ნინო საბაშვილი: „აცრა აუცილებელია, დავუჯეროთ კომპეტენტურ ადამიანებს“

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრების წევრი და პარასპორტსმენი მკლავჭიდში ნინო საბაშვილი ამბობს, რომ პანდემიის დასასრულებლად ვაქცინაცია აუცილებელია. თავად ვაქცინირებულია და აღნიშნავს, რომ, კოვიდინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტის მიუხედავად, აქამდე არ დაინფიცირებულა.

„მე, რა თქმა უნდა, აცრილი ვარ ორი დოზით. თავიდანვე, როდესაც შემოვიდა აცრები, მზადყოფნა გამოვთქვი, რომ გამეკეთებინა. ავიცერი იმიტომ, რომ გავუფრთხილდი ჩემ თავს და გარშემომყოფებს.
ვფიქრობ, აცრა აუცილებელია. პირადად მე მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო კონტაქტი მქონია ინფიცირებულთან, ჯერჯერობით, თავად არ დავინფიცირებულვარ”,- აღნიშნავს პარასპორტსმენი.

ნინო საბაშვილი ამბობს, რომ სპორტში კოვიდპანდემიის გამო იძულებითი პაუზა, სამომავლოდ მრავალ პრობლემას შექმნის.

“2 წელი საერთოდ არცერთი შეჯიბრი არ ჩატარებულა. ახლა, აცრების დაწყების მერე კი დაიწყო ისევ და ტარდება. წარმოიდგინეთ, 2 წელი სრულიად ჩაკეტილი რომ არის სპორტსმენი, ვერც ვვარჯიშობდით, ან რისთვის უნდა გვევარჯიშა, შეჯიბრი არ ტარდებოდა, სახლში ცოტას თუ ვივარჯიშებდით. თავისთავად, ეს აისახება სპორტულ შედეგებზე, სულ რომ ძალიან კარგად იყო მომზადებული, ნავარჯიშები, დიდი ხანი რომ არ გახვალ შეჯიბრებაზე, უკვე ფსიქოლოგიური მომენტი დგება”,- ამბობს ნინო საბაშვილი.

პარასპორსტმენი ფიქრობს, რომ ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია, მოქალაქეებმა კოვიდრეგულაციებიც დაიცვან. ამბობს, რომ მისთვის გასაგებია, რომ ადამიანებს სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება ჰქონდეთ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, თუმცა დასძენს, რომ ამ საკითხში შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებს უნდა საზოგადოებამ დაუჯეროს.

„ვაქცინაციასთან ერთად პანდემიის დასასრულებლად, აუცილებელია ყველა იმ რეგულაციის დაცვა, რაც აუცილებელია ვირუსთან ბრძოლისას. იქნება ეს პირბადე, პირადი ჰიგიენა თუ სოციალური დისტანცია .

ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ყველას თავის აზრი აქვს, მეც მაქვს ჩემი აზრი და გარშემომყოფებთან ვცდილობ, ამაზე ვისაუბრო, მაგალითად, მე და მამაჩემი, რომელიც 74 წლისაა, ერთად ავიცერით.

ყველას ვურჩევ, დავუჯეროთ კომპეტენტურ ადამიანებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ვისაც ეს საკითხი უკეთ ესმის “,- ამბობს პარასპორტსმენი.

კომენტარები

სხვა სიახლეები