მკვლელობა სარწყავი რუს გამო – რა მოხდა კავთისხევში

სარწყავი რუს გარშემო ატეხილ კამათს 41 წლის კაცი, ორი მცირეწლოვანი შვილის მამა შეეწირა.

მ.ნ. კავთისხევის მცხოვრები (ვინაობის გამხელა არ ისურვა): – სამწუხაროდ, ჩვენს სოფლებში ამ თემაზე მომხდარ ფაქტებს შორის ეს პირველი როდია. მეც მრცხვენია, კაცი სარწყავის გამო რატომ უნდა მოკვდეს?!

ხსენებული რუ ორი ოჯახის – მკვლელის (თ.თ.) და მისი მეზობელის, 70 წლის მარტოხელა ქალის (გ.წ.) ეზოზე გადიოდა. ჯერ თ.თ.-ს ეზოს ჩამოივლიდა, მერე – მისი მეზობლის. დაახლოებით 3 წლის წინ გ.წ-მ აიჩემა, თ.თ. რუს წყალში სპეციალურად აშარდავს, რომ წყალმა ჩემკენ წამოიღოს, მაგ კაცს უნდა, რომ შარდის სუნმა გამამწაროს და დამახრჩოსო.

– მართლა ასე იყო?

– 41 წლის კაცს, ან მის მშობლებს რატომ უნდა მოეშარდათ რუში?! ბავშვები ხომ არ იყვნენ, ეს გაეკეთებინათ! წესიერი ხალხია და არაადეკვატურობისა არაფერი ეტყობოდათ. მაგრამ გ.წ. გაიძახოდა, – გინდა თუ არა, ასე შვრებიან, მაგათ არ უნდათ, აქ ვცხოვრობდეო. ამის გამო მეზობლებს ბევრჯერ მოუვიდათ შეხლა-შემოხლა. ბოლოს თ.თ. ძალიან გამწარდა, ჩიოდა – აღარ შემიძლია მაგ ქალის გაძლება, აქედან უნდა ავიყარო, მაგრამ სად წავიდეო?!

– თუ ეს დავა 3 წელიწადს გრძელდებოდა, სად იყო სოფლის რწმუნებული, ვისაც მსგავსი კონფლიქტების მოწესრიგება ევალება?

– ეს კაცი 20-ჯერ მაინც არის ნამყოფი როგორც ერთის, ისე მეორის ოჯახში. მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა, რომ ეს ხალხი დაეშოშმინებინა. ბოლოს მათ გვერდით მცხოვრებმა ერთმა მეზობელმა რწმუნებულს უთხრა, – რუს გულისთვის რატომ უნდა დახოცონ ერთმანეთი, ამ რუს კალაპოტი შეუცვალეთ და ჩემს ნაკვეთზე გადაატარეთ, არანაირ პრობლემას არ შემიქმნისო. რწმუნებული ჭკუაზე აღარ იყო სიხარულით, მადლობას მადლობაზე ეუბნეოდა იმ კაცს, მაგრამ მერე რა გამოვიდა? გ.წ.-მ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, – რუ რომ გადაიტანოთ, ნაკვეთი როგორ მოვრწყაო!

– ბოლოს რით დამთავრდა ეს სულელური დავა?

– გ.წ.-ს შვილები არ ჰყავს. მისი დისშვილები და თ.თ. ერთად გაიზარდნენ და მეგობრები იყვნენ. მოხუცმა ქალმა იმდენი ქნა, ისინი ერთმანეთს წააჩხუბა… ერთხელ გ.წ.-ს დისშვილმა თ.თ. ლუდზე დაპატიჟა. როცა შეთვრნენ, ეს სამარცხვინო თემა გაახსენდათ და ჩხუბი ატეხეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მეზობლებმა ძლივს გააშველეს – გ.წ.-ს დისშვილს ნაცემი თ.თ. ძლივს გამოგლიჯეს ხელიდან. მეზობლებმა ისინი თითქოს შეარიგეს კიდეც, მაგრამ უცებ თ.თ. წამოვარდა და გაიქცა. ცოტა ხანში, ეზოში თოფით ხელში შევარდა და გ.წ.-ს დისშვილს პირდაპირ მუცელში ესროლა. იმან რომ ხელი მუცელზე წაივლო და დაეცა, თ.თ.-მ თოფი დააგდო და გაიქცა… იმ უბედურს ვეღარაფერი უშველეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, საავადმყოფოში რომ წაიყვანეს, მაგრამ ნაწლავები ჰქონდა დაცხრილული და გარდაიცვალა… მკვლელი კი დაიჭირეს, მაგრამ ამ ტრაგედიის მიუხედავად, ეს სამარცხვინო დავა არ დამთავრებულა. ახლა გ.წ. მკვლელის მშობლებს მიადგა და არ არის გამორიცხული, ამ დაწყევლილმა რუმ, კიდევ ვინმეს სიცოცხლე შეიწიროს.

P.შ. ქვეყანაში დატრიალებული უამრავი უბედურების ფონზე, რუს გამო კაცის მოკვლა შემაძრწუნებელია. თუმცა, ეს სამწუხარო რეალობაა…

წყარო: http://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები