მოდა თქვენი ფრჩხილებისთვის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალები ზოდიაქოს ნიშნის და მმართველი პლანეტების მიხედვით, სხვადასხვა გემოვნების მქონე ინდივიდებად იყოფიან. ამიტომ ზოგს თუ კლასიკური სტილი მოსწონს ჩაცმულობაში, ზოგიც ექსტრავაგანტურ, მკვეთრი აქცენტებით აჭრელებულ სამოსს ამჯობინებს ტრადიციულ ფასონს. იგივე ტენდენცია ვრცელდება მანიკიურზეც. მანდილოსნებს იმის მიხედვით თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანს განეკუთვნებიან, ინდივიდუალური მიდგომა გააჩნიათ მანიკიურის მიმართ. მოდით, გავარკვიოთ რას გვირჩევენ ამ მხრივ ასტროლოგები.

ვერძის პალიტრა “ცეცხლოვანი” უნდა იყოს, ისევე როგორც ამ ნიშნის სტიქია ცეცხლი – ანუ ვერძები წითელ, აგურისფერ და მეწამულ ტონებს უნდა ანიჭებდნენ უპირატესობას მანიკიურის არჩევისას. სასურველია, ასევე ვერძებმა ნაილ-არტის კუთხით ოქროსფერი ორნამენტაციაც დაიმატონ ფრჩხილზე.

კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია, ამიტომ “ჭყეტელა” და გამომწვევი ფერები ამ ქალის გემოვნებაში ნაკლებად ჯდება. შესაბამისად, კუროებს ასტროლოგები პასტელური ტონალობის მქონე, მოვარდისფრო-რძისფერი მანიკიურის ტარებას ურჩევენ. ნაილ-არტის თვალსაზრისით, ფრჩხილები სასურველია მცენარეული მოტივებით გაამდიდრონ.

ტყუპი ყველაზე ცვალებადი და ექსპერიმენტატორი ნიშანია ჰაერის ნიშნებს შორის. ამიტომ ტყუპისთვის მოსაწონი მანიკიური მაქსიმალურად არასტანდარტული უნდა იყოს – მაგალითათ მკვეთრი ნარინჯისფერი, კვერცხისგულისფერი, მომწვანო-მოლისფერი და ა.შ. ნაილ-არტის თვალსაზრისით, საუკეთესო ვარიანტად თეთრ-ცისფერ ტონალობაში გადაწყვეტილი ვერტიკალური ზიგზაგებია მიზანშეწონილი.

კირჩხიბი უაღრესად ნაზი, ქალური ნიშანია. ასეთ ქალებს უყვართ კლასიკური ელემენტები ჩაცმა-დახურვისა და მაკიაჟის კუთხით. თუმცა, მათთვის აუცილებელია გარკვეული ფუფუნების ელემენტებიც გამოსჭვიოდეს სამოსიდან ან აქსესუარიდან. ამიტომ ასტროლოგები კირჩხიბისთვის იდეალურად მიიჩნევენ შავ, ხავერდის ეფექტის მქონე “ფრენჩს” ან თვლებით გაფორმებულ ნაილ-არტს.

ლომი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, მისი მმართველი მზეა ამიტომ ლომისთვის ვიზუალური იმიჯი უპირველესი საზრუნავია ამქვეყნად. მათთვის ყველაზე მისაღები იქნება ბრწყინვალების ეფექტით გაჯერებული ჩალისფერი, ყვითელი ან რძისფერი ლაკი ფრჩხილებზე. ნაილ-არტის მხრივ კი ასტროლოგები ლომებს თეთრ-ოქროსფერ ორნამენტაციას ურჩევენ.

ქალწული მიწის სტიქიის წარმომადგენელია, ამიტომ ასეთი ქალები ვერ იტანენ ვერანაირ ზედმეტობას როგორც ჩაცმა-დახურვის ისე კოსმეტიკის კუთხით. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ქალწულებს ურჩევენ ატარონ მაქსიმალურად პრაქტიკული სახის მანიკური – მაგალითად კლასიკური “ფრენჩი”. ნაილ-არტის შემთხვევაში კი სასურველია მოთეთრო-რძისფერი ორნამენტაციის მქონე კომბინაცია.

სასწორი ქალები ბუნებით ესთეტები, მოდის მიმდევრები და პრანჭიები არიან. ამიტომ მანიკურის შერჩევა მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. ასტროლოგები სასწორ ქალებს ურჩევენ უპირატესობა პასტელის ფერებს მიანიჭონ მანიკურის შერჩევისას. ნაილ-არტის შემთხვევაში კი მინიმალისტურ მიდგომა აირჩიონ. მაგალითად არათითზე დახატული ყვავილი… კომპოზიცია ფერებში და ა.შ.

მორიელი ამბიციური, მაქსიმალისტი და ძლიერი ხასიათის მქონე ქალების ნიშანია. ქალი მორიელები განსაკუთრებული პრანჭიაობით იშვიათად გამოირჩევიან, თუმცა მაინც ყოველთვის ახერხებენ ფორმაში ყოფნას. მათთვის ასტროლოგების აზრით ყველაზე ოპტიმალური მუქი ლურჯი, ჭაობისფერი ან მოშავო-მომწვანო ტონალობის ლაკი იქნება ფრჩხილზე. ნაილ-არტის შემთხვევაში სასურველია შავ-ოქროსფერი ორნამენტაციის მქონე კომბინაციას მიანიჭონ მორიელებმა უპირატესობა.

მშვილდოსანი გამოუსწორებელი მაწანწალა და ლაქლაქაა. მას მოსწონს ახალ-ახალი აღმოჩენები, როგორც ადამიანებში ისე მოდის კუთხით. ამიტომ იგი სიამოვნებით ჩაატარებს ექსპერიმენტს საკუთარ ფრჩხილებზე. ასტროლოგები მშვილდოსანს ურჩევენ ზღვისფერი ლურჯი, მუქი ფირუზისფერი ან მკვეთრი ჟოლოსფერი ტონალობის ლაკი ატაროს. ნაილ-არტის შემთხვევაში სასურველია კონკრეტულ სმბოლოებზე გააკეთოს აქცენტი ფრჩხილის მოხატვისას. მაგალითად მმართველი პლანეტა იუპიტერის სიმბოლო დაიხატოს.

თხის რქა ბუნებით ტრადიციული, კონსერვატორული და გაწონასწორებული ნიშანია. ამიტომ ქალებს, რომლებიც ამ ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან ძალიან მოსწონთ წესრიგი და გარკვეული დრეს-კოდის დაცვა ჩაცმულობასა და კოსმეტიკაში. ასტროლოგების აზრით, თხის რქას ყველაზე მეტად ყავისფერის ნებისმიერი ელფერის მქონე ლაკი შეესაბამება. გარდა ამისა, ნაილ-არტის შემთხვევაში მოშავო-მოისამნისფრო ორნამენტით მოხატული ფრჩხილიც საკმაოდ დაამშვენებს თხის რქის საერთო იმიჯს.

მერწყული ყველაზე ექსცენტრული, არაორდინარული და კრეატივისტი ნიშანია მთელ ზოდიაქოში. ამიტომ მერწყულ ქალებს არასოდეს ეშინიათ ექსპერიმენტების ჩატარება საკუთარ გარეგნობაზე. ასტროლოგების აზრით, მერწყულისთვის შესაფერისი ფირუზისფერი, ღია ცისფერი ან მომწვანო-ტალღისფერი ლაკი იქნება. ნაილ-არტის შემთხვევაში სასურველია თვლებით გაწყობილი და ლურჯი ორნამენტით მოხატული კომპოზიცია გამოიყენონ.

თევზები საოცრად დახვეწილი, ქალური და შარმიანი ნიშანია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ფრჩხილების მოვლა-პატრონობას (თევზები ხომ ასტროლოგიურად სწორედ ხელის/ფეხის მტევნებს მართავს). ყველაზე სასურველ ფერებად ასტროლოგებმა თევზებისთვის ულტრამარინი-ლურჯი, მომწვანო-მოყვითალო ან მკვეთრი ფირუზისფერი ლაკი მიიჩნიეს. ნაილ-არტის შემთხვევაში სასურველია თეთრ-მწვანე ფერებში გადაწყვეტილი კომპოზიცია.

წყარო:http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები