მეტროში ქუჩის მუსიკოსს სასტიკად გაუსწორდნენ: “ორმა ბიჭმა კედელზე თავი მიარტყმევინა და გაიქცა”

 ჟურნალისტი ლიკა გურაბანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემზარავი ინციდენტის შესახებ ყვება, რომელიც გუშინ სადგურის მოედნის მეტროსადგურში მოხდა. გურაბანიძე ფაქტის თვითმხილველია და როგორც ის წერს, უცნობი პირები მეტროში მდგარ მუსიკოსს თავს დაესხნენ ფულის გამოძალვის მიზნით:

“არ ვიცი საიდან დავიწყო. დღეს საღამოს 9:15 წუთზე მეტროთი საბურთალოს ხაზიდან გადმოვდიოდი. საბურთალო და ცენტრალური ხაზის დამაკავშირებელ გვირაბში ვიყავი, როცა ყვირილის ხმა გავიგე. ორმა მოზარდმა კიბეები ხმაურით ამოირბინა და გვირაბის მეორე მხარეს გაიქცა. მაშინვე ავუჩქარე ნაბიჯს, მივხვდი, ცენტრალურ ხაზზე რაღაც ცუდი ხდებოდა. კიბეებზე ჩასვლის დროს ერთ ადგილზე შეკრებილი ხალხი დავინახე.

ძირს ახალგაზრდა მამაკაცი იწვა, სახელად ზაზა (პატრული ასე მიმართავდა). მოკლედ, ზაზას ორმა ბიჭმა კედელზე თავი ხელისკვრით მიარტყმევინა და გაიქცა (ეს სწორედ ის ბიჭები არიან ვინც მე გაქცევის მომენტში დავინახე). ბიჭი გათიშული იყო და გონს ვერ მოყავდათ. სასწრაფო მალე მოვიდა და პატრულთან ერთად ზაზას გონზე მოყვანას შეეცადა. რაც შეეხება მის გაცოცხლებას, სასწრაფომ სამი ნემსი (ვენასა და მაჯაზე) გაუკეთა.

არ მინდა დამავიწყდეს ერთი გოგო, რომელიც თავიდან ბიჭის ახლობელი მეგონა იმიტომ, რომ მისი ხელი ეჭირა, თურმე თვითმხილველი ყოფილა.

როგორც ამ გოგომ მითხრა, ყველაფერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო და სავარაუდოდ, ის ბიჭები ზაზას ფულს სთხოვდნენ.

პატრულმა როგორც თქვა, ახალგაზრდა მამაკაცი თავისუფლების მოედანზე ნაქირავებში ცხოვრობს და ვაგზლის გადასასვლელში გიტარაზე უკრავს. მოვდიოდი გზაში და ვფიქრობდი იმ ორ ლაწირაკზე, რომელმაც ცხოვრების “მარტივი” გზა აირჩია და ეს ბიჭი ასე გაიმეტა.

P.S ზაზას ამ ფოტოში თავქვეშ ის “სიმდიდრე” უდევს, რისი საშუალებითაც ყოველდღიურ საარსებოს შოულობს” – წერს გურაბანიძე პირად გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები