ლუბა ელიაშვილი: გიორგი გაბუნიას უკბილო ხუმრობამ ვერც ჩემი რწმენა შეარყია და არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი

გიორგი გაბუნიას მაყურებელი არ გახლავართ, მაგრამ ბოლო დროინდელი აურზაურის შემყურე, იძულებული გავხდი მენახა და ყურადღებით მომესმინა მისი კომენტარი, რომელმაც ე.წ. “მარშელების” აღშფოთება გამოიწვია. მისმა უკბილო ხუმრობამ, ჩემი რწმენა ვერც შეურაცხყო, ვერც შეარყია და არც შეურაცხყოფილად მიგრძვნია თავი. თუმცა, ის კომენტარი არ მომეწონა და სრულიად უადგილოდ ჩავთვალე. რაც შეეხება “ქართული მარშის” რეაქციას, მხოლოდ ის აზრი გამიჩნდა, რომ თავად არ არიან მტკიცენი რწმენაში, რადგან მუშტების ქნევითა და აგრესიით უპირისპირდებიან, თუნდაც შემცდარ მოყვასს.
რაც შეეხება ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას, ან სხვისი ქონების დაზიანებას. ეს უკვე კანონით დასჯადი ქმედებაა და ამგვარი დანაშაულის ჩადენა ვისაც უმტკიცდება, იმ კონკრეტულმა პირებმა აუცილებლად პასუხი უნდა აგონ. ერთხელ და სამუდამოდ, რათა აღიკვეთოს კანონით აკრძალული მეთოდებით გალაშქრება გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. მხარს ვუჭერ “რუსთავი 2″-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას მომხდართან დაკავშირებით. იმასაც გთხოვთ, კოლეგებო, მაქსიმალურად მოერიდოთ იმ თემებზე ხუმრობას, რომელიც ადამიანებისთვის ძალზე სენსიტიურ საკითხებს ეხება. ალბათ ცხადად გამოვხატე ის, რომ აქ მოვლენების საგნობრივი გაშუქება არ მიგულისხმია.
ბოდიშს გიხდით დიდაქტიკური პასაჟებისთვის. არავის დაჭერა არ მიხარია. გული მტკივა და ამიტომ დავწერე ამხელა უსტარი.
კეთილი სურვილებით რიგითი ჟურნალისტი და მოქალაქე.”- წერს ლუბა ელიაშვილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები