მეცნიერები: ადამიანებმა, 40 წლის ზემოთ, კვირაში 3 დღე უნდა იმუშაონ

40 წლის ზევით ადამიანები შრომის საუკეთესო შედეგს აღწევენ, როდესაც კვირაში მხოლოდ 3 დღეს მუშაობენ. ეს დასკვნა ავსტრალიელმა მეცნიერებმა გააკეთეს, – წერს „ბი-ბი-სი“. გავრცელებული ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობა დაახლოებით 3000 მამაკაცმა და 3500 ქალმა, ასაკით 40 წელზე ზევით მიიღო.
მელბურნის ინსტიტუტის მეცნიერების კვლევის შედეგად გაირკვა, რომ არასრული სამუშაო კვირის რეჟიმში, გადაღლის და სტრესების არარსებობის პირობებში ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც კვირაში 25 საათს მუშაობდნენ, შრომის დიდ შედეგს აჩვენებდნენ.
„სამუშაოს შეიძლება ორი მხარე ჰქონდეს. ერთი მხრივ, ის ტვინის აქტივობის სტიმულირებას ახდენს, მაგრამ, ამავე დროს, გარკვეული ამოცანების დამუშავებამ შეიძლება გადაღლის და სტრესის პროვოცირება მოახდინოს. ეს კი, თავის მხრივ, შემეცნებით უნარებზე ნეგატიურად აისახება“, – ნათქვამია კვლევაში.
სპეციალისტების მტკიცებით, ამოცანების გადამუშავებამ ტვინის ფუნქციონირებას შესაძლოა, უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე საერთოდ სამუშაოს არარსებობამ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს დასკვნები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდას გეგმავენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები