თბილისში 23 წლის ქალი ექიმებმა სახლში ამშობიარეს – „ახალშობილი პლედში გავახვიეთ“

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა მორიგი მშობიარობა მიიღეს.
პატარა ვაჟკაცი და მისი დედა ამჟამად პირველ სამშობიაროში იმყოფებიან და თავს კარგად გრძნობენ. როგორც ახალშობილის დედა ამბობს, შვილს გურამს დაარქმევს – მამის პატივსაცემად.
ყველაფერი კი 112-ში შემოსული ზარით დაიწყო. პაციენტი მუცლის ტკივილს უჩიოდა. 1018 ბრიგადა მისამართზე დაუყოვნებლივ გავიდა. ადგილზე მისულებს 23 წლის გოგონა დახვდათ, რომელსაც მშობიარობა უკვე დაწყებული ჰქონდა.
„რომ მივედით, მშობიარობა დაწყებული იყო. ოპერატიულად ვიმოქმედეთ. გოგონას ყველა საჭირო მითითებს ვაძლევდით, ჩავატარეთ პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი მანიპულაცია და ძალიან მალე ქვეყანას პატარა ვაჟკაცი მოევლინა. დაახლოებით, 3,200 კგ იქნებოდა. სრულიად ჯანმრთელი ბიჭუნა იყო. მშობიარობას გოგონას მეუღლე და დედა დაბნეულები ადევნებდნენ თვალს. ძალიან გულისამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი. ახალშობილი თბილ პლედში გავახვიეთ და სასწრაფოდ საავადმყოფოსკენ გავეშურეთ, სადაც უკვე გველოდებოდნენ კლინიკის ექიმები. სწრაფად მოქმედებდა ჩვენი მძღოლი და საავადმყოფოში ძალიან მალე მივედით“, – იხსენებს უფროსი ექიმი რუსუდან გვაჯავა.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებს პატარა ვაჟკაცს და მის დედას.
(იხილეთ ფოტო: 1018 ბრიგადა – უფროსი ექიმი რუსუდან გვაჯავა, უმცროსი ექიმი თათია ადამია, მძღოლი სოსო აფციაური)

 

კომენტარები

სხვა სიახლეები