“კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს – არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე”

დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ბრიფინგს რუსუდან შარაძე გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამირან გამყრელიძე და მისი მეუღლე შვილის საფლავზე დიდ დროს ატარებენ, ახლა კი იძულებულია, საზოგადოებას მოუწოდოს, არ წავიდნენ აღდგომის დღეებში სასაფლაოებზე და მოერიდონ მსგავს თავყრილობებს:

„ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი. ბატონი ამირანიც, მაგრამ განსაკუთრებით, მისი მეუღლე, სულ იქ არიან. აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე. ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი. მე კიდევ ისე არ ვინცობ, როგორც მას ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს – არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი! არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე“, – წერს რუსუდან შარაძე.

გამყრელიძემ გუშინ მოუწოდა საზოგადოებას, აღდგომის დღესასწაულებზე თავი შეიკავონ სასაფლაოებსა და ეკლესიებში სიარულისგან:

“წელს ეს აღდგომა სხვა ფორმატში ჩავატაროთ. ნუ წახვალთ ლიტურგიაზე! ნუ წახვალთ ეკლესიაში! ეს 4 დღე ქვეყნისთვის კრიტიკულად რთულია. მომავალი 7 დღე ბრწინვალე შვიდეულის დღეებია, როდესაც ჩვენს მიცვალებულებთან მივდიოდით და პატივს მივაგებდით მათ ხსოვნას, მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი ლოცულობენ, რომ არ დაგვემართოს ის, რაც სხვა ქვეყნებს დაემართა, სადაც დღესაც ასეულობნით ადამიანი იღუპება, ეს ჩვენ არ გვჭირდება”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნლი ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები