათასით ერთი – ასეთი იქნება ანგარიში. სიყვარულის დღის დამფუძნებლის ლოგიკას რომ გავყვეთ, გამოდის, რომ ვინც გოთი არაა (მაგალითად, აიტი მენეჯერი, ჟურნალისტი, მეტყევე, ნაცი, ქოცი და ა.შ.), ყველა ცივსისხლიანი მკვლელია და მთავრობამ მათ უნდა “მიხედოს”.

მე მესმის, რომ განზოგადება ზოგმა აზრის გიგანტმა ეროვნულ სპორტად გვიქცია, მაგრამ იქნებ მაგ ცხელ თავებს ცოტა ძალა დაატანოთ, სანამ ამ ბოდვებს გამოამზეურებდეთ.

ჩვენი მარგინალიზებაღა აკლიათ ამ ყველაზე გარიყულ ჯგუფებს სრული ბედნიერებისთვის. რეალურად, ეს არის ძალიან საინტერესო სუბკულტურა, ახლა, მანიაკი გოთებშიც გამოერევა, ქრისტიანებშიც და პასტაფარიანელებშიც. პანკი მეგობრებიც მყავს და ძალიან ვამაყობ მათით. გოთებსა და ემოებზე თეორიული ცოდნა მაქვს მხოლოდ და იმ თეორიაში ადამიანის დანაწევრებაზე არაფერი ეწერა.

მთავარი აქ სხვა რამეა: მორალისტებს ოღონდ ვინმეს შეზღუდვის შანსი მიეცი და არ “გამაზავენ” ცოცხალი თავით, შანსი არაა.

ის ადამიანები, დარწმუნებული ვარ, მიიღებენ უმაღლეს სასჯელს და ეს სრულიად დამსახურებული იქნება. და შეეშვით განზოგადებას, “ბლინ!”.

კომენტარები

სხვა სიახლეები