ინგლისში ჩვილის სამჯერ დაკრძალვამ ტერეზა მეიც კი აღაშფოთა

ხუთი კვირის ლეა ოლდრიჯის ოჯახი იძულებული გახდა, ჩვილის დაკრძალვის ცერემონია სამჯერ ჩაეტარებინა. მიზეზი კი ის არის, რომ პოლიცია მის სხეულს და ორგანოებს ნაწილ-ნაწილ აბრუნებდა. ლეა ოლდრიჯი საკუთარმა მამამ 2002 წელს შემთხვევით მოკლა. უკანასკნელი დამკრძალავი ცერემონია ორი კვირის წინ გაიმართა.
2002 წელს, ინგლისში ახალდაბადებული ლეა ოლდრიჯი ტვინში სისხლის ჩაქცევის გამო დაიღუპა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მისი მამა ენდრიუ აშურსტი ატირებული ბავშვის დამშვიდებას ცდილობდა და მას ზედმეტად აქტიურად აქანავებდა. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, სასამართლომ მამაკაცი უნებლიეთ ჩადენილი მკვლელობის მუხლით გაასამართლა და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლეას ცხედარი კი ოჯახს დაკრძალვისთვის გადასცეს.
ტრაგიკული ინციდენტიდან 15 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვის ორგანოების ნაწილი კვლავ პოლიციაში ინახება. ისინი ლიას ოჯახის წევრებს გადასცეს, რის გამოც, მშობლები იძულებულნი გახდნენ დამკრძალავი ცერემონია ხელმეორედ, 2017 წელს გაემართათ. ერთი თვის უკან კი ცნობილი გახდა, რომ გოგონას ღვიძლი ისევ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებთან ინახებოდა. შედეგად, ოჯახს მესამე ცერემონიის გამართვა მოუწია.
ამ ისტორიამ დიდი ბრიტანეთის საზოგადოება აღაშფოთა. პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და არსებულ სიტუაციას საშინელი უწოდა. მან საზოგადოებას განუცხადა, რომ ეს შემთხვევა მან პირად კონტროლზე აიყვანა. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები