“იმ ბიჭს მივბაძე, ბავშვებს აუზი რომ დაუდგაო”, – რა სიკეთის გაკეთება ვერ მოასწრო დიმიტრი ტატიშვილმა

“მე კიდევ ერთს მოგიყვებით და ეს ამბავი არავინ იცის. სამწუხაროდ, მისი წასვლის შემდეგ მიხდება მის კიდევ ერთ სიკეთეზე საუბარი”, – ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელმა, თამარ უჯმაჯურიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე დიმიტრი ტატიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაწერა.
როგორც მან აღნიშნა, დიმიტრის დახმარებისთვის მიმართა, რაზეც ის დაუფიქრებლად დასთანხმდა, პასუხად კი ასეთი რამ მიიღო: იმ ბიჭს მივბაძე, ბავშვებს აუზი რომ გაუკეთაო.
“დიმიტრი ტატიშვილი საქართველოს ბავშვებისთვის დამონტაჟებული აუზით დაამახსოვრდა. მე კიდევ ერთს მოგიყვებით და ეს ამბავი არავინ იცის. სამწუხაროდ, მისი წასვლის შემდეგ მიხდება მის კიდევ ერთ სიკეთეზე საუბარი.
სულ მალე, დამწყებ დიზაინერთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა უნდა გამეკეთებინა. ადგილიც შერჩეული გვქონდა და მონაწილეებიც.
სამზადისი ზაფხულში, ივნისის თვიდან დავიწყე. ყველაფერი რიგზე იყო, რჩებოდა მხოლოდ ერთი უსერიოზულესი პრობლემა – განათება იყო აუცილებელი. მივიკითხ-მოვიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ განათება ძალზე ძვირი ფუფუნება ყოფილა და მინიმუმ 2000 ლარი იყო ამისთვის საჭირო. მივხვდი, რომ ვიღუპებოდი.
სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყველგან განათებაზე ვლაპარაკობდი, ვეძებდი ნაცნობებს, მეგობრებს, ვისაც ცოტა იაფად შეეძლო ჩვენი პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, ერთმა გოგომ ტელეფონის ნომერი მომცა, დაურეკე, კეთილი ადამიანია, განათებაც აქვს და იქნებ დაგეხმაროს, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენოო.
იმავე საღამოს ვრეკავ, მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, ვისთან. უბრალოდ, კეთილ ადამიანთან ვრეკავ, მეტი არაფერი ვიცი.
რამდენადაც მოვახერხე, დალაგებულად ავუხსენი მდგომარეობა და მერე პირდაპირ ვაჯახე: ფული არ გვაქვს, მაგრამ ქართულ საქმეს ვაკეთებთ და უნდა დაგვეხმაროთ-მეთქი. და გავისუსე, პასუხის მოლოდინში.
– დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით, – იყო პასუხი. წამიც არ დასჭირვებია დასაფიქრებლად. ოღონდ ცოტა დრო უნდა მომცეთ, ჩემს შოურუმს ვაკეთებ და მალე მოვრჩებიო. მერე ტერიტორია მანახეთ და დავიწყოთო.
საიდან ხართ ასე კეთილი-მეთქი, ვკითხე. იმ ბიჭს მივბაძე, ბავშვებს აუზი რომ გაუკეთაო. ხედავთ, როგორი გადამდებია სიკეთე-მეთქი? გაეცინა და დამემშვიდობა.
სამი დღის შემდეგ გავიგე, სწორედ იმ კაცს რომ ველაპარაკებოდი, ბავშვები რომ აუზით გაახარა.
დღე-დღეზე უნდა შევხმიანებოდი…
ნათელში იყავი, კეთილო ადამიანო! უფალთან მისასვლელ გზას იმ ბავშვების სიხარულით ანთებული თვალები გაგინათებს! ღმერთმა დაიფაროს შენი კეთილი სული!
და მაინც…რატომ ტოვებენ შენნაირები სამყაროს ადრე, რატომ?!”,-წერს თამარ უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები