ნათია ფანჯიკიძე ნიკა გვარამიას პასუხობს: „გთხოვთ, არ აჰყვეთ პროვოკაციას და არ დამტოვოთ ღიმილის გარეშე“

ფსიქოლოგი და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის დირექტორის ნიკა გვარამიას პოსტს ეხმაურება.

„მოკლედ, გუშინ ჩემზე გაბრაზებულმა ნიკა გვარამიამ ტუქსი გამოაქვეყნა, სადაც რადგან რამდენიმე დამაკავშირებელი სიტყვის გარდა “ამის ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი, ქმარი..” დამხვდა, ვიფიქრე, ამაზე აბა რა უნდა უპასუხო ამხელა ტელევიზიის ამხელა მეთაურს, მითუმეტეს რომ ამის პასუხი სწორედ ჩემს იმ სტატუსშია, რომელმაც გაანაწყენა-მეთქი. ქმარი-ქმარის კვალდაკვალ რა უწერია, – რა თქმა უნდა, “9 წლის” ჟანრის კლასიკა.

ახლა ისევ შემომხვდა გზად მისი ტუქსი და როგორც მოგახსენეთ იმდენი “ქმარი-ქმარი” ეწერა, როგორც ჭეშმარიტ რაჭველს, გამომრჩენია, მთავარი ვერ აღმიქვამს, – სსრკ სკოლის დიქტატორი მასწავლებელივით განკარგულება რომ გამოუცია და ღიმილი ჩამოურთმევია ჩემთვის, იმუქრება, “გავუღიმეთ, გვეყოფაო”. ზუსტად ჩემი სკოლის მუსიკის მასაწავლებელივით უწერია, თმებს რომ მაწიწკნიდა.

მე არ მეყოფა თქვენი ღიმილი ბატონო ნიკა, რადგანაც, უპირველესად, ღიმილით ჰგავხართ მაისის დღესა. გთხოვთ, არ აჰყვეთ ესკალაციას და პროვოკაციას და არ დამტოვოთ ღიმილის გარეშე. პატივისცემით, ნ.ფ.

პ.ს. მეგობრებო, თქვენთან თხოვნა მაქვს, ადამიანის სახელის სალანძღავად და ფეხების საწმენდად გამოდება იცით, რომ ეწინააღმდეგება ჩემს ცხოვრების კონცეფციას. ნუ დაწერთ ისეთ უხეშ ან აგრესიულ რამეს, რომ იძულებული გავხდე წავშალო. უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდათ, რომ აღარ გამაჩნია ნიკა გვარამიას ღიმილი და გთხოვოთ ღიმილები დამიწერეთ, მინდა დავიმარაგო, ვინ იცის, აღარასდროს გამიღიმოს“,-წერს ფანჯიკიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნათია ფანჯიკიძე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მონოლოგს გამოეხმაურა, სადაც მან ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართა. ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გიორგი გაბუნია დაბალი კულტურის ადამიანი არ ჰგონია და დაინტერესდა თუ ვინ დაავალა და რატომ შეასულა „ეს ძალიან ბანძი სცენა“.

სწორედ ამ ამ განცხადებას გამოეხმაურა ნიკა გვარამია და აღნიშნა, რომ სკლეროზი არ აქვს ერს და ფანჯიკიძეს ურჩია „გონორი შეუძლია სახლში შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე“.

„ამ ქალბატონს, მგონი, გონია რომ სკლეროზი გვაქვს ან დიდი ინდულგენცია გამოვუწერეთ მის მეუღლეს. გავუცინეთ, გვეყოფა – გონორი შეუძლია სახლში შეინახოს და დავალებებზე და კონსპირაციებზე მას მერე იმკითხაოს, მისი ქმრისას რომ დაადგენს ბოლომდე. და იმაზე არ უნდა კითხვის დასმა და მისი ქმრის პასუხი, ვინ დაავალა 11 თვის ჩვილის ქვევრში დახრჩობის საქმის საინფორმაციო ფაბრიკაცია და ამისთვის ზუგდიდიდან კახეთში ჩამოსკდომა? გაბუნიას ბოდვისგან განსხვავებით, ეგ ფაქტი დანაშაულის შემცველია, ისე, მაინც რომ იცოდეს“,- აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარები

სხვა სიახლეები