მშობლები 31 წლის შვილის სახლიდან გაგდებას სასამართლოს ძალით ცდილობენ (ფოტო)

აშშ-ის ქალაქ სირაკუზში მცხოვრები 31 წლის მამაკაცის მშობლებმა, ხისტ მეთოდებს მიმართეს, რათა შვილს სახლის დატოვება აიძულონ. მათ შვილს სასამართლოში უჩივლეს. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მაიკლ როტონდო არ იხდის ბინის ქირის ფულს და აიგნორებს მშობლების შეთავაზებას, რაც მისთვის ცალკე გასასვლელად ფულის გადახდას გულისხმობს. კრისტინა და მარკ როტონდოებმა, რამდენიმეთვიანი ხვეწნის და მუდარის შემდეგ, გადაწყვიტეს, ნიუ-იორკის სასამართლოსთვის მიემართათ. მათი ადვოკატის თქმით, მათ აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ იმისათვის, რომ ზრდასრულ შვილს, ბოლოს და ბოლოს, დამოუკიდებლად ცხოვრება დაეწყო.
როგორც სასამართლოში შეტანილ დოკუმენტებშია ნათქვამი, მშობლებმა 2 თებერვალს შვილს ოფიციალური წერილიც მისწერეს – „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შენ სახლი დაუყოვნებლივ უნდა დატოვო.“ როდესაც მაიკლმა წერილს ყურადღება არ მიაქცია, მშობლებმა შემდეგი წერილი ადვოკატის მეშვეობით შეადგინეს. მასში ნათქვამი იყო, რომ იურიდიული პროცედურის დაწყება 2018 წლის 15 მარტს დაიგეგმებოდა, იმ შემთხვევაში, თუ კი ის ამ წერილსაც არ გაითვალისწინებდა. როტონდოს ოჯახმა მაიკლს 1100 დოლარიც შესთავაზა, სხვა სახლის დასაქირავებლად, თუმცა არც ამან გაჭრა. შეთავაზება შემდეგი სიტყვებით დაასრულეს:„შენნაირი ცუდი სამუშაო გამოცდილების მქონე ადამიანებისთვისაც კი არსებობს სამუშაო. იშოვე სამსახური-შენ უნდა იმუშავო!“ ამ შეგონების მიუხედავად, 30 მარტს ნათელი გახდა, რომ მაიკლი არც მუშაობის დაწყებას აპირებდა და არც სახლიდან წასვლას. ამის შემდეგ კი, მათ უკვე სასამართლოს მიმართეს. ამ უცნაური საქმის მოსმენები ახლო მომავალში გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელის ზარმაც 31 წლის კაცს, რომელსაც ასე ძალიან არ უნდა მუშაობა და მშობლების კისერზე ყოფნა ურჩევნია.

კომენტარები

სხვა სიახლეები