კანიბალი, რომელმაც თანაკლასელის სისხლი დალია, ექიმი გახდა

16 წლის ასაკში რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკის მკვიდრმა, ბორის კონდრაშინმა თანაკლასელი ჯერ მოკლა, დაანაწევრა, შემდეგ კი მისი სისხლი დალია. ამის მერე ათი წელი მან დახურულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა. იქიდან გამოსვლის შემდეგ კი თავისივე ქალაქში, კლინიკაში თერაპევტად მოეწყო.
შემზარავი შემთხვევის შესახებ რუსული მედია იუწყება.
1998 წელს კონდრაშინმა საშინელი დანაშაული ჩაიდინა. 16 წლის მოზარდმა, რომელიც თავის თავს ბნელი ძალების მსახურს და ვამპირს უწოდებდა, ბინაში თანაკლასელი შეიტყუა და მოკლა. ამის შემდეგ მან ცხედარი დაანაწევრა, შინაგანი ორგანოები ამოიღო, ღვიძლი შეჭამა და გულიდან სისხლიც დალია.
მომხდარის შესახებ მალევე გახდა ცნობილი და ახალგაზრდა მანიაკი დააკავეს. მეცხრე კლასელმა გამომძიებლებს აუხსნა, რომ მკვლელობა ბნელი ძალების სადიდებლად ჩაიდინა. შედეგად, სასამართლომ ის შეურაცხადად ცნო და ათი წლით ფსიქიატრიულ ცენტრში გამოკეტა.
ათი წლის შემდეგ კი მკვლელი ფსიქოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ გამოუშვეს. თავისუფლებაზე კონდრაშინმა მოიწყინა და ბავშვობის ოცნება გაახსენდა. აღმოჩნდა, რომ მას ყოველთვის სურდა ექიმი გამხდარიყო. ეს კი მარტივი აღმოჩნდა: საჭირო იყო მხოლოდ ყალბი დიპლომის ყიდვა და ჩელიაბინსკის საქალაქო საავადმყოფოში მუშაობის დაწყება. ყოფილ მანიაკს სამუშაო მოეწონა. ის სამედიცინო ფორუმებზეც კი დარეგისტრირდა და პროფესიული რჩევების დარიგებაც გულუხვად დაიწყო. იქ კი ის ადგილობრივმა ფსიქიატრმა შეამჩნია და მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა „კოლეგაში“ თავისი პაციენტი ამოიცნო. ამის შემდეგ, კონდრაშინი შეამოწმეს და როგორც იქნა დააკავეს. ამ მომენტისთვის მან ექიმად უკვე ერთი წელი იმუშავა.
ჩხრეკის დროს მას აკრძალული ნივთიერებები აღმოუჩინეს და ახლა ის პატიმრობაშია ნარკოტიკების შეძენა-შენახვის და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით. ამასთან, ახლა სამართალდამცველები​ მანიაკის წარსულის მქონე თერაპევტის სამედიცინო პრაქტიკის დეტალების გამოიკვლევას ცდილობენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები