ინტერვიუ განოს მეგობართან – “კაფეში ვიყავით, დამირეკეს და განო მიხვდა…”

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. მისი მეუღლე და მეგობრები ჯერ კიდევ ვერ შეეჩვივნენ იმ აზრს, რომ კოტე აღარ არის, თუმცა წყვილის სამეგობროს წინაშე ამ ტრაგედიის პირველივე დღიდან ძალიან მნიშვნელოვანმა პრობლემებმა იჩინა თავი. პირველ რიგში, ფინანსურმა საკითხებმა, ვინაიდან კოტესა და განოს ბინა იპოთეკით ჰქონდათ დატვირთული და ფეხმძიმე განო ვერ მოახერხებდა დიდი კრედიტის გადახდას. საბედნიეროდ, მეგობრებმა ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ განოსა და მის შვილებს საკუთარი ჭერი ჰქონოდათ. ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ ამ პრობლემის გადაწყვეტა საკუთარ თავზე აიღო და კოტე თოლორდავას ოჯახს დიღომში სამოთახიანი ბინა აჩუქა, რის შესახებაც განომ ეკა ხოფერიას თოქშოუს საშუალებით შეიტყო. კოტესა და განოს დიდი ხნის მეგობარს, ნინი დედალამაზიშვილს, ამ ყველაფრის შესახებ საუბარი ვთხოვეთ.

– მართალი გითხრა, არც ერთ ჩვენგანს ჯერ კიდევ არ აქვს გააზრებული, რა მოხდა. დილა რომ თენდებოდა, იმ პერიოდში, ფაქტობრივად, განოსთან ვცხოვრობდი, ყველას გვეგონა, რომ ეს ამბავი დაგვესიზმრა. გადმოსვენების პროცესი იწელებოდა… ბევრად გვჯეროდა იმის, რომ ეს ტყუილი იყო. დიდი ხანი გაგვიჭირდა ამ შოკიდან გამოსვლა. კოტე იყო ის ადამიანი, რომლის გარეშეც არავინ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ და რა გავაკეთოთ. ჩვენს წრეს ვგულისხმობ, ყველას პრობლემების მომგვარებელი და ამბის გამზიარებელი იყო. ყველაზე მეტად მომენატრება მისი პირველი სიტყვები, როდესაც რაღაც პრობლემით ვურეკავდი, ”არ ინერვიულო”. ასე ამ სიტყვებს ვერავინ მეტყვის.… ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ უპატრონოდ დავრჩი. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, იმ წამიდან მაქვს ეს შეგრძნება, რაც გავიგე, რომ კოტე აღარ არის. დღეს ვიაზრებ, რამხელა ძალა ყოფილა ჩვენთვის.

– შენ მოგიწია განოსთვის ამ ტრაგედიის შესახებ თქმა.
– კაფეში ვიყავით ბავშვებთან ერთად. ჩვენ ყველაზე ბოლოს გავიგეთ ეს ამბავი. იქ მყოფი ადამიანები ძალიან უცნაურად გვიყურებდნენ და მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც მოხდა. დამირეკეს და მითხრეს ეს საშინელი ამბავი, სახეზე შემეტყო და განო მიხვდა, რომ კატასტროფა მოხდა. დღემდე ვერ ვხვდები, რანაირად ვუთხარი. ეს არ იყო ტიპური შეყვარებული ცოლ-ქმარი, ერთობლიობა იყო, ერთი ორგანიზმი. რაც ეს ამბავი გავიგე, გარდა იმისა, რომ ვტიროდი კოტეს, განოსაც ვტიროდი. ამბობენ, რომ ყველას ეშველება მიცვალებულის გარდაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ არის.

– თავდაპირველად ამ ტრაგედიის გამოხმაურებაც არ იყო სასიამოვნო…
– ჩემი სათქმელი ისაა, რომ ძალიან არაჯანსაღი დამოკიდებულება იყო ამ ფაქტისადმი. არავინაა დაზღვეული არაფრისგან. ადამიანები ვერ ხვდებიან, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო სტატუსებით როგორ სტკენენ გულს სხვებს. ჩემთვის გაუგებარი იყო, რას აძლევდათ გარდაცვალების მიზეზებზე ასე საუბარი, როცა ასეთი ტრაგედია მოხდა. ბევრი სხვადასხვა აბსურდული ვერსია დაიწერა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. იმაზე არაფერს ვამბობ, პირველივე დღიდან განოსგან რომ უნდოდათ კომენტარი. ამ ტრაგედიის შემდეგ ბევრი რამ სხვა-ნაირად დავინახე.

– მეგობრებს რაიმე თუ გაქვთ სათქმელი გადმოსვენებასთან დაკავშირებულ გაუგებრობებზე?
– კონკრეტულად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ბევრი გაუგებრობა იყო, უპასუხისმგებლოდ აიღეს ვალდებულებები. საბოლოო ჯამში, ძალიან დროულად გამოჩნდა დავით ნარმანია და არა იმ მიზნით, როგორითაც ხალხი ჩნდება ხოლმე ასეთ დროს. მერიამ აიღო საკუთარ თავზე გად-მოსვენების ხარჯების დაფარვა.

– მეგობრები ძალიან დაუდექით გვერდში განოს….
– მინდა, რომ ზუსტად ასე დაწერო. ეს არ მიუთითებს, როგორი კარგი მეგობრები ჰყავს განოსა და კოტეს, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ კოტეს ძალიან ბევრი ჰქონდა ჩადებული თითოეულ ჩვენგანში. ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით, სულ ფეიერვერკებს აწყობდა, ყოველდღიურად ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად იყო ჩართული, ახლა ვხვდები მისი რჩევების სისწორეს. ბევრ რამეზე ვკამათობდით, ბევრი რამ არ მოსწონდა, ახლა კი ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ მართალი იყო. მახსოვს, ”მგზავრებს” პირველი კლიპი მან გადაგვიღო. ეს საქმეს რაც შეეხება, მაგრამ ბევრი ადამიანური მომენტია, რომელსაც ვერ მოვყვები. ჩვენი თავგანწირვის მიზეზი და მიზანი იყო, მოგვეგვარებინა ის პრობლემა, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა სიცოცხლის დროს.

Rating

– ანუ ბინის პრობლემა მოგვარდა. როგორ მოახერხეთ ეს?
– ”არქი ჯგუფის” პიარი, ქეთი არველაძე, არის ძალიან მაგარი გოგო, ნოე სულაბერიძე პირველივე წამიდან იდგა ჩვენ გვერდით და ეკა ხოფერია – ამ სამ ადამიანს დავასახელებ, რომლების მიმართ მადლობის თქმა ალბათ ჩვენი მხრიდან მცირედია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეკა ხოფერია არის ტელეწამყვანი, რომელმაც აქედან შოუ არ გააკეთა. მას არც უფიქრია, რომ ბინის გადაცემის მომენტში განო იქ უნდა ყოფილიყო, რომ კამერას მისი რეაქცია დაეფიქსირებინა და ამით შოუ გაკეთებულიყო. ამას განსაკუთრებული ხაზგასმით ვამბობ.

– განომ მართლა ტელევიზიით გაიგო ბინის შესახებ?
– მართლაც ასე იყო. განო პირველივე წამიდან აპროტესტებდა, როცა ანგარიშის ნომერი გავრცელდა. თავად მოვაგვარებ პრობლემებსო, მაგრამ ორსულად არის და ისეთი ინტენსივობით ვერ იმუშავებდა, გვინდოდა, რომ ბავშვზე ეფიქრა, რომელიც რამდენიმე თვეში დაიბადება. ძალიან ცოტა იყო ისეთი ადამიანი, რომ ასეთ საჩუქარზე განოს ჩართულობის გარეშე წამოსულიყო. ეკასთვის კი მნიშვნელოვანი იყო პრობლემის მოგვარება და არა შოუს გაკეთება. განოს თავს ისეთი ტრაგედია ხდება, რომ ვერ გეტყვი, რა რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი პრობლემა და საფიქრალი მოეხსნა.

განო ფეხმძიმობის მეოთხე თვეშია. ექოსკოპია აჩვენებს, რომ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს. კოტემ ამ გასაჭირში მარტო არ დატოვა, იმას ვგულისხმობ, რომ ფეხმძიმობისას ქალი ეგოისტი არ ხარ და კოტემ არაეგოისტურ მდგომარეობაში დატოვა….

– ნინი, რა ბედი ეწევა ბინას, სადაც განო ახლა ცხოვრობს?
– ახალ ბინაში, დიღომში, განო ზაფხულის ბოლოს გადავა. რაც შეეხება ბინას, სადაც ახლა ცხოვრობენ, ბანკმა რამდენიმე თვით პროცენტები გააჩერა და დიდი მადლობა ამისთვის. ვერავის ვერაფერს მოვთხოვთ და ბანკი ალბათ ბანკურად მოიქცევა, წაიღებს ბინას.

წყარო:http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები