“მის პლანეტა” – 2015 თბილისში გაიმართება

ლამაზმანები პლანეტის ყველა კუთხიდან თბილისში მოიყრიან თავს სილამაზის კონკურს “მის პლანეტაში” მონაწილეობის მისაღებად, რომელიც პირველად ჩატარდება თბილისში 2015 წლის 12 სექტემბერს.

კონკურსის ფინალი ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გაიმართება. სილამაზის კონკურსში 35 ქვეყნის სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული პრედენდენტები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსანტები საქართველოში 6-13 სექტემბრის ჩათვლით დარჩებიან.

პლანეტის პირველ ლამაზმანს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომლის შემადგენლობაშიც 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი შევა.

“მის პლანეტის” გამარჯვებული, ტრადიციულად, ექსკლუზიური ოქროს გვირგვინით დაჯილდოვდება. კონკურსის დანარჩენი პრიზიორებიც მიიღებენ საჩუქრებს ორგანიზატორებისგან.

კონკურსისი პირველი ტური, სადაც მონაწილეები ნაციონალურ და საბანაო კოსტუმებში იქნებიან წარმოდგენილი, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიმართება. პირველი ტურის ფარგლებშივე მოხდება “მაყურებლის სიმპათიის” გამოვლენაც.

კონკურსის მეორე ტურში მონაწილეები და სტუმრები “კაჭრეთი ამბასადორში” გადაინაცვლებენ, ხოლო მესამე და ფინალურ ტურს რესტორანი “ბერმუხა” უმასპინძლებს.

საქართველოს “მის სამყაროზე” წარმოადგენს წარმოშობით თეთრიწყაროელი 18 წლის ლიკა ბაბლუანი.

კონკურსზე რუსეთის – ნატალია შარონოვა, ხოლო უკრაინის სახელით ეკატერინა რასკოვა მიიღებენ მონაწილეობას. თბილისში ჩამოვლენ ლიტვის, ყაზახეთის, მაკედონიის, სამხრეთ აფრიკის, ბულგარეთის, ნიდერლანდების, პორტუგალიის და სხვა ქვეყნების ულამაზესი გოგონები.

კონკურსზე დასასწრები ბილეთების ფასები 15 -იდან 250 ლარამდე მერყეობს. მსურველებს ბილეთების ყიდვა ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები