იაპონიაში საოცრება შექმნეს: ფორტეპიანოზე დაკვრა თვალების საშუალებით შეიძლება (ვიდეო)



იაპონური უნივერსიტეტის ცუკუბას სპეციალისტებმა უნიკალური სისტემა შექმნეს, რომელიც კლავიშებზე შეუხებლად ფორტეპიანოზე დაკვრის საშუალებას იძლევა. ამ ინფორმაციას იაპონური მედია იტყობინება.

ფორტეპიანოზე დაკვრის წინ „პიანისტმა“ სპეციალური სათვალე უნდა გაიკეთოს, რომელიც მგრძნობიარე მაჩვენებლების საშუალებით თვალის მოძრაობა აფიქსირებს. ფორტეპიანოზე დაკვრის მსურველი თავის წინ კლავიშებს ხედავს, რომლებიც არა ცალკეულ ნოტს, არამედ მთელ აკორდს აღნიშნავს. დამკვრელმა კი შესაბამისი პერიოდულობით ამ აკორდებზე მზერა უნდა შეაჩეროს, რათა მათ გაიჟღერონ. ეს მეთოდი ჯერჯერობით მხოლოდ აკორდების დაკვრის საშუალებას იძლევა, ეს საკმარისია იმისთვის, რომ ნაკლებად რთულ სიმღერებს მსურველმა აკომპანირება გაუწიოს.

მოწყობილობის დემონსტრაცია დღეს ტოკიოს ერთ–ერთ სკოლაში მოხდა, რა დროსაც ექსპერიმენტის მონაწილე 17 წლის შშმ მოსწავლემ სკოლის ქოროსთან ერთად „თვალებით“ საშობაო ჰიმნი „”Joy to the World” და „”Silent Night” შეასრულა. აღსაღნიშნავია, რომ დამსწრეთა შორის იაპონიაში აშშ–ს ელჩი კეროლაინ კენედიც იმყოფებოდა, რომელმაც ამ სიახლეს „საოცარი გამოგონება“ უწოდა.

ცუკუბას უნივერსიტეტში თვლიან, რომ მათი შექმნილი მოწყობილობა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის საშუალებას მისცემს უნარშეზღუდულ პირებს , რომლებსაც მანამდე მსგავსი შესაძლებლობა არ ჰქონიათ. სპეციალისტების განცხადებით, უახლოეს პერიოდში ისინი აპირებენ შექმნან ანალოგიური სისტემა, რომელიც სხვა ინსტრუმენტებზე, მათ შორის გიტარაზე ხელების გარეშე დაკვრის საშუალებას შექმნის.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Q9KRd-647wg[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები