“მინდა, დაგანახო დედაშენის ჭეშმარიტი სახე”, – უკურნებელი სენით დაავადებული ქართველი მამის ემოციური წერილი შვილს

სოციალურ ქსელში გავრცელდა უკურნებელი სენით დაავადებული მამის საჯარო წერილი, რომელიც შვილს სწერს და იმედოვნებს, რომ მოყოლილ ისტორიას ის სწორად განსჯის. მამა შვილს მისი და დედის გაშორების შესახებაც უყვება.
ლუკაჩო, მამიკო

ლუკა, შვილო,
ამ წერილს შენთვის ვწერ …
უძილოდ გატარებულმა უამრავმა ღამემ გადამაწყვეტინა, დამეწერა ეს ყოველივე და შენ მინდა, იყო ის ადამიანი, ვინც პირველი წაიკითხავს ჩემი სულიდან ამოსულ ერთამოსუნთქვად ქცეულ სტრიქონებს. მინდა, წაიკითხო, როგორც პიროვნებამ და, შემდგომ, როგორც შვილმა. უზომოდ მიყვარხარ, შენი დაბადების პირველი წამიდან და ეს სიყვარული გაგრძელდება მაშინაც კი, როცა ცოცხალი აღარ ვიქნები…
მინდა, ყოველთვის გახსოვდეს, რომ შენი არსებობის გაგებისთანავე ჩემი სულისა და ხორცის ნაწილი გახდი და არ ყოფილა წამი – მაშინაც კი, როდესაც მეგონა, არაფერზე ვფიქრობდი – შენი სახე არ მდგომოდა წინ, ხელთუქმნელი ხატივით. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა დამანგრეველი ჩემთვის შენთან გაშორების წუთები …
მეც ისე მეგონა, შვილო, როგორც შენ – თუ მთელი სამყარო ზურგს შემაგცევდა, ლუკა მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა …
იმედი მაქვს, ჩემს სიცოცხლეში შეძლებ ამ წერილის წაკითხვას და მიხვდები, რამდენი ტანჯვის წუთი გადაიტანა, რაოდენ სასტიკი იყო ეს განაჩენი და რას განიცდიდა მამის გული შენთან დაშორებით. მიუხედავად ყველაფრისა, რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის გახსოვდეს, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ, ჩემო ვაჟკაცო…
მე შესაძლებლობა არ მომეცა, ამეხსნა შენთვის, თუ რამ გამოიწვია, სინამდვილეში, ჩვენი დაშორება…
მჯერა, რომ შენ სწორად განსჯი ყველაფერს… ყოველივეს სათანადო პასუხს შენ თვითონ გასცემ… ავსა და კარგს შენ თვითონ გაარჩევ და წარმოუდგენლად სასტიკ უსამართლო ვითარებას შენ თვითონ გაუკეთებ სწორ ანალიზს…
ჩემს წარსულზე შემიძლია გითხრა, რომ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, ალალი გულით ვიცხოვრე, შვილო. დავიბადე მშრომელი და პატიოსანი მშობლების ოჯახში, სადაც უდიდესი სიყვარულითა და ერთმანეთისადმი პატივისცემით ვიზრდებოდით სამი შვილი – მე და ჩემი ორი და. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსაცდელი მაქვს გამოვლილი, არასდროს გადამიხვევია სწორი გზიდან. ყოველთვის მხოლოდ სიკეთისთვის ვიბრძოდი, მიზანი კი ერთი მქონდა – ჭეშმარიტი, სუფთა, პატიოსანი, უღალატო ოჯახი შემექმნა … სწორედ ამ ძალისხმევისთვის, სიყვარულისა და თავდაუზოგავი შრომის მადლით, უფალმა შენი თავი გამომიგზავნა… ყველაზე ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში იმ დღეს ვიყავი, როცა გავიგე, რომ უფალმა ამქვეყნად ყველაზე დიდი საჩუქარი – ლუკას მამობა მარგუნა. როდესაც სამშობიაროდან სახლში მოგიყვანე, იმ წუთიდან გიმღეროდი ,,იავნანას” და გულში ჩუმად გეფერებოდი უკვე დავაჟკაცებულს, ჩემ გვერდით მდგომს. პირველივე დღიდან, როცა ტიროდი და ვერავინ გამშვიდებდა, როგორც კი აგიყვანდი ხელში, მაშინვე წყნარდებოდი. უჩემოდ ერთი წუთით ვერ ძლებდი. უერთმანეთოდ სუნთქვა გვიჭირდა. ისე გვიყვარდა ერთმანეთი, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რაიმე ძალა ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორებდა…
ეს კი ჩემ წინააღმდეგ ამხედრებულმა, მტრულად განწყობილმა ქალმა, რომელმაც შენ გამოგიყენა შურის საძიებლად – უსასტიკესი, დაუნდობელი, ძალადობრივი გზით – სისრულეში მოიყვანა
საპასუხოდ, მეც შემეძლო, იმავე სისასტიკით მოვგცეულიყავი, როგორც ის იმსახურებდა ამას. მაგრამ მე ასე ვერ მოგექეცი. ვერ მოგექცეოდი, რადგან ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ბავშვს ორივესი – დედის-მამის ზრუნვა და სიყვარული ჭირდება. სწორედ ჩემი ეს გადაწყვეტილება გამოიყენა, ბუნდოვანებით მოცულმა, ჩვენ წინააღმდეგ სამოქმედოდ…

მინდა, მოგიყვე ერთ ეპიზოდს, რომელიც კარგად დაგანახებს დედაშენისა და მისი გარემოცვის ჭეშმარიტ სახეს.
– 2013 წლის 7 მარტს, პირველად გავიგე, რომ მყავდა ქალიშვილი, სახელად ალექსანდრა, რომელიც, მრავალი წლის განმავლობაში, მეძებდა. ცხადია, გამაოგნებელი ინფორმაცია გახლდათ, მაგრამ როდესაც ფაქტები თავ-თავის ადგილას დალაგდა და დედაშენმაც დაადგინა ახლადგამოჩენილი შვილის ნამდვილობა, მივხვდი, რომ ბედნიერება კიდევ ერთხელ მესტუმრა – ალექსანდრას სახით, რომელიც 32 წელს ეძებდა მამას და ეს მამა აღმოვჩნდი მე… ამ ამბავს, მაშინვე, კიდევ უფრო გამაოგნებელი ინფორმაცია მოჰყვა დედაშენის განცხადების სახით: აირჩიე, ან ის და ან მეო. ინფორმაცია მით უფრო გასაოცარი იყო, რამდენადაც ჩემი შვილი არაფერს მოითხოვდა და არც ახლა მოითხოვს ჩემგან. ის ბელგიაში ცხოვრობს. ჰყავს შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილი. ალესანდრა ყველაფრით უზრუნველყოფილია და იქით მთავაზობს დახმარებას ძმის აღზრდისა და ევროპული განათლების მიღების საქმეში. ყველაფერ ამაში მაშინ უფრო დავრწმუნდი, როცა ვესტუმრე მას და ვნახე, თუ როგორი ბედნიერი და უზრუნველყოფილია ის. აბსოლუტურად დარწმუნებულმა, რომ ალექსანდრა ჩემი ქალიშვილია და, როგორც მამას, არანაირი სურვილი არ გამაჩნია, მეორედ დავკარგო ახლადშეძენილი შვილი – რადგან შენ გყავს და, რომელიც სიამოვნებით დაგიდგება გვერდით და დიდ წვლილს შეიტანს შენი განათლებულ ადამიანად ჩამოყალიბების საქმეში.
მიუხედავად ჩემი დადებითი მცდელობებისა, ადამიანურად გაეგოთ ეს ყოველივე, დედაშენი და მისი გარემოცვა, იმ წუთიდან, უარყოფითად განეწყვნენ ჩემ წინააღმდეგ და, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, 13 წლის განმავლობაში ნაქები საუკეთესო ადამიანი უცებ გადავიქეცი მათთვის უარყოფითი ემოციების მომტან ადამიანად. დიდხანს ვცდილობდი, ეს ადამიანები დამერწმუნებინა ჩემს სიმართლეში, მაგრამ – ამაოდ. მათ აბუჩად ამიგდეს. არანაირმა თხოვნამ გაჭრა და კატეგორიულად მოითხოვეს, ის ,,გოგო” სამუდამოდ ,,აორთქლებულიყო” ჩემი ცხოვრებიდან.
ლუკა, ჩემო სიცოცხლე და სიხარულო, ერთ კითხვაზე მინდა, მიპასუხო  – მე რომ ის კაცი ვიყო, რომელიც ასე ადვილად გაიმეტებს ,,ასაორთქლებლად” შენს დას, დროთა განმავლობაში, როგორი მამა შეიძლება, იყოს შენთვის. გამყიდველობა ხომ ადამიანის ის თვისებაა, რომელსაც ვერც დამალავ და ვერც მისგან გაიქცევი. ადამიანები, რომლებიც ამაყობდნენ ჩემით; ადამიანები, ვისთვისაც სასურველი და საყვარელი შვილივით ვიყავი, ისე გადაიქცნენ ჩემს მტრებად, თითქოს ქალიშვილი დედაშენთან შეხვედრის შემდეგ მყავდა გაჩენილი. ის, რაც მოხდა შორეულ ახალგაზრდობაში, შეიძლებოდა, ყოფილიყო მათთვის გარკვეული გულისტკენის მიზეზი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში – ნორმალური და გამართული ურთიერთობების დანგრევის საფუძველი. ფაქტი ერთია – არ წყდებოდა დედაშენისა და მისი ოჯახის წევრების მიერ ჩემი აბუჩად აგდება, მანიპულირების სურვილი და პიროვნული შეურაცხყოფები. ჩემმა გაუსაძლისმა მდგომარეობამ იძულებული გამხადა, არა დროებით, არამედ სამუდამოდ დავშორებოდი მათ. ქალიშვილის ამბავი ვითომ მიზეზი, მოგონებაა შვილო იმასთან, რაც ამ ადამიანებმა იკადრეს შემდგომში… არ მინდა, იმ ბინძურ ზრახვებზე გესაუბრო, რაც მათ ჰქონდათ ჩადენილი და დაგეგმილი ჩემ წინააღმდეგ …
ამ გულწრფელი წერილით, შენ თვითონ მინდა, ბოლომდე ჩაწვდე ჩემს იმჟამინდელ მდგომარეობას და სწორად შეაფასო ჩემ მიერ გადადგმული ნაბიჯი. არც ის დაივიწყო, მაშინაც და დღესაც, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ და სწორედ ეს სიყვარულია, ახლა ამ წერილს რომ მაწერინებს.

როდესაც მამას მოგაშორეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კარგად ვიცოდი, რა საზოგადოებრივ სოციუმთან მქონდა საქმე, მაინც არ მჯეროდა ბოლომდე, რომ შვილს არ მანახებდნენ და სიძულვილს ჩაგინერგავდნენ ჩემ წინააღმდეგ.
ბევრი შეცდომა დაუშვეს, გაუსაძლისი მდგომარეობა წარმოშვეს, უსამართლო, უპატიებელი საქციელები ჩაიდინეს და ამას მოყვა მათთან ჩემი სამუდამოდ დაშორება.. დაშორების შემდგომ, დღე არ გასულა მათი მხრიდან მუქარის გარეშე. თუ არ შევასრულებდი მისი და მისი ოჯახის წევრების უსამართლო მოთხოვნებს, ეს არაკეთილმოსურნეები შენს თავს წამართმევდნენ – შვილს არ მანახებდნენ და ჩემ მტრად გაგზრდიდნენ.. მამაზე უზომოდ შეყვარებული შვილის ფსიქიკაზე მამის წართმევა უარყოფითად რომ იმოქმედებდა, ამაზე ერთი წუთითაც არ დაფიქრებულან – არცერთი მათგანი. ჩემზე შურისძიებასმოწყურებულები, შენ რომ მამა შეგძულებოდა, არაადამიანური ზეწოლის ქვეშ გამყოფებდნენ… ჩემ ნახვას, ჩემთან მოსვლას დღემდე იმიტომ გიკრძალავენ, რომ ვერასდროს  გაიგო მათი ბოროტი ზრახვები, მათ მიერ ჩადენილი არაადამიანური საქციელები. ვერასდროს გაიგო, თუ როგორ გაგწირეს ღმერთის ნაჩუქარი ანგელოზი თავიანთი ახირებული, უსამართლო, ისტერიული შურისძიებისთვის… ეს (ადამიანები) თვლიან რაც მათ გააკეთეს ეს მათი გამარჯვებაა, მაგრამ ეს გამარჯვება მათი ტრაგედიის დასაწყისია, შვილო..

ვერსად გაექცევიან ამ დანაშაულს. ნუ ჰგონია ვინმეს, მამა-შვილის წინააღმდეგ ჩადენილმა ცოდვებმა დიდხანს გაახაროს… არავის შერჩება სულში ჩაფურთხება… მალე, დადგება დღე, როცა გონიერება იზეიმებს სიბეცეზე და ღმერთი აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხს ყველას იმ განაჩენისთვის, რომელიც მე და ლუკას გამოგვიტანეთ – თქვენი უგუნურებითა და სისასტიკით…
ჩვენი დაშორების ოთხი წელიწადი ჯოჯოხეთად გვიქციეს… შენ მამა წაგართვეს, მე კი მრავალი წლების ნანატრი შვილი გულიდან მომგლიჯეს. ვერ ათვითცნობიერებენ, როგორ ჭრილობებს გაყენებენ, რომლებიც მოუშუშებელ იარად რჩება, მთელი ცხოვრების მანძილზე.
არ გაუფრთხილდნენ შენს ცრემლებს… შენს მონატრებას… მამიკოს მიმართ უსაზღვრო სიყვარულს. წინ გადაეღობნენ შენს ბედს. თავიანთი მიზნებისთვის გაგწირეს ანგელოზი, რომელიც ღმერთმა ბედნიერებისთვის მოგავლინა ამ ქვეყანაზე… სიცოცხლე, ბედნიერი მომავალი მოგპარეს, შვილო… ,, ღმერთის წინ დადგნენ შენ წინაშე”.
იქნება და მე მართლა არ ვიყავი ყველაფრით იდეალური ადამიანი და არც შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია იდეალურობაზე. იქნებ, ნებსით თუ უნებლიედ, რაიმეთი მართლა ვატკინე გული დედაშენს, მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო მიზეზი ასეთი მოსიყვარულე, უსაზღვროდ ჩახუტებული მამაშვილობის გამანადგურებელი.. მიზეზი იმისა, რომ ყველა ღონე მიმართო საკუთარი შვილის მომავლის საზიანოდ და ყველანაირად ეცადო, შვილი დაკომპლექსებულ ადამიანად ჩამოაყალიბო…
შურისძიებით შენი არსებობა დაისაკუთრეს, ასე ჰგონიათ? არა, შენ არ ხარ ნივთი. შენ გაქვს ასჯერ მეტი გაგება და გული, ვიდრე – მათ… მიუხედავად იმისა, რომ, შენთან განშორების შემდეგ, პრაქტიკულად, ერთი დღეც არ მქონია ბედნიერი და გახარებული, არასდროს ვიკადრებ, შენი თანდასწრებით უკადრებელი გავაკეთო და შევეხო იმ ადამიანს, რომელიც დედაა შენი და რომელიც, ვაი, რომ ყველაფერს აკეთებს შენი პიროვნების გასაწირად.
უამრავი ოჯახი ინგრევა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ წარმოუდგენელია, ვინმე ქალმა მსგავსი რამ იკადროს და შვილი ასე გაწიროს… მას ჩემთან ურთიერთობა თავისი არასწორი საქციელის გამო დაენგრა. ეს მისი პრობლემაა… შენ რას გერჩის. შენ რა დაუშავე, შვილო. რატომ, რის გულისთვის გაკარგვინებს მამას.. წარმოუდგენელია, როგორ უნდა გაუძლო ამდენ უსამართლობას.
მე ხომ ჩემი ხელით მიგიყვანე მასთან, მის ცხოვრებაში – წრფელი გულითა და სიყვარულით.. როგორ ვენდე და როგორ მწარედ შევცდი …
რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა და გითხოვია, მონატრებისგან ტკივილით ატირებულს – მამიკოსთან მინდა, მამიკოსთან გამიშვითო… საპასუხოდ, მუქარით გამშვიდებდნენ, რომ ტირილი შეგეწყვიტა … გახსოვს, მეუბნებოდი – დედასთან როდესაც ვწვები, “მამა მამა მამიკოს” ვეუბნები და ისე ვიძინებო.. ეგ შენი მონატრება მიკლავდა და მიკლავს ყოველთვის გულს. უშენოდ ერთი დღეც არ მქონია ბედნიერი. როცა შენ “მამა, მამა, მამიკოს” ამბობდი შვილო, მე “ლუკა ლუკა ლუკაჩოს” გავიძახოდი. შენი სახის გახსენების გარეშე არცერთი დილა  გათენებულა და არცერთი ღამე დაღამებულა.
ერთი წუთითაც არ მოგცეს უფლება ჩემს გვერდში დგომის, ჩემთან გაჩერების… ოთხი წელიწადია, დღე და ღამე, ქუჩა-ქუჩა დაგსდევ, ჩემო საყვარელო შვილო. ქუჩაშიც რომ აგიკრძალეს ჩემთან შეხვედრა საუბარი, სკოლაში დავიწყე სიარული შენ სანახავად – გაკვეთილებს შორის დასვენებებზე… სკოლის დერეფნებში ვხვდებოდით ერთმანეთს და იქ ვასწრებდით ყველაფერს, მონატრებულები – სიხარულს, სიყვარულს, მოფერებას, თამაშს… შენს ამხანაგებთან უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩამეყენებინე, ჩახუტების დროს, ხელის თითებით ვზომავდი – რა სიგრძე-სიგანე უნდა ყოფილიყო ჩასაცმელი, ფეხსაცმელი და ასე ვიმახსოვრებდი, რადგან უფლებას არ გაძლევდნენ, საყიდლებზე ჩემთან ერთად წამოსულიყავი… ზეპირად ვყიდულობდი. შენ კი, მისი შიშით, საჩუქრებს ჯერ მსაყვედურობდი და, შემდეგ, გემრიელად ამაყად ატარებდი …
მინდა, ერთი მომენტი გაგახსენო – ერთ-ერთ მოსვლაზე სკოლაში. ზარის დარეკვისთანავე, დერეფანში როგორც კი დამინახე, მაშინვე გამოქანდი და ჩამეკარი გულში. ბედნიერების უმაღლეს მწვერვალზე ვიყავით მამა-შვილი. შენს მეგობრებთან ერთად დაჭერობანას თამაში დავიწყეთ, მაგრამ ათწუთიანი შესვენება მალე დამთავრდა… შენ საკლასო ოთახში შედიოდი და მეხვეწებოდი – მამიკო, არ წახვიდე, დამელოდეო. მე დედაშენთან გარდაუვალ შეხვედრას მოვერიდე და გთხოვე, რომ მეორე დღეს მოვიდოდი. შენ ნაღვლიანი თვალებით შემომხედე და იმ იმედით დამემშვიდობე, რომ, მეორე დღეს, ისევ შევხვდებოდით ერთმანეთს. მე, მაშინ, ცრემლით ამევსო თვალები და უხმოდ შევევედრე ღმერთს – არასზდროს დაეშორებინა შენი თავი ჩემთვის.. ყოველ მოსვლაზე მერჩივნა, იქვე დამელია სული, ვიდრე უშენოდ წამოვსულიყავი შენგან… როცა დედაშენმა გაიგო ჩვენი ფარული შეხვედრების შესახებ, მეორე დღეს, გამხეცებული დადგა საკლასო ოთახის კართან. ზარის დარეკვისთანავე, შენ ჩემკენ გამოექანე და ჩამეხუტე. მე, შეძრწუნებულმა ამ გამძვინვარებული ქალის მოქმედებით, გითხარი, რომ ახლა უნდა წავსულიყავი და სხვა დროს მოსვლის პირობაც დაგიდე. დამშვიდობებისას, შენს თვალებში მუდარა და შიში ერთდროულად იკითხებოდა. თითქოს, მეუბნებოდი – წამიყვანე, მე შენთან მინდაო… ამ თვალების დანახვაზე გული მეკუმშებოდა. წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე წუთში, დედაშენმა დამირეკა და ისეთი არგუმენტი მოიშველია ჩემ წინააღმდეგ, რომელიც ,,ქვას გახეთქდა” – თურმე, მე შენ გარცხვენდი თანაკლასელების წინაშე. აქ უკვე ადვილი მისახვედრი იყო, რომ შენი ნახვის საშუალება სკოლაშიც მესპობოდა და, ძალიან აღელვებულმა, რამდენიმე საათის მერე, შენთან დავრეკე. სანამ პასუხს გამცემდი, კარნახის ხმა გავიგონე აშკარად და შემდეგ შენი სიტყვები; ,,მამიკო, აღარ მოხვიდე. შენ მე მეგობრებში მარცხვენ”. ამ სიტყვებმა თავზარი დამცა. დრო მოვა, გაიგებ, სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი რომ იყო ეს სიტყვები ჩემთვის. მიუხედავად ყველაფრისა, არაფერს შეურყევია ჩემში ის უწმინდესი და უძლიერესი გრძნობა, რასაც მამაშვილობა ჰქვია…
ყოველთვის, როცა დამინახავდი შენთან მოსულს, სადაც უნდა ყოფილიყო, უზომოდ ბედნიერი და გახარებული იყავი, შვილო. დამშვიდობებისას კი, სულ მთხოვდი – მამიკო, გეხვეწები, ხვალაც მოდი, ხვალაც მნახეო…
სკოლაში, მანდატურიდან დაწყებული ყველა ხელს გვიწყობდა, ერთმანეთი გვენახა…
ამაზე გამწარებულებმა, ოთხი წლის თავზე, როცა უკვე საკმაოდ წამოიზარდე, იფიქრეს და გადაწყვიტეს, უსასტიკესი არაადამიანური ზომებისათვის მიემართათ – შვილის მამაზე გადაკიდება დაპირისპირება განიზრახეს. რომ ვერ ჩაქოლეს და გაანადგურეს ეს ჩვენი ურთიერთობა, სხვა ხერხი იხმარეს, რომელიც შენკენაა მიმართული და აქ უკვე მივხვდი, უნდა შევჩერებულიყავი, თორემ შეიძლებოდა ნამდვილად ჭკუიდან გადასვლა და შურისძიება. არაფერი დატოვეს უკადრებელი,
ვერ გრძნობენ და ვერ ათვიცნობიერებენ, რას ჩადიან… როგორ გინგრევენ ფსიქიკას.
ფეხი არ დაგადგმევინეს სახლში, სადაც, შვიდ წელიწადს, ლაღად და ამაყად იზრდებოდი; სადაც მე, შენი მამიკო, ოთხი წელიწადია, დღე და ღამე გელოდები …
ათი თვის განმავლობაში, უმძიმესი დაავადებით იტანჯებოდა. ჩემი და, ,,ციცო” მეხვეწებოდა – ლუკა მომიყვანე, ერთად მინდა, გნახოთო… გემუდარებოდი, ორი წუთით მოსულიყავი და გენახა… მაგრამ შენ ვერ მოხვედი, რადგან ამის უფლება არ მოგცეს..
,, ციცო” კი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, შენ ის არ გინახავს… ასეთი არაერთი უღვთო საქციელები ჩაგადენინეს ამ ბოროტმა სულებმა… შენი გამზრდელი მოხუცი ბებია და ბაბუა, შენს მოლოდინში, აცრემლებულები ეზოს ჭიშკარს თვალს არ აცილებენ – ახლა შემოვა ჩვენი იმედი, ჩვენი ლუკაო… მაგრამ კატეგორიულად არ გაძლევენ მათთან მისვლის უფლებას. ათას მოგონილ სიბინძურეს გიყვებიან და მათი ნახვის სურვილსა და სიყვარულს უმოწყალოდ გიკლავენ გულში.
მე, მამაშენი, რომლისგანაც, სიკეთის გარდა, იოდისოდენა წყენა არ გახსოვს, სულ გთხოვდი და გემუდარებოდი, ერთი საათით მაინც მოსულიყავი ჩემთან, როცა შეძლებდი. შენ კი, ამ ოთხი წლის განმავლობაში, არც ერთხელ მოსულხარ ჩემთან – ერთი წუთითაც. შენი გადასაწყვეტი იყო და არავის ჰქონდა უფლება, მამასთან არ გამოეშვი…
ლუკა, მამიკო, კიდევ ერთ საკითხს მინდა, შევეხო. ერთხელ შენ მკითხე – დედას რატომ მილანძღავო… ახლა მინდა, გიპასუხო ამ კითხვაზე – როგორც მამაკაცი მამაკაცს გეუბნები, რომ ეს არასწორი საქციელია, მაგრამ იმდენად ვარ გაჯერებული მათი ამაზრზენი მოქმედებებით, რაც შენ გიკავშირდება, რომ ეტყობა, ხანდახან, მეც მიჭირს თავის შეკავება. არ დაგავიწყდეს, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და აა ვარ დაზღვეული შეცდომებისგან. გარდა ამისა, შენ ჩემთვის არასროს გიკითხავს, როგორ ვუძლებ შვილის წართმევას, შენთან დაშორებას, უშენოდ ყოფნას. მე ხომ არასდროს მითქვამს შენთვის, დატოვე იქაურობა და წამოდი ჩემთან-მეთქი .. პირიქით, ყოველთვის გთხოვდი – როცა შეძლებდი, კვირაში ან თვეში ერთხელ, ერთი დღით მაინც მოსულიყავი ჩემთან. ამას გთხოვდა მამა, რომელსაც უშენოდ სიცოცხლე აღარ უნდოდა .. შენთან დაშორება ვერ აიტანა და, დარდისგან გულმოკლულმა, იარაღი თავისავე მკერდზე მიბჯენით გაისროლა. თვითმკვლელობამდე მიმიყვანეს, შვილო. რა მოხდა შემდგომ? მოხდა ის, რომ სასწაულებრივად გადაურჩი ამ განსაცდელს. უფალმა დამიფარა, არ გამწირა, არ გამიმეტა სიკვდილისთვის იმიტომ, რომ ყველას და, პირველ ყოვლისა, შენ წინაშე ვიყავი და ვარ მართალი …
მითხარი, რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას, თუ ჩემთან არ მოხვალ და ჩემ გვერდში არ იქნები არასოდეს; შენს გამზრდელ ბებიასთან, ბაბუასთან, დასთან, დიშვილებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან მკვდართან თუ ერთად არ მივალთ?… რატომ, რისთვის, ან ვის გამო მკარგავ, შვილო? რატომ არ უსვამ ამ შეკითხვას საკუთარ თავს? როცა გაიზრდები და გაიგებ სიმართლეს, დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავს ვერ აპატიებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც იძულებით მიგაღებინეს. ნუთუ, ეს მონსტრი შეძლებს, დაგავიწყოს ყველაფერი – თუ როგორ იზრდებოდი ჩემთან და როგორი სიყვარულით მოვედით დღემდე.

უკვე თერთმეტი წლის გახდი. ჩვენი ბოლო შეხვედრა სკოლაში, როგორც ყოველთვის, იყო სიხარულით სავსე. იმ დღეს, ბედნიერები დავემშვიდობეთ ერთმანეთს იმ იმედით, რომ მალე ისევ გნახავდი… მაგრამ სახლში მისულს შემოგისხდნენ არაკეთილმოსურნეები და დაგარეკინეს ჩემთან – როგორც არაერთხელ, უსასტიკესი არაადამიანური განზრახვის შესასრულებლად. ამჯერად, მამა-შვილის ერთმანეთზე გადაკიდების უკანასკნელ გეგმას შეუდგნენ…
არნახული ზეწოლისა და ძალადობის მიუხედავად, ოთხი წელიწადი დასჭირდათ იმისათვის, რომ მამის სიყვარული ამოეშალათ შენი გულიდან და, ბოლოს, უარიც კი გათქმევინეს ჩემზე …
დაიმახსოვრე კარგად – ვერასდროს ვერავინ მე და შენ ერთმანეთს ვერ დაგვაპირისპირებს. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ეს არასდროს მოხდება. ღმერთმა დაიფაროს ყველა ამ განზრახვისგან. შენ არაფერი დაგიშავებია, შვილო. მე რომ მდომებოდა ცუდის გაკეთება, ვერავინ დამასწრებდა ამას და ვერავინ გაბედავდა შენ წართმევას. მაგრამ მე იმიტომ ვთქვი უარი შურისძიებაზე, დაპირისპირებაზე, რომ, სამართლიანობის აღდგენის შემთხვევაში, შენ არ დარჩენილიყავი ,,დედის ალერსის გარეშე”…შენ რომ არ დატანჯულიყავი, უფრო მეტად.
თავიანთ თავს ბინძური ზრახვებით ახარებენ და იმაზე აღარ ფიქრობენ, როგორ უმოწყალოდ გიმახინჯებენ ცხოვრებას, მომავალს… უფრო მეტად რომ არ დაგიზიანონ ნერვული სიტემა და რომ არ გააგრძელონ შენი გამოყენება…
მე გადავწყვიტე – წავიდე ,, ჩემს ტკივილებთან ერთად”… წავიდე მარტო, უშენოდ, რათა მათ ვერ შეძლონ, მომავალში, ჩემზე შურისძიებით მოწყურებულებმა შენი წამება..
კითხვაზე, თუ რატომ არ მივმართე სასამართლოს? ერთადერთი მიზეზის გამო, შვილო – სასამართლო აუცილებლად მომცემდა უფლებას, როგორც მასთან, ასევე, ჩემთანაც ყოფილიყავი კვირაში ორ-სამ დღეს… მით უმეტეს, მაშინ, 7 წლის ასაკში, სიგიჟემდე შეყვარებულს მამაზე, ვერავინ გაგიბედავდა წინააღმდეგობის გაწევას. ეს იქნებოდა, პირველ ყოვლისა, შენთვის, შენი მომავლისთვის საუკეთესო მდგომარეობა. მაგრამ ისევ შენზე ფიქრმა – ნერვიულობით, სტრესით რამე არ დაგმართნოდა, ავად არ გამხდარიყავი შვილო, რომ მორალურად არ დაეჩაგრე მათ ჩემ გამო. სწორედ ამაზე ფიქრმა მომაბრუნა სასამართლოს კარებამდე მისული. მათ კი შენ, მცირეწლოვანი ბავშვი გამოგიყენეს თავიანთი მიზნების მისაღწევად, დაგვაშორეს ერთმანეთს. არ მეგონა, ასე სასტიკად თუ მოგეგცეოდნენ და ჩაგინერგავდნენ მოსიყვარულე მამის სიძულვილს, რომელსაც უნდოდა, მხოლოდ შენთვის მოეცა ბედნიერი, ულამაზესი ბავშვობა და მომავალი. არ მჯეროდა, ჩემი ლუკას გულს თუ ვინმე შემიცვლიდა ჩემს მიმართ და დღესაც არ მინდა, დავიჯერო.
ძალიან ვწუხვარ. გული მიკვდება, ასეთ დღეში რომ აღმოვჩნდით.
ჩემი მხრიდან, ყველა შესაძლებლობა, ძალისხმევა – ჩემთანაც ყოფილიყავი,ამოწურულია.
მოვა დრო, აუცილებლად მოგიყვებიან ადამიანები, რა გამიკეთებია შენთვის, ჯერ კიდევ, დაბადებამდე და, შემდგომ, დაბადების დღიდან დღემდე.. სხვა გზა მე არ დამრჩა, შვილო. სხვა გზა არ დამიტოვეს, გარდა ერთისა – გაუსწორდე მათ. მაგრამ არა, ამაზე უარს ვამბობ, რადგან მიმაჩნია, რომ ღმერთია უზენაესი და სწორედ ღმერთი განსჯის, ის გამოუტანს ყველას საბოლოო განაჩენს.
ისეთ სიმწარეს ვგრძნობ, რომ მინდა, ჩემი საკუთარი სისხლით დავწერო, თუ როგორ უყვარხარ, უღირხარ და ჭირდები შენს მამიკოს…
ცხოვრებამ დამანახა და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს, რამხელა ტრაგედიაა და ტკივილი შვილის წართმევა. მიკვირს, დღემდე როგორ გავუძელი, როგორ გადავიტანე ეს ყველაფერი.
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, არ ვაპირებ არავისთვის სამაგიეროს გადახდას, რადგან შესაძლო შურისძიება, პირველ ყოვლისა, ზიანს, ისევ და ისევ, შენ მოგაყენებს.
ამიტომ, გადავწყვიტე, წავიდე და მარტო გავუყვე, უშენოდ, ჩემი ცხოვრების ყველაზე უმძიმეს და ტკივილით სავსე გზას.
მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად, მენატრები და იცოდე, ყოველთვის მომენატრები, ჩემო ვაჟკაცო. მამაშვილობას დიდი ძალა აქვს, რომლითაც ძლიერია მამა და უძლიერესი შვილი.
მოვა დრო, დაინტერესდები, აუცილებლად, სიგიჟემდე შეყვარებული მამიკო რატომ არ არის შენთან, შენ გვერდზე. მაშინ გაიგებ სიმართლეს – რა მოხდა და რისთვის დაგვაშორეს ერთმანეთს.
იმედი მაქვს, საღი აზროვნებით გაარჩევ ტყუილ-მართალს და მამიკოს არასდროს დაივიწყებ,
წლების შემდეგ, როცა დამოუკიდებლად შეძლებ ამ წერილის წაკითხვას და დარწმუნდები მის სრულ სიმართლეში, სამწუხარო და გულსატკენი ის იქნება, რომ შენ შეძლებ, გასცე საკადრისი პასუხი სიცრუის გამო ამ ადამიანებს. მაგრამ შენ ვერ შეძლებ იმის დაბრუნებას, რაც უმოწყალოდ წაგართვეს და შეუბრალებლად დაგაკარგვინეს – მამის სიყვარული. მამის, რომელიც აუტანელი გულისტკივილებით ცხოვრობს, რომელსაც უკიდურესად უმძიმს უშენოდ ყოფნა. მაგრამ არასდროს დაუკარგავს იმის იმედი, რომ ისევ ერთად ვიქნებით და დავიბრუნებთ იმ დაკარგულ წლეებს, თვეებს, დღეებს, წუთებსა და წამებს – უფლის წყალობით. წამოიზრდები და ჩემ გვერდით დადგები ისევე ღირსეულად, როგორც მე შევხვდი ღირსეულად შენს შემობრძანებას ჩემს ოჯახში.
თუ ვერ მოვესწარი შენს დაბრუნებას, ამაზე გული არ დაგწყდეს და თავი არაფრისთვის დაიდანაშაულო, შვილო. შენ მე სიგიჟემდე გიყვარდი ყოველთვის. სულ ერთად გვეძინა, ერთი სუნთქვით ვსუნთქავდით. შვიდ წელიწადს, ჩემს გულზე გედო თავი და სწორედ რომ ამისთვის ღირდა ჩემი ცხოვრება. მადლობა უფალს შენთან გატარებული ყოველი წუთისთვის.  ჩემი შენდამი სიყვარული არასოდეს გაქრება. მოდი, ოღონდ, არ შეგეშინდეს შვილო, თუ ცოტა გაგიციეს გულში მამის სიყვარული. როცა შემხვდები, განგიახლებ, გაგითბობ გულს და ჩემი უსაზღვრო სიყვარული ორივეს გვეყოფა, ორივეს გაგვათბობს.
ყველა სიკეთეს გისურვებ, რაც შეიძლება, ადამიანმა ინატროს… თავს გაუფრთხილდი, ჩემო ვაჟკაცო. ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს, ჩემო სულო და გულო.

ნამდვილად მაქვს და სიცოცხლის ბოლომდე მექნება მოლოდინი იმ დღისა, როცა შემოაღებ ჩვენი სახლის კარს და მეტყვი – მამა, მე შენ ძალიან მიყვარხარ.
ლუკაჩო, მამიკო!!! “, – წერს წერილის ავტორი.

კომენტარები

სხვა სიახლეები